ტესტ-მატჩები

12:45 | 17.03.2016 | ნანახია 1002 - ჯერ

კანადას ენსკომბი გაწვრთნის

კანადის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი კვლავ ახალზელანდიელი სპეციალისტი, კერძოდ მარკ ენსკომბი გახდება.

შეგახსენებთ, რომ 2008-წლიდან 2016 წლამდე, კანადელებს ასევე ზელანდიელი კირან ქროული ავარჯიშებდა და ამ პერიოდში ჩრდილოამერიკელები ხუთჯერ შეხვდნენ „ბორჯღალოსნებს“. კანადაში ორივე თამაში მასპინძლებმა მოიგეს, თბილისში ქართველებმა ორჯერ აიღეს რევანში, ხოლო შარშან, მსოფლიო თასის წინა გასახურებულ მატჩში, ინგლისში გამარჯვება კვლავ მეტოქეს დარჩა.

მას შემდეგ, რაც ქროული სამუშაოდ იტალიურ „ბენეტონში“ გადავიდა, კანადელების დროებით მწვრთნელად ფრანგი ფრანსუა რატიე დაინიშნა.

ახლა მას ენსკომბი შეცვლის, რომელიც აქამდე ირლანდიურ „ოლსტერს“ ავარჯიშებდა და ახალი ზელანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. აღსანიშნავია, რომ მარკის შვილი გარეტ ენსკომბი „კარდიფ ბლუზისა“ და უელსის ეროვნული ნაკრების ფულბეკია.

ზაფხულის ტესტ-მატჩებზე კანადელები იაპონიას, რუსეთსა და იტალიას ეთამაშებიან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088094