პირველი ელიტარული დივიზიონის მსგავსად, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro d2-ის 21-ე ტურშიც ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო დანარჩენები მასპინძელთა გამარჯვებით.
თამაშებში ეროვნული გუნდიდან კლუბებში ერთი კვირით მიბრუნებულმა ქართველმა ლეგიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა. კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბიმ” ლიდერს, გიორგი ნაცარაშვილის “პოს” უმასპინძლა და 23:23 დაუზავდა. განაცხადში ოთხივე ქართველი იყო, მაგრამ კობერიძეს თამაშში ჩართვა არ მოუწია. ორივე გუნდის ბურჯი მირცხულავა და ნაცარაშვილი შეუცვლელად გაისარჯა, ხოლო მეორეხაზელი ნემსაძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და დასკვნითი 40 წუთი ითამაშა.
“ტარბიმ” პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და ერთი გაუშვა, მაგრამ ხშირად რომ ჯარიმდებოდა 14:17 ჩამორჩა. მეორე ტაიმში სტუმართა ორ ჯარიმას მასპინძლებმა სამით უპასუხეს და საბოლოოდ ფრე დაფიქირდა - 23:23. ამ შედეგმა “პოს” უპირატესობის გაზრდის საშუალება მისცა, ახლა მას 74 ქულა აქვს და მეორეადგილოსანს 16 ქულით უსწრებს. “ტარბი” 42 ქულით მე-12 პოზიციაზე რჩება.
მეორე ადგილზე თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” დაწინაურდა, რომელმაც ერთ-ერთი კონკურენტი “ბიარიცი” 12:3 დაამარცხა. გარემარბმა მჭედლიძემ სრულად ითამაშა, ხოლო ბურჯი თეთრაშვილი შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა. “აჟენმა” პირველმა გაუშვა ჯარიმა, მერე თავად ოთხი გაიტანა და ახლა 58 ქულა აქვს.
“აჟენის” წინსვლა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანის” მარცხმა განაპირობა, რომელსაც “ბურგონმა” 22:3 აჯობა. ბასილაიამ სტუმართა შორის შეცვლაზე დასკვნითი 12 წუთი ითამაშა. “პერპინიანი” 55 ქულით მესამეა.
ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანმა” “ნარბონს” ხუთი უპასუხო ლელო გაუტანა, პრემიალური ქულით 29:0 დაამარცხა და 54 ქულით მე-4 ადგილამდე დაწინაურდა. ვეტერანსმა ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა. აღსანიშნავია, რომ 60 წუთის შემდეგ ტაბლოზე 0:0 იყო და “მონ-დე-მარსანმა” ხუთი ლელოს გატანა დასკვნით 20 წუთში მოახერხა.
ლაშა ლომიძის “ბეზიემ” “დაქსს” 29:15 მოუგო და 4 ლელო გაუტანა, მაგრამ თავად ორი გაუშვა და პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა. მასპინძლებმა ოთხივე ლელო პირველსავე ტაიმში გაიტანეს და 29:3 დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ქულა ვეღარ აიღეს, თავად ორი ლელო მიიღეს და ერთი ქულა დაკარგეს. ლომიძემ შეცვლაზე 67-ე წუთიდან ითამაშა. მისი “ბეზიე” 48 ქულით მე-9 ადგილზეა და საპლეიოფო მე-5 ადგილს 5 ქულა აშორებს.
მე-5 ადგილს 53 ქულით ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი” იკავებს, რომელიც ქართულ დერბიში სტუმრად ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასისთან” 25:34 დამარცხდა. მატჩში რვიდან ექვსმა ქართველმალეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო სუთიაშვილი, რომელიც 70-ე წუთზე სისხლზე შეცვალეს და 4 წუთში მოედანს დაუბრუნდა. თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო აშვეთიამ და ის 33-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა. სტუმართა შორის პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა შარიქაძემ, დათუნაშვილი შეცვლაზე 50-ე, ხოლო ტრავმა მოშუშებული ხატიაშვილი 67-ე წუთზე შევიდა.
33-ე წუთისთვის სტუმრები 19:8 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და ტაიმი 15:19 დათმეს. “მასი” 53-ე წუთზე ორი გატანილი ჯარიმით დაწინაურდა და ორიოდე წუთში ლელო-გარდასახვით უპირატესობა გაამყარა (28:19). “ორიაკმა” ჯარიმით ორჯერ შეამცირა ჩამორჩენა 6 ქულამდე, მაგრამ მასპინძლებმა ორივეჯერ ჯარიმით უპასუხეს და სტუმრები უქულოდ დატოვეს. “მასიმ” ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით 34 ქულას მოუყარა თავი, მე-13 პოზიციაზე რჩება და გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს.
ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” “კარკასონთან” 13:24 დამარცხდა. სტუმრებმა ტაიმი 3:14 დათმეს, 48-ე წუთზე შეცვლაზე შეყლაშვილი შევიდა და მალევე მასპინძლებმა ლელო-გარდასახვით უპირატესობა გაზარდეს. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 76-ეზე ლელო გაიტანეს და გარდასახვაც გამოიყენეს, მაგრამ ეს 1 ქულის ასაღებადაც არ იყო საკმარისი. “ალბი” 50 ქულით მე-8 ადგილზეა.
Pro d2-ის XXII ტურის თამაშები 28 თებერვალსა და 1 მარტს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია