საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მესამე ტურში ესპანეთი მადრიდში 26:13 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში კუთვნილი პირველი ადგილი დაიბრუნა.
გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში სასიხარულოა, თუმცა “ბორჯღალოსნებმა” გულშემატკივარი წარმატებებს ისე მიაჩვიეს, რომ ესპანეთის დარი გუნდის მხოლოდ დამარცხება საკმატისი არაა. 2015 წელი მსოფლიო თასის რომაა, სექტმებრე-ოქტომბერში ქართველებისგან საუკეთესო თამაშს ველით და ამ თამაშის კონტურების ხილვა ქომაგს ახლავე სურს, მაგრამ წელს ჩატარებული სამი თამაში იდეალურისგან ძალიან შორს იყო.
დიახ, ერთა თასზე სამივე თამაში მოვიგეთ, მაგრამ სამივეში დავუშვით უამრავი შეცდომა და გამარჯვებები მორაგბეთა მაღალმა სათამაშო კლასმა განაპირობა, თორემ შეცდომები უამრავი იყო და ამ შეცდომებს არცერთი ჩვენი დონის გუნდი არ გვაპატიებდა. სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ფაზები აკინძეს და ტრადიციულ, ძალისმიერ სტილში მოპოვებული უპირატესობა ლელოებით დაასრულეს, თორემ იყო უამრავი შეცდომა. რომ არაფერი ვთქვათ ტექნიკურ წუნზე, კვლავ არ იმუშავა დერეფანმა და ამის გამო არაერთი ბურთი დაიკარგა, ეს კი, დიდ გუნდებთან თამაშისას აუცილებლად პრობლემა იქნება.
მაგრამ ამ ყველაფერს ობიექტური ახსნაც აქვს. ტრავმების გამო ნაკრებს არაერთი ლიდერი აკლია და მათი სრულფასოვნად შეცვლა ვერ მოხერხდა; ერთა თასზე მილტონ ჰეიგმა გამართლებულ ექსპერიმენტებს მიმართა და თამაშის დალაგება გაჭირდა; გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი, რაც არ უნდა ბევრი ვემზადოთ, იმ კატეგორიის გუნდები ვერ არიან, რომელთანაც თამაშსაც საქართველოს ნაკრების წევრები სრული მოტივაციით შეხვდებიან. ერთა თასის დასრულებამდე ქართველებს კიდევ ორი თამაში აქვთ ჩასატარებელი და ორივე პრინციპულ მეტოქესთან - რუსეთთან და რუმინეთთან და თუ სრულად ვერა, ამ მატჩში ნაწილობრივ მაინც უნდა გამოჩნდეს ის, რაც საქართველოს ნაკრებს რეალურად შეუძლია.
იშვიათი გამონაკლისის გარდა, ესპანეთთან თამაში, მით უმეტეს სტუმრად, ყოველთვის გვიჭირდა. წელს, როდესაც “ლომები” ფრანგი, ახალ ზელანდიელი, არგენტინელი და იტალიელი მორაგბეებით გაძლიერედა, ცხადი იყო, რომ იოლი თამაში არ გველოდა, მაგრამ პრობლემები საკუთარ თავს თავად შევუქმენით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და შეცდომებს უდისციპლინობაც მივაყოლეთ. მაგრამ კარგად ითამაშა ჩვენმა შერკინებამ, გუნდმა საჭირო მომენტებში მობილიზება მოახერხა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მისალმება წესივრად დასრულებული არ გვქონდა, როდესაც დავჯარიმდით (21-ე წამზე) და ბრედლი ლინქლეითერმა გასატანი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა. მე-3 წუთზე ზელანდიელმა ესპანელმა მეორედ მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება, მაგრამ ცენტრიდან ბურთმა კარამდე არ მიაღწია, თუმცა, ის კოტე მიქაუტაძემ ვერ შეიმაგრა და 5-მეტრა შერკინება დაინიშნა. აქ ქართველთა უპირატესობა თვალსაჩინო იყო და საბრთხის განეიტრალება იოლად მოხერხდა.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე გადავიდა და მიუხედავად შეცდომებისა, მე-11 წუთზე შერკინებაში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც მერაბ კვირიკაშვილმა 3 ქულად აქცია. მალე მეტოქე მოლში დავჩაგრეთ, მერე ლაშა ხმალაძემ ხაზი გაჭრა, თუმცა მიყოლამ დააგვიანა და გადაცემა მცველმა ჩაჭრა, ხოლო მე-19 წუთზე მასპინძლებმა ჩვენს 22-ში შემოაღწიეს და ჯარიმის უფლება მიიღეს, მაგრამ ისე გათავხედდნენ ბურთი აუტში გადაიტანეს და ლელოს გატანა სცადეს. რათქმა უნდა ესპანელთა მოლს შედეგიანი შეტევა არ მოყოლია.
23-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი კარგი შეტევა განახორციელა, ხელდახელ ჩვენი ნახევრიდან მეტოქის 22-ში შევედით, კარგად ითამაშეს ხმალაძემ და დავით კაჭარავამ, მაგრამ ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ისევ შეცდომა და უპირატესობა გამოუყენებელი დარჩა. ორიოდე წუთში კვლავ “ბორჯღალოსნები” ცდილობდნენ შეტევას, როდესაც რაქიდან გამოვარდნილი ბურთი გიომ რუემ აიტაცა და გაიქცა, მას სანდრო თოდუა დაეწია, მაგრამმარჯვენა ფლანგი დაუცველი დარჩა, გადაცემა ხულენ გოიას მიუვიდა და მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა. ლინქლეითერმა გარდასახვა ზუსტადშეასრულა - 10:3.
განახლდა თამაში და ქართველთა მონდომება შედეგზეც აისახა, მრავალგაზიანი შეტევისას რამდენჯერმე გაიჭრა დაცვის ხაზი, ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში რაქიდან ბურთი ზურაბ ჟვანიამ აიტაცა, იქვე შეუტია და ჩათვლის მოედანში შეცურდა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა. მერე მასპინძელთა ფულბეკმა კარის წინ 38 მეტრიდან ჯარიმა ააცილა, სამაგიეროდ, 34-ე წუთზე ასპროცენტიანმა კვირიკაშვილმა 40 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები პირველად დააწინაურა, თუმცა, სამიოდე წუთში ლინქლეითერმაკარის წინ 22 მეტრიდან ჯარიმით წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 13:13 დასრულდა.
“ბორჯღალოსნებმა” მეორე ტაიმშიც 13 ქულის აღება შეძლეს, თანაც თავად ქულა აღარ გაუშვეს. თამაში რომ განახლდა მერაბ შარიქაძემ ხაზი გაჭრა და ბურთი თამაზ მჭედლიძეს გააყოლა, მაგრამ მას ის წინ დაუვარდა. სამაგიეროდ, ესპანეთი თავისივე შერკინებაში დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა საქართველოს კვლავ წინ გაიყვანა. თამაში სტუმართა კარნახით გაგრძელდა, მაგრამ ელემენტარულმა შეცდომებმა მისი ქულებში ასახვის საშუალება არ მოგვცა. ესპანეთს აღარაფერი რომ არ გამოსდიოდა, თამაშის არევა განიზრახა და პროვოკაციებს მიმართა. 58-ე წუთზე, მსაჯის სასტვენის შემდეგ ტიბო ვიზენსანგიმ წაქცეული კოტე მიქაუტაძე მაისურით დაითრია, პროვოკაციას უმალ წამოეგნენ დანარჩენი ქართველები და როცა ესპანელმა შარიქაძეს მუშტი მოუქნია, ყბაში ისეთი დარტყმა მიიღო ფეხზე ვეღარ გაჩერდა.
მცირე შეხლა-შემოხლა ქართველთა სრული გამარჯვებით დასრულდა, მსაჯებმა იმსჯელეს და რეფერიმ გიორგი ნემსაძე გაასინბინა, რომელსაც ეპიზოდთან არაფერი აკავშირებდა. ამან ესპანეთს ვერ უშველა, შერკინებას ფლანკერად მჭედლიძე დაემატა, მასპინძლები დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილმა 64-ე წუთზე ახლო მანძილიდან ანგარიში 19:13 გახადა. “ლომები” ავანტურაზე წავიდნენ და არეული თამაში წამოიწყეს, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ და შეცვლაზე ორი წუთის შესული ლევან დათუნაშვილი ბურთზე ხელის განზრახ ჩარტყმისთვის სინბინით დაისაჯა. ლინქლეითერმა 40 მეტრიდან ააცილა, თუმცა 13 ქართველის რიგებში სივრცეები რომ გამოჩნდა, ესპანელმა უკანახაზელებმა ხაზის გაჭრა სცადეს და შიგადაშიგ უპირატესობები შექმნეს, მაგრამ ქართველებმა კარგად დაიცვეს თავი და ბოლოს თავად შეუტიეს.
დრო იწურებოდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მოკლე დარტყმებით მასპინძლები ჩათვლის მოედანს მიაჯაჭვა, ლელოს ხაზიდან 1 მეტრში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი კაჭარავამ აიტაცა, ჩათვლის მოედანში გადახტა და კვირიკაშვილმაც თამაში ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა - 26:13.
ტურის სხვა მატჩებში რუსეთმა რუმინეთი 16:13 დაამარცხა, ხოლო პორტუგალიამ გერმანიას 11:3 მოუგო.
რაგბი ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი
III ტური. 28 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 13:26 (13:13)
ესპანეთი: 15. ბრედლი ლინქლეითერი, 14. ხულენ გოია, 13. მარკოს პოხი, 12. ტიბო ვიზენსანგი, 11. სერხიო ობანელი, 10. დენ სნი (პაბლო ფონტესი), 9 გიომ რუე; 1. ფრანკ ლაბე (ლორენცო ორტისი 71), 2. ბენიატ აუსკი, 3. ხესუს მორენო (ფერნანდო ლოპესი 57), 4. დავიდ გონსალესი, 5. ხესუს რეკვერდა, 6. გოტიე ჟიბუენი, 7. იგნასიო ვილიანუევა (ხავიერ დე ხუანი 57), 8. ხაიმე ნავა.
1 ლელო: გოია
1 გარდასახვა: ლინქლეითერი
2 ჯარიმა: ლინქლეითერი
1 სინბინი: დე ხუანი (63)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა (22. ალექსი ხუციშვილი 73), 10. ლაშა ხმალაძე (23. გიორგი აფციაური 76), 9. ვაჟა ხუციშვილი (21. ვასილ ლობჟანიძე 59); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. კარლენ ასიეშვილი 59), 2. ზურაბ ჟვანია (16. სიმონ მაისურაძე 45), 3. ლევან ჩილაჩავა (18. ანტონ ფეიქრიშვილი 59), 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (19. ლევან დათუნაშვილი 63), 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ლაშა ლომიძე (20. გიორგი ჩხაიძე 67).
2 ლელო: ჟვანია, კაჭარავა
2 გარდასახვა: კვირიკაშვილი
4 ჯარიმა: კვირიკაშვილი
2 სინბინი: ნემსაძე (58), დათუნაშვილი (65)
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)
რუსეთი - რუმინეთი 16:13
პორტუგალია - გერმანია 11:3
1. | საქართველო | 3 | 3 | 0 | 0 | 110:36 | 13 |
2. | რუმინეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 79:34 | 11 |
3. | რუსეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 82:78 | 9 |
4. | ესპანეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 64:75 | 5 |
5. | პორტუგალია | 3 | 1 | 0 | 2 | 36:60 | 5 |
6. | გერმანია | 3 | 0 | 0 | 3 | 33:121 | 0 |
მომდევნო ტური. 14 მარტი
საქართველო - რუსეთი
გერმანია - რუმინეთი
პორტუგალია - ესპანეთი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია