ქართველმა ბურჯმა გიორგი ჟღენტმა, რომელმაც მიმდინარე სეზონი Top 14-ის “ბეიონას” მორაგბის რანგში დაიწყო, ამ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ამავე დივიზიონის “ბრივს” სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაემატა.
29 წლის მორაგბე ოფიციალური მიმდინარე კვირის დასაწყისში წარადგინეს, 19 თებერვალს კი, ახალ გუნდში მისი დებიუტი შედგა. ჟღენტი “ლა როშელთან” სტუმრად 12:19 წაგებულ მატჩში შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49 წუთი ითამაშა კარლენ ასიეშვილმა. მასპინძელთა შორის, მთელი პირველი ტაიმი, შერკინებებში მის წინააღმდეგ ლექსო ყაულაშვილი იდგა, რომელიც შესვენებისას შეცვალეს.
49-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა “ბრივის” კიდევ ერთმა ქართველმა ბურჯმა გოდერძი შველიძემ. ამ თამაშზე გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, კლუბმა 36 წლის ვეტერანს კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივა და შველიძე “ბრივის” ღირსებას 2017 წლამდე დაიცავს. სტუმართა განაცხადში არ იყო ანტონ ფეიქრიშვილი.
პირველ ტაიმში “ბრივმა” სამი ჯარიმა გაიტანა, თავად ორი გაუშვა და 24-ე წუთზე საჯარიმო ლელოთიც დაისაჯა, რის შემდეგაც 9:13 ჩამორჩა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მხოლოდ ორი ჯარიმა გაიტანეს, ერთი თავადაც გაუშვეს და “ლა როშელმა” 19:12 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ბოლო ჯარიმა 79-ე წუთზე გაიტანეს და სტუმრები უქულოდ დარჩნენ, რადგან მიმდინარე სეზონში პრემიალური ქულა 5 და ნაკლები ქულის სხვაობით წაგებულ გუნდს ეწერება.
“ბრივი” 35 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო “ლა როშელი” ორი ადგილით დაწინაურდა და 34 ქულით მე-11. Top 14-ის მე-18 ტურის დარჩენილი შეხვედრები 21 თებერვალს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია