ამბები

11:29 | 23.02.2015 | ნანახია 1509 - ჯერ

მასპინძლების ტური

საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის Top 14-ის მე-18 ტურში შვიდივე თამაში მასპინძელი გუნდების გამარჯვებით დასრულდა. უკვე ვწერდით, რომ ხუთშაბათს ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი” დაამარცხა და ამაზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ.

ტურის დარჩენილი თამაშები შაბათს გაიმართა და გამარჯვება ვერცერთმა ლიდერმა ვერ მოიპოვა. ერთადერთი გუნდი, რომელიც მარცხს გადაურჩა, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონია”, რომელიც დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” პარიზში დაუზავდა. მატჩში მხოლოდ ზირაქაშვილმა მიიღო მონაწილეობა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო კოლელიშვილი და ხინჩაგიშვილი ტრავმირებულები არიან. პირველი ტაიმი 3:3 დასრულდა, მერე მასპინძლები 13:6 დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა 73-ე წუთზე ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს. აღებულმა 2-მა ქულამ “კლერმონს” გალიდერების საშუალება მისცა და ის 53 ქულით პირველ ადგილზეა, “რასინგ მეტრო” კი, 47 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” ეწვია და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა - 23:28. ქართველთაგან განაცხადში მხოლოდ ჩილაჩავა იყო და შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა. პირველ ტაიმში სტუმრებმა ორი ლელო გაიტანეს და 20:9 დაწინაურდნენ, მაგრამ ზედ შესვენების წინ ერთი, ხოლო მატჩის განახლების შემდეგ კიდევ ორი ლელო გაუშვეს და 20:28 ჩამორჩნენ. 78-ე წუთზე “ტულონმა” ის ჯარიმა გაიტანა, რომელმაც პრემიალური ქულა მოუტანა და 52 ქულით მეორე ადგილზეა. “ბორდო” 44 ქულით მეექვსეა.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” “ბაიონთან” სტუმრად 6:23 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ და მათმა გუნდმა სამი უპასუხო ლელო გაუშვა. პარიზელები 51 ქულით მესამე ადგილამდე დაეშვნენ.

მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” სტუმრად “გრენობლთან” 18:20 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს “მონპელიე” 12:14 აგებდა, 72-ე წუთზე ჯარიმით 18:17 დაწინაურდა, მაგრამ 5 წუთში ჯარიმა თავადაც გაუშვა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. “მონპელიე” 40 ქულით მე-9 ადგილზეა.

ვასილ კაკოვინის “ტულუზიმ” “ლიონი” 23:20 დაამარცხა და 45 ქულით მეხუთეა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო, მისმა თანაგუნდელებმა ტაიმი 20:3 მოიგეს, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა ჩამორჩენა შეამცირეს და მასპინძლები ანერვიულეს. მომდევნო ტურის თამაშები 6-7 მარტს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099084