საქართველოს XXV ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ბოლნისის “ყოჩებმა” თბილისის “ლოკომოტივს” ვერაფერში აჯობა, მეტოქეს მისსავე თამაშში აყვა და ტაბლოზეც ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა - 3:24.
რკინიგზელებმა ერთი კვირის წინ ქუთაისის “აიასთან” წააგეს და ექვსეულში ადგილის დამკვიდრებაც სათუო გაიხადეს, მაგრამ ახლა ლიდერთან პრემიალური მოგებით დაამტკიცეს, რომ გადამწყვეტი ეტაპი მათ გარეშე არ ჩაივლის.
თამაში მძიმე საყურებელი გამოდგა. ბევრი იყო შეცდომები და თამაშის შეჩერებები, ხშირად ინიშნებოდა შერკინებები და აქ “ლოკომოტივი” დომინირებდა. ზემოთნახსენებ შეცდომებს, უფრო ხშირად “ყოჩები” უშვებდა, როგორც ღია თამაშისას, ასევე დერეფანში, ამ შეცდომებით სათანადოდ ისარგებლეს თბილისელებმა და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.
“ყოჩები” შერკინებაში პირველად მე-4 წუთზე დაჯარიმდა და დიმიტრი კალანდაძემ კარის წინ 22 მეტრიდან ძელის გავლით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობას ნომინალური მასპინძლები დაეუფლნენ, მაგრამ დასკვნით ფაზაში ბურთი წინ უვარდებოდათ, ანაც საკუთარ დერეფნებს ვერ იგებდნენ და “ლოკომოტივიც” იოლად ანეიტრალებდა საფრთხეს. ამასობაში 30-ე წუთი მოვიდა, თბილისელთა მორკინალებთან ნაომარი “ყოჩები” უკვე დაცვაში შეცდა, სივრცით კარგად ისარგებლა ბექა წიკლაურმა, ხაზი სუფთად გაჭრა და ბურთი ძელებს უკან დაამიწა. კალანდაძემ გარდასახვა გამოიყენა.
შესვენებამდე “ყოჩებს” ორჯერ მიეცა ჩამორჩენის შემცირების შანსი, მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯერ 47 და მერე 38 მეტრიდან ვერ გაიტანა ჯარიმები. მეორე ტაიმი კვლავ ბოლნისელთა შეტევებით დაიწყო, მათი მოლი მცველებმა ორჯერ ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს და სოხაძემ ამჯერად ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება შეძლო. ამას ორმხრივი შეცდომები მოყვა, რომლითაც უკეთ “ლოკომოტივმა” ისარგებლა და როდესაც “ყოჩებმა” ბურთი ცენტრში დაკარგა, მეტოქემ ის შიშველ ზურგში გადაუკიდა. სპრინტერულ შეჯიბრში ირაკლი გეგენავამ კალანდაძეს კი დაასწრო, მაგრამ ბურთი თავად ვერ დაამიწა, ის წიკლაურის ნადავლი გახდა და ცენტრში მეორე ლელოს კალანდაძის გარდასახვა მოყვა - 3:17 55-ე წუთზე.
62-ე წუთზე ლოკომოტიველი გივი ბერიშვილი უხეში ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა და “ყოჩებიც” მეტობას გამოყენებას ეცადა, მაგრამ მესამე ლელო თავად გაუშვა. ბოლნისელებმა თბილისელეთა წითელ ზოლში შეაღწიეს, მოკლე დარტყმების შემდეგ იერიში მარცხენა ფლანგზე გაშალეს, მაგრამ ბურთი ზურაბ ძნელაძემ ჩაჭრა და კონტრშეტევა წამოიწყო, გიორგი შკინინმა ის ცენტრამდე აიტანა, აქ თითქოს შეტევამ სიმწვავე დაკარგა, მაგრამ რაქიდან ფეხით გადაკიდებულ ბურთს ყველაზე სწრაფად კალანდაძე მიყვა და ძელებსშუა მესამე ლელო გაიტანა. გარდასახვა მან თავადვე შეასრულა და 3:24.
“ყოჩებმა” ერთიც გაიბრძოლა, “ლოკომოტივმა” 5 მეტრში თავად კვლავ კარგად დაიცვა, ბოლოს ჯარიმა კარშიც აღარ დაარტყა და ლელოზე ითამაშა, მაგრამ ამით არაფერი გამოვიდა და მატჩიც თბილისელთა პრემიალური ქულით გამარჯვებით დასრულდა. ტურის ბოლო მატჩში “აიამ” “არმიას” ქუთაისში შანსი არ დაუტოვა, 8 უპასუხო ლელო გაუტანა, 52:6 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერა და ახლა ექვსეულზე კი არა, უკვე მეორე ადგილის დაკავებაზეც დაფიქრდა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
XIV ტური
22 თებერვალი
თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 3:24 (0:10)
ყოჩები: 15. შავლეგ მახარაშვილი, 14. ლევან გოგოლაშვილი, 13. გიორგი ხარშილაძე, 12. რატი გარუჩავა, 11. ირაკლი გეგენავა, 10. თემო სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე (გიგი გაბუნია 58); ბაჩანა გოგიშვილი (გიორგი ჯაშიტაშვილი 54), 2. ირაკლი სვანიძე (დავით ხიდეშელი 32), 3. თემურ ჯინჭარაძე (გიორგი ცუცქირიძე 66), 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. დავით გრძელიშვილი (რატი ურუშაძე 58), 6. ნიკო აფციაური (გიორგი ტყეშელიაძე 41), 7. ჯაბა კიკვიძე (ბექა გუგეშაშვილი 75), 8. ნიკოლოზ ჩხიკვაძე.
1 ჯარიმა: სოხაძე
ლოკომოტივი: 15. ბექა წიკლაური, 14. დიმიტრი კალანდაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. დავით ჟამუტაშვილი, 11. გიორგი ბიწაძე, 10. გიორგი შკინინი, 9. შაკო დავითაშვილი; 1. არჩილ ბეჟიაშვილი (ღვთისო ელოშვილი 69), 2. ირაკლი კვანთიძე (ომარ ბალიაშვილი 69), 3. სოსო ბეკოშვილი (დავით გასვიანი 69), 4. გიორგი გეგია, 5. დიმიტრი ცუხიშვილი, 6. ლაშა ფოფხაძე (საბა ბერაძე 79), 7. გივი ბერიშვილი, 8. ფარნავაზ გასვიანი.
3 ლელო: წიკლაური (2), კალანდაძე
3 გარდასახვა: კალანდაძე
1 ჯარიმა: კალანდაძე
1 სინბინი: ბერიშვილი
ქუთაისი. “აია”. 1500 მაყურებელი
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) 52:6
8 ლელო: შალამბერიძე, მოდებაძე, ფრუიძე (3,6,8), აბრამიძე, ირემაძე, ბაბუნაშვილი; 6 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი - 1 ჯარიმა: კუპრეიშვილი, 1 არეკნი: ბაირამაშვილი; 1 სინბინი: კუპრეიშვილი
1. | ყოჩები | 14 | 11 | 1 | 2 | 316:187 | 49 | |
2 | ბათუმი | 14 | 9 | 1 | 4 | 287:198 | 43 | |
3. | ლელო-სარასენსი | 14 | 8 | 3 | 3 | 273:189 | 40 | |
4. | აია | 14 | 8 | 0 | 6 | 286:212 | 38 | |
5. | ხარები | 14 | 7 | 2 | 5 | 284:200 | 36 | |
6. | ლოკომოტივი | 14 | 6 | 1 | 7 | 231:215 | 33 | |
7. | ჯიქები | 14 | 5 | 2 | 7 | 193:203 | 26 | |
8. | არმაზი | 14 | 5 | 1 | 8 | 222:277 | 24 | |
9. | არმია | 14 | 4 | 1 | 9 | 175:307 | 21 | |
10. | თიბიეს უნივერსიტეტი | 14 | 1 | 0 | 13 | 162:441 | 7 |
მომდევნო ტური. 28 თებერვალი - 1 მარტი
თიბიესი - ლოკომოტივი; არმია - ყოჩები; ლელო-სარასენსი - აია; ბათუმი - ჯიქები; ხარები - არმაზი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია