რაგბი ევროპის ჩემპონატი 2015 ახალი დასრულებული იქნება, როდესაც სტარტს აიღებს ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის გათამაშება.
ამ დივიზიონში 8 ახალგაზრდული გუნდი იღებს მონაწილეობას (დიდი 6-ერი და 2 რაგბი ევროპა), რომელშიც უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” 2012 და 2013 წლებში ზედიზედ იტალიის თანატოლთა ნაკრების დამარცხებით მე-6 ადგილი და შესაბამისად, ტურნირზე შესარჩევის გარეშე მონაწილეობის უფლება დაიმსახურეს.
შარშანდელ გათამაშებაში კი, იტალიელებმა გვაჯობეს და მე-7 ადგილი დავიკავეთ.
წლევანდელი ტურნირი 26 მარტიდან 5 აპრილამდე ტულუზაში გაიმართება. პირველ შეხვედრას 18 წლამდელები ირლანდიის ნაკრებთან 27 მარტს გამართავენ.
ჩვენმა 18-წლამდელებმა წინა-სატურნირო შეკრება 21 თებერვალს შევარდენზე დაიწყეს, რომელიც 28 თებერვლამდე გასტანს.
გუშინ, უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” პირველი სპარინგ-მატჩი დასავლეთ საქართველოს სარაგბო აკადემიის 18-წლამდელებთან (ქუთაისის ჯგუფი) გამართეს სპარინგ-მატჩის ფოტოები >>>.
შეკრების დასრულებამდე, 27 თებერვალს, დაგეგმილია რაგბის კლუბ “არმაზის” ესპუარებთან კიდევ ერთი სპარინგის გამართვა.
“თამაშიდან თამაშამდე სამდღიანი ინტერვალი განზრახ გვაქვს აღებული, ვინაიდან ტურნირზეც ასეთი შუალედებით ვიასპარეზებთ“, - განაცხადა 18-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა.
ელიტ-დივიზიონის გათამაშების დაწყებამდე, უმცროსი “ბორჯღალოსნები” კიდევ ორ სავარჯიშო შეხვედრას 18 და 21 მარტს გამართავენ. მათი მეტოქე ამჯერად ფრანგული ტოპ-14-ის “კლერმონის” თანატოლთა და ესპუართა გუნდები იქნებიან.
“მიმაჩნია, რომ ტურნირზე კარგად მომზადებულები ჩავალთ, რაშიც “კლერმონთან” გასამართი ორ-მატჩიანი სპარინგი ნამდვილად დაგვეხმარება. მინდა გითხრათ, რომ მასპინძლები საკმაოდ სერიოზულად ემზადებიან ჩვენთან სათამაშოდ“, - დასძინა უმცროსი “ბორჯღალოსნების” მწვრთნელმა მამუკა ტყეშელაშვილმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია