ამბები

16:11 | 1.03.2015 | ნანახია 4404 - ჯერ

რუსეთი შეწყვეტილი სერიით მოდის

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქე რუსეთმა, რუმინეთი კრასნოდარში დაძაბულ ბრძოლაში 16:13 დაამარცხა და ამ გუნდთან ექვსწლიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მეოთხე ტურში, “დათვები” “ბორჯღალოსნებს” 14 მარტს “მიხეილ მესხზე” ეწვევიან და კიდევ ერთი, ამჯერად 22-წლიანი სერიის შეწყვეტას ეცდებიან. მაგრამ რუსეთისთვის ერთია რუმინეთთან თამაში და მეორე საქართველოს წინაშე გამოსვლა, მით უმეტეს თბილისში, თუმცა, სერიის გასაგრძელებლად აუცილებელია, რომ საქართველოს ნაკრებმა იმაზე უკეთ ითამაშოს, ვიდრე განვლილ სამ ტურში გერმანიასთან, პორტუგალიასთან და ესპანეთთან.

რაცშეეხება კრასნოდარის მატჩს, ანგარიში მე-14 წუთზე მასპინძლებმა რამილ გაისინის ჯარიმით გახსნეს, რის შემდეგაც უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა. ისინი ფეხით ზურგში კიდებდნენ ბურთს, იქ მცველებს ავიწროვებდნენ და უპირატესობას იღებდნენ. ჩაბა გალმა ბურთი ფეხით რომ შეიცურა, არტიომოვი იძულებული გახდა ის საკუთარ ლელოში დაემიწებინა, რუმინეთმა 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია, ვალენტინ კალაფეტიანუ ორ მცველს დაუსხლტა და ლელო გაიტანა. მანვე გარდასახვაც გამოიყენა და ტაიმის მიწურულს ჯარიმაც ზუსტად შეასრულა. არადა, სიტუაცია სალელოვე შეტევის ანალოგიური იყო და მეორე ლელოს გატანაც შეიძლებოდა, რაც მასპინძლებს ბოლოს მოუღებდა, ასე კი, ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძლების აქტიურობით დაიწყო და მალე რუმინელი სინბინით დაისაჯა. მერე რუსებმა ჯარიმა გაათამაშეს, კაცნაკლული დაცვის ხაზი იოლად გაკვეთეს და დენის ანტონოვმა ლელო გაიტანა. გაისინმა ზუსტ გარდასახვას ორი ჯარიმა მიაყოლა და ანგარიში 16:10 გახდა. დასკვნით 20 წუთში სიტუაცია დაიძაბა, რუმინელებმა ჯარიმით 61-ე წუთზე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ბოლოს რამდენჯერმე ჯარიმის კარში დარტყმას და ანგარიშის გათანაბრებას ლელოზე თამაში არჩიეს, შედეგად, უქულოდ დარჩნენ და რუსეთმაც მათთან მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მესამე ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში დებიუტანტმა გერმანიამ პორტუგალიას ლისაბონში დიდი წინააღმდეგობა გაუწია. პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ლელო გავიდა, მეორეში მასპინძელთა ორ ჯარიმას სტუმრებმა ერთით უპასუხეს და მართალია უქულოდ დარჩნენ, მაგრამ მისაღები შედეგით კი ნამდვილად დამარცხდნენ - 3:11.

რაგბი ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი

III ტური. 28 თებერვალი

რუსეთი 16:13 რუმინეთი

ესპანეთი 13:26 საქართველო

პორტუგალია 11:3 გერმანია

საქართველო 3 3 0 0 110:36 13 1
რუმინეთი 3 2 0 1 79:34 11 3
რუსეთი 3 2 0 1 82:78 9 1
ესპანეთი 3 1 0 2 64:75 5 1
პორტუგალია 3 1 0 2 36:60 5 1
გერმანია 3 0 0 3 32:121 0 0

მომდევნო ტური. 14 მარტი

საქართველო - რუსეთი

გერმანია - რუმინეთი

პორტუგალია - ესპანეთი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081939