საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 13:13 დასრულდა და გამარჯვების მოსაპოვებლად ქართველ მორაგბეებს მეორე ტაიმში ნაკლები შეცდომის დაშვება მართებთ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის ერთი მატჩი უკვე დასრულდა და რუსეთმა რუმინეთი 16:13 დაამარცხა. ამრიგად, “ბორჯღალოსნებს” მადრიდში გამარჯვებით სატურნირო ცხრილის სათავეში აღზევების შანსი ეძლევათ, მაგრამ პირველ 40 წუთში ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამით მასპინძლებმა ისარგებლეს.
ესპანეთის ორჯერ დაწინაურდა - ჯერ ბრედლი ლინქლეითერის ჯარიმით და მერე ხულენ გოია-ირიბერის ლელოთი და იმავე ბრედლის გარდასახვით. ქართველებმა პირველ ჯერზე ანგარიში მერაბ კვირიკაშვილის ჯარიმით, ხოლო მეორეზე ზურაბ ჟვანიას ლელოთი და კვირიკაშვილის გარდასახვით აღადგინეს. მერე კვირიკაშვილმა სტუმრები ჯარიმით დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე ჯარიმა ესპანეთმაც გაიტანა და მეორე ტაიმში ყველაფერი თავიდან იწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია