ამბები

18:10 | 1.03.2015 | ნანახია 5575 - ჯერ

იტალიამ ახლოს არ გაგვიკარა

საქართველოს ნაკრებს ესპანეთის ძლევით მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილამდე აღზევება შეეძლო, მაგრამ ამისათვის აუცილებელ პირობას იტალიის ედინბურგში წაგება იყო. “მარიფილდზე” კი ერთგვარი სენსაცია დაფიქსირდა და იტალიამ შოტლანდია 22:19 დაამარცხა.

შეხვედრის მე-80 წუთი მიდიოდა, როდესაც მასპინძლებმა ჩათვლის მოედნის სიახლოვეს სტუმართა სახიფათო მოლი განზრახ ჩააქციეს და ირლანდიელმა არბიტრმაც საჯარიმო ლელო უყოყმანოდ დააფიქსირა. მანამდე ანგარიში 19:15 იყო, ლელო ტომაზო ალანმა გარდასახა, საბოლოო შედეგი დააფიქსირა და შოტლანდიაც 2015 წლის ექვს ერზე “ხის კოვზის” მთავარ კანდიდატად იქცა.

თამაში მასპინძლებისთვის იღბლიანად დაიწყო. გრეიგ ლეიდლოუმ ანგარიში პირველსავე წუთზე ჯარიმით გახსნა, შვიდ წუთში იტალიელმა კელი ჰეიმანმა ბურთი მარკ ბენეტის ჩააბარა და მანაც ლელომდე უპრობლემოდ ირბინა. ლეიდლოუს დარტყმის შემდეგ ტაბლოზე 10:0 აენთო. მაგრამ იტალია ასე იოლად დანებებას არ აპირებდა და ერთ წუთში ჯოშუა ფურნოს ლელოთი უპასუხა, რომელიც კარგად გათამაშებულ დერეფანს მოყვა. მომდევნო 10 წუთში სქოთების ორ ჯარიმას იტალიელებმა ერთით უპასუხეს და მასპინძლები 16:8 იგებდნენ, თუმცა შესვენებამდე სტუმრებმა მეორე ლელო გაიტანეს. ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ ჯოვანბატისტა ვენდეტიმ მარცხენა ძელთან ბურთი დაამიწა, ამჯერად ჰაიმონას გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი 16:15 დასრულდა.

მეორე ტაიმში დიდი ხნის განმავლობაში დაძაბული, მაგრამ უქულო ბრძოლა მიმდინარეობდა. ანგარიში 66-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც შოტლანდიამ ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე ბენ ტულისი სინბინით დაისაჯა, სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს, თავში ნახსენები მოლი ააგორეს და მატჩის დასრულებამდე 28 წამით ადრე გამარჯვების მომტანი საჯარიმო ლელოც დაიმსახურეს - 22:19 იტალიელთა სასარგებლოდ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.170105