ამბები

15:13 | 24.02.2015 | ნანახია 1494 - ჯერ

ელიტისთვის რამდენიმე იბრძოლებს

საფრანგეთის მესამე დონის, ნახევრადპროფესიული ფედერალ 1-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 2 ტური რჩება. ტრადიციულად, არიან გუნდები, რომელთაც ერთი, ან ორი გადადებული თამაში აქვთ, თუმცა, მთლიანობაში, რამდენიმე გუნდმა უკვე გაინაღდა Pro D2-ში ასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება, რამდენიმე კი, მიზანთან ძალიან ახლოსაა.

შეგახსენებთ, ფედერალ 1-ში 40 გუნდი ოთხ ჯგუფში თანაბრადაა გადანაწილებული. ორწრიანი რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი ოფში გადის, რომლის თითოეული ეტაპის ორ რაუნდად ტარდება, ფინალისტები კი, მეორე ელიტარული დივიზიონის საგზურს იღებენ. ფედერალ 1-ის 22 გუნდში 34 ქართველი ლეგიონერი თამაშობს და სასიხარულოა, რომ მათმა ნაწილმა პლეი ოფის საგზური უკვე მოიპოვა, ნაწილი კი, ამ უფლებისთვის იბრძვის.

პირველი ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლა გაინაღდა გიორგი ჩხაიძისა და გიორგი სორდიას “ლილმა”, რომელსაც დავით ბოლღაშვილი წვრთნის. მეორე ტურში ლილელებმა სტუმრად 26:22 დაამარცხეს ირაკლი ნატრიაშვილისა და გიორგი მენაბდიშვილის “ტულე”. ჩხაიძემ შერკინების მეორე ხაზში თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. სტუმართა შორის 68-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა სორდიამ. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს ნატრიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ “ლილი” 44-ე წუთისთვის 26:3 იგებდა და პრემიალური ქულის აღებაზე ფიქრობდა, მაგრამ დასკვნით 15 წუთში 3 ლელო თავად გაუშვა, მარცხს გადაურჩა და მასპინძლებსაც პრემიალური ქულა დაუტოვა. აღებული 4 ქულის შემდეგ, “ლილს” ჯამში 48 მოუგროვდა, მეორე ადგილზეა და რადგან მე-5 ადგილს 12 ქულა აშორებს, პლეი ოფში თამაშიც უკვე დაიბევა. მიუხედავად ამისა, გუნდს დასკვნით მატჩებშიც მოუწევს ბრძოლა, რათა გადათამაშებაში უკეთესი პოზიციით გავიდეს და პირველ ეტაპზე შედარებით სუსტ მეტოქესთან მოუწიოს თამაში. “ტულე” 28 ქულით მე-8 ადგილზეა.

ამავე ჯგუფში თამაშობს ფედერალ 1-ის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი “ნევერი”, რომელიც 16 მოგებით და 73 ქულით პირველ ადგილზეა. ლიდერმა განვლილ ტურში ავთო კოპალიანის “ბობინი” 28:16 დაამარცხა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო, ხოლო მისი გუნდი 21 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.

პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის “ლიმოჟი”, რომელმაც სტუმრად ირაკლი ნინიძის “ლორმონი” 27:23 დაამარცხა და 44 ქულით მე-3 ადგილზეა. ნინიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, სტუმართა განაცხადში მხოლოდ კაზალიკაშვილი იყო, ის შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა და 77-ეზე მეტოქის მორაგბესთან ერთად სინბინით დაისაჯა. “ლიმოჟს” 15 წუთში სამი ლელო ჰქონდა გატანილი და 17:0 იგებდა, მაგრამ 50-ე წუთზე უკვე 17:20 აგებდა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა უპირატესობის დაბრუნება და მნიშვნელოვანი 4 ქულის აღება მაინც მოახერხეს, რადგან პლეი ოფში გასასვლელად ახლა მათ ორიდან ერთი თამაშის მოგებაც მოგებაც ეყოფათ. “ლორმონი” 19 ქულით ბოლო ადგილზეა.

42 ქულით მეოთხე ადგილზეა რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის “მონლიუსონი”, რომელმაც თედო ზიბზიბაძისა და გიორგი ოზგებაშვილის “პერიგო” 35:27 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ გიგაური იყო და შუამარბის პოზიციაზე შეუცვლელად გაისარჯა. “მონლიუსონი” მდევარს 6 ქულით უსწრებს და წესით პლეი ოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. “პერპინიანი” 30 ქულით მე-6 ადგილზეა.

გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “ბერჟერაკი” საკუთარ მოედანზე “ლიბურნთან” 17:34 დამარცხდა. გაბელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს შეცვალეს. დასკვნითი წუთებში შეცვლაზე ითამაშა ჟღენტმა. “ბერჟერაკი” 36 ქულით მე-5 ადგილზეა და ეს თამაში რომ მოეგო, პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი ექნებოდა, ასე კი, სასწაულის იმედად უნდა იყოს.

მეორე ჯგუფს 55 ქულით საბა ქართველიშვილის “შამბერი” ლიდერობს, რომელმაც განვლილ ტურში აუტსაიდერი, თემურ გელანტიას “ტრიკასტინი” პრემიალური ქულით, 42:0 დაამარცხა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 21:0 იყო. “შამბერი” უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს და დიდი ალბათობით პლეი ოფში პირველი ადგილით გავა. “ტრიკასტინი” 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

ასტამურ იოსელიანის “რომანმა” მიხეილ გაჩეჩილაძისა და რევაზ ბელქანიას “კარკერანი” სტუმრად 29:13 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 47 ქულით “ბურგ-ან-ბრესთან” მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. გაჩეჩილაძემ მესამე ხაზში სრულად ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს კვაჭი ბელქანია, ხოლო იოსელიანი თამაშში ასევე 50-ე წუთიდან ჩაერთო. “რომანმა” საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე საჯარიმო ლელო გაიტანა, ამ მაჩვენებლით 4:1 დაწინაურდა და მნიშვნელოვანი ბონუს-ქულა მიითვალა. “კარკერანი” 15 ქულით მე-9 ადგილზეა.

საპლეიოფო ზონას 2 ქულა აშორებს და 45 ქულით მე-5 ადგილზეა გურამ კავთიძის “მაკონი”, რომელიც საკუთარ მოედანზე “შალონთან” 18:20 დამარცხდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. კავთიძემ ტრავმირებული რუმინელი ბურჯი პოპესკუ მე-18 წუთზე შეცვალა, ამ დროს მის გუნდი 9:0 იგებდა და 35-ე წუთზე მეოთხე ჯარიმაც გაიტანა, მაგრამ შესვენებამდე კაცნაკლული მეტოქესგან ლელო გაუშვა (12:7). მეორე ტაიმი რომ დაიწყო “შალონი” 17:12 დაწინაურდა, “მაკონიმ” ორი ჯარიმით 72-ე წუთზე უპირატესობა დაიბრუნა (18:17), მაგრამ 3 წუთში ჯარიმა თავადაც გაუშვა და მარცხი განიცადა.

ნოდარ ჭეიშვილის “ლა სეინიმ” მეორეადგილოსანი “ობნა” (49 ქულა) სტუმრად 18:14 დაამარცხა. ქართველი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, 32 ქულით მე-8 პოზიციაზეა. დავით ბალანჩივაძის “ლა ვულტი” “ბურგ-ან-ბრესთან” საკუთარ მოედანზე 6:18 დამარცხდა და 36 ქულით მე-7 ადგილზეა. ქართველ ლეგიონერს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

მესამე ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს დევი დათუნაშვილისა და ტარიელ დონაძის “როდეზს”, რომლის მატჩიც “კასტანესთან” 15 მარტისთვის გადაიდო. “როდეზს” ორი გადადებული თამაში აქვს, 35 ქულით მე-6 ადგილზეა (14 თამაშიდან) და საპლეიოფო ზონას 8 ქულა აშორებს, რისი აღმოფხვრაც სავსებით შესაძლებელია, მით უმეტეს, რომ 8 მარტს ის კონკურენტს (“ლანგონს”) საკუთარ მოედანზე მასპინძლობს.

მეოთხე ჯგუფში მოწინავე 4 ადგილს ქართველი ლეგიონერების გუნდები იკავებენ. განვლილ ტურში ლიდერი, ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსის”, საკუთარ მოედანზე უახლოეს მდევართან, თორნიკე ლომიძის “ოშთან” 15:16 დამარცხდა. სამივე ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო, პატარაიამ სრულად ითამაშა, ზაქაშვილი 46-ე წუთზე, ხოლო ლომიძე შესვენებისას შეცვალეს. სტუმრები თითქმის მთელი მატჩი ლიდერობდნენ, 79-ე წუთზე ჯარიმა გაუშვეს და ჩამორჩნენ, მაგრამ ბოლო შეტევისას თავადაც მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება, ბურთმა ძელებსშუა გაიარა და “ოშმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ამ გუნდებს 15-15 თამაში აქვთ ჩატარებული და “ექს-ან-პროვანსი” 65 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ოში” 50 ქულით მეორეა.

14 თამაშიდან 40 ქულა აქვს და მესამეა ლაშა მალაღურაძის “ბანიერი”, რომელმაც განვლილ ტურში “ბლანიაკი” 27:10 დაამარცხა. ქართველმა მგეზავმა პორტუგალიასთან მატჩში მხრის ტრავმა მიიღო და განაცხადში არ იყო.

37 ქულით მეოთხეა სიმონ მაისურაძის “ვალანსი”, რომელიც ბექა ბურდიაშვილის “გროლესთან” 16:17 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ბურდიაშვილმა შეცვლაზე 42-ე, ხოლო მაისურაძემ 57-ე წუთიდან ითამაშა. სტუმრებმა ლელო-გარდასახვა 63-ე წუთზე გაუშვეს, ქულით ჩამორჩნენ და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. “ვალანსი” მდევარს 2 ქულით უსწრებს, მაგრამ “ოლორონს” 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ქართველის გუნდს ოთხეულში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება.

“გროლე” 22 ქულით მე-9 ადგილზეა და მას 4 ქულით და ერთი ადგილით უსწრებს ლადო გუნიავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “აგდე”. ამ გუნდმა “ოლორონი” 30:26 დაამარცხა. გუნიავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. ფედერალ 1-ის მომდევნო ტურის თამაშები 8 მარტს გაიმართება, მომავალ შაბათ-კვირას კი, რამდენიმე გადადებული შეხვედრა შედგება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092221