11:52 | 17.03.2016 | ნანახია 1034 - ჯერ

„ა“ ლიგაში ლიდერები გამოიკვეთნენ

საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა „ა“ ლიგაში, სადაც 1998/1999 წლებში დაბადებული ახალგაზრდები თამაშობენ, პირველი ეტაპის მესამე ტურის თამაშები გაიმართა და გამოიკვეთა ის გუნდები, რომლებიც მეორე ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ.

პირველ, „ა“ ჯგუფში, რომელიც ოთხიდან ერთადერთია, სადაც ხუთი გუნდი გამოდის, ქუთაისის „აია 1“-მა მეორე თამაშშიც დიდი სხვაობით გაიმარჯვა. ამჯერად ქუთაისელებმა საჩხერის „ჯრუჭს“ უმასპინძლეს და 91:0 სძლიეს. შედეგად, ისინი ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ ჯგუფს. 10 ქულა აქვს, ოღონდ სამი თამაშიდან ბოლნისის „ყოჩებს“, რომელიც კონკურენტთან, გორის „ჯიქთან“ 5:15 დამარცხდა. „ჯიქს“ 9 ქულა აქვს, ოღონდ ორი თამაშიდან.

„ბ“ ჯგუფში“ მესამე თამაში მოიგო თბილისის „წიქარამ“, რომელმაც ამჯერად ქუთაისში „აია 2“ 34:0 დაამარცხა და მაქსიმუმი - 15 სატურნირო ქულა მოაგროვა. სამი მოგებით და 13 ქულით მეორე ადგილზე თბილისის „ლელო“. წინა ორი თამაში გუნდს უპრემიოდ ჰქონდა მოგებული, ახლა კი, ვანის „არგოს“ პრემიით სძლია - 58:8. ტურის მესამე მატჩში თბილისის „თიბისიმ“ ქუთაისის „ბაგრატს“ 15:9 სძლია. სტუმრებმა პრემია აიღეს და ჯამში 6 ქულა აქვთ, მაგრამ მოწინავე გუნდებს ალბათ, ვეღარ დაეწევიან, მით უმეტეს 4-4 ქულიანი „აია 2“ და „თიბისი“.

„გ“ ჯგუფსაც ორი ლიდერი ყავს, ოღონდ მესამე ჯერაც ბრძოლაში რჩება. მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში, დედაქალაქურ დერბიში „ლოკომოტივმა“ „ხულიგანას“ 22:6 მოუგო და რაც მთავარია, პრემიალური ქულაც ჩაიწერა. შედეგად, „ლოკომოტივი“ 15 ქულით პირველია, „ხულიგანა“ 10 ქულით მესამე პოზიციაზეა და 22 ნოემბერს გადამწყვეტი ბრძოლა ელის. მისი კონკურენტია ასევე თბილისური „არმიაა“, რომელმაც პატარძეულის „ვეფხვებს“ 45:5 აჯობა, პრემიაც ჩაიწერა და 14 ქულით მეორე ადგილზე გამაგრდა. ლიდერთა დავაში ვერ ჩაერევიან თელავის „კახეთი“ და ხაშურის „ლეგიონი“. ამ გუნდების ჯახი თელავში კახელების გამარჯვებით დასრულდა - 18:13. ხაშურელებმა პირველი ქულა აიღეს [პრემიალური].

„დ“ ჯგუფში პრაქტიკულად ყველაფერი გარკვეულია. აქ ლიდერებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს - რუსთავის „ხარებმა“ „ბათუმი“ 34:0, ხოლო „იუნკერი ჩოხოსნებმა“ ქობულეთის „პონტო“ 31:18 დაამარცხეს. რუსთაველები ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ [15], „იუნკერი ჩოხოსნები“ მას ქულით ჩამორჩებიან, ხოლო მესამეადგილოსან „ბათუმს“ მხოლოდ 6 ქულა აქვს. ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში წყალტუბოს „დინოზავრმა“ ოზურგეთის „არწივებთან“ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა - 65:0.

მომდევნო ტურის თამაშები 22-23 მარტსაა დანიშნული.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085815