საქართველოს ჩემპიონმა “ლელო-სარასენსმა” “ჯიქები” ვერც მას შემდეგ დაამარცხა, რაც ეს გუნდი გორის გახდა. პირველ წრეში ამ წყვილმა “შევარდენზე” ფრედ 9:9 ითამაშა, “ავჭალაზეც” ფრე დაფიქსირდა, ოღონდ უკვე 15:15.
თამაში ხელოვნურ საფარზე გაიმართა და “ჯიქებს” ლელოს გატანაზე არც უფიქრია. ის თანახმა იყო, ქულები ჯარიმებით დაეგროვებინა, “ლელო-სარასენსი” კი, ხელდახელ თამაშით ცდილობდა მეტოქის გატეხას და ორი ლელოც გაიტანა, მაგრამ გამარჯვებისათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ზოგადად, ამ ორი გუნდის სათამაშო სტილი მკვეთრად განსხვავებულია და თუ ერთი ლამაზად ბურთაობას და შედეგის მიღებასთან ერთად მაყურებლისთვის სიამოვნების მინიჭებას ფიქრობს, მეორე მუდამ ბოლომდე იბრძვის და არას დაგიდევთ ქულებს მხოლოდ ჯარიმების ხარჯზე თუ მოაგროვებს.
ასე იყო ამ თამაშშიც და რადგან საწყის წუთებში “ჯიქების” შერკინება მეტოქისას სჯაბნიდა, ტაბლოზე ანგარიშიც გორელთა სასარგებლოდ იცვლებოდა. ანგარიში მე-7 წუთზე რამაზ ხარაზიშვილმა გახსნა, როდესაც თბილისელები კარის წინ დაჯარიმდნენ. მე-11 წუთზე მან გასატანი პოზიციიდან მეორედ დაჰკრა ზუსტად, ხოლო 21-ე წუთზე ხარაზიშვილის მესამე ზუსტი დარტყმა და ანგარიში 9:0 გახდა. მესამე ჯარიმამდე ქულების აღების შანსი “ლელო-სარასენსს” ჰქონდა, რომელმაც ორჯერ კარგად წაიწია მოლით, ერთხელ დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადაიტანა, ხელდახელ შეტევით 15-მდე ფაზაც განახორციელა, მაგრამ “ჯიქებმა” ჩათვლის მოედნიდან 2-7 მეტრში თავი მამაცურად დაიცვა და ლელო არ გაუშვა.
თბილისელებმა არც შემდეგ ჯერზე დაარტყეს ჯარიმა, ამჯერად მოლით ბოლომდე იარეს და სანდრო ქოიავამ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. ყიასაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო და 31-ე წუთზე მას გასატანი პოზიციიდან ჯარიმაც გაუფუჭდა. სამიოდე წუთში ხარაზიშვილმა შორიდან ვერ გაიტანა ჯარიმა, მაგრამ პირველ ნახევარში “ლელო-სარასენსი” ხშირად რომ ჯარიმდებოდა, დაჩი კოპაძე სინბინით დაისაჯა, ხოლო ხარაზიშვილმა პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 12:5.
მეორე ტაიმში თბილისელები უფრო მობილიზებული გამოვიდნენ მოედანზე და რადგან ყიასაშვილს დარტყმები არ მისდიოდა, 46-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად ოთარ ბარკალაიამ შეასრულა. დაახლოებით 15-წუთიან მიძალებას მეტი შედეგიანი შეტევა არ მოჰყოლია. 57-ე წუთზე “ჯიქებმა” მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება და ხარაზიშვილს დარტყმა არ გამოუვიდა.
დასკვნითი მეოთხედი ახალი დაწყებული იყო, როდესაც “ლელო-სარასენსმა” რიცხობრივი უპირატესობა მიიღო - სინბინით მამუკა ნინიძე დაისაჯა. სამიოდე წუთში ბარკალაიამ ცადა ჯარიმით სხვაობის შემცირება, მაგრამ 38 მეტრიდან მიზანი ვერ გაისწორა, ხოლო 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი უკვე გიორგი ჭინჭარაულმა მიიღო და გორელები მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ. ამ ჯარიმას აუტი, დერეფნის მოგება და მოლი მოყვა, რომელიც ამჯერად ლელოთი გიორგი ლომთაძემ დაასრულა, ბარკალაიამ გარდასახვა გაიტანა და საკუთარი გუნდი 15:12 დააწინაურა, თანაც “ლელო-სარასენსი” რამდენი წუთით მოედანზე კვლავ მეტი რჩებოდა.
73-ე წუთზე ხარაზიშვილის ჯარიმა ქვედა ძელს მოხვდა და თითქოს ყველა წინაპირობა იყო საიმისოდ, რომ ჩემპიონს საქმე გამარჯვებამდე მიეყვანა, მაგრამ 76-ე წუთზე საკუთარ 22-ში შერკინებაში დაჯარიმდა, ამჯერად დარტყმამამუკა ნინიძემ ითავა და წონასწორობა აღადგინა. დასკვნით წუთებში სიტუაცია დაიძაბა და რამდენჯერმე გაწევ-გამოწევა გაჩაღდა. ამან თამაშის ტემპი დააგდო და მიუხედავად იმისა, რომ “ლელო-სარასენსმა” ეს წუთები მეტოქის ნახევარზე გაატარა, გადამწყვეტი ქულის აღება ვეღარ მოახერხა.
ამ ფრით “ლელო-სარასენსმა” მესამე ადგილი შეინარჩუნა, მეორეს დაკავების პერსპექტივით, სადაც პოზიციები “ბათუმმა” გაიმყარა. ზღვისპირელებმა “არმაზი” 25:10 დაამარცხეს, მაგრამ პრემიალური ქულა ვერ აიღეს. “არმაზიც” და “ჯიქებიც” ახლა “ლოკომოტივის” შეხვედრის შედეგს უნდა დაელოდონ და მერე უფრო ნათელი გახდება მათი საპლეიოფო პერსპექტივები. დღის კიდევ ერთ შეხვედრაში “ხარებმა” რუსთავში აუტსაიდერი “თიბიეს უნივერსიტეტი” 57:3 გაანადგურა და 2015 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
XIV ტური
21 თებერვალი
რუსთავი. ახალი. 150 მაყურებელი
ხარები (რუსთავი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) 57:3
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
ჯიქები (გორი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 15:15 (12:5)
ჯიქები: 15. ირაკლი სვანიძე (რეზო ჯინჯიხაძე), 14. ნიკა ბიწაძე, 13. ვანო გაბროშვილი, 12. რატი ხუციშვილი (დიტო კიკნაძე), 11. რამაზ ხარაზიშვილი, 10. მამუკა ნინიძე, 9. გიორგი ჭინჭარაული; 1. ვასილ კვერნაძე, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. დავით ოქრიაშვილი (ილია კაიკაციშვილი), 4. ვლადიმერ გოგოლიძე, 5. არსენ ტრაპაიძე (საბა შუბითიძე), 6. გიორგი მჭედლიშვილი, 7. ვეფხია ტუჩაშვილი, 8. გურამ შენგელია.
5 ჯარიმა: ხარაზიშვილი (4), ნინიძე
2 სინბინი: ნინიძე, ჭინჭარაული
ლელო-სარასენსი: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ალექსანდრე ხეცოიძე, 13. გიორგი ტალახაძე, 12. ოთარ ბარკალაია (ჯონი ხეცურიანი), 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი კაჭარავა; 1. ზურაბ ჯულაყიძე, 2. გიორგი ლომთაძე, 3. შოთა მელიქიძე, 4. დაჩი კოპაძე (ზურაბ ხორბალაძე), 5. სანდრო ქოიავა, 6. ბაჩანა კოლელიშვილი, 7. ელგუჯა სურგულაძე, 8. თორნიკე ბუბუტეიშვილი.
2 ლელო: ქოიავა, ლომთაძე
1 გარდასახვა: ბარკალაია
1 ჯარიმა: ბარკალაია
1 სინბინი: კოპაძე
ფოთი. მალთაყვა.
ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი) 25:10
1. | ყოჩები | 13 | 11 | 1 | 1 | 313:163 | 49 |
|
2 | ბათუმი | 14 | 9 | 1 | 4 | 287:198 | 43 |
|
3. | ლელო-სარასენსი | 14 | 8 | 3 | 3 | 273:189 | 40 |
|
4. | ხარები | 14 | 7 | 2 | 5 | 284:200 | 36 |
|
5. | აია | 13 | 7 | 0 | 6 | 234:206 | 33 |
|
6. | ლოკომოტივი | 13 | 5 | 1 | 7 | 207:212 | 28 |
|
7. | ჯიქები | 14 | 5 | 2 | 7 | 193:203 | 26 |
|
8. | არმაზი | 14 | 5 | 1 | 8 | 222:277 | 24 |
|
9. | არმია | 13 | 4 | 1 | 8 | 169:255 | 21 |
|
10. | თიბიეს უნივერსიტეტი | 14 | 1 | 0 | 13 | 162:441 | 7 |
22 თებერვალი
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ქუთაისი. “აია”. 16:00 საათი
აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია