ამბები

18:11 | 20.02.2015 | ნანახია 1805 - ჯერ

ზედა ხუთეული ქვედას წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურში გუნდები ისე დაწყვილდნენ, წინასწარ რომ ვერავინ გათვლიდა - ზედა ხუთეული ქვედა ხუთეულს ეთამაშება და თანაც ისე, რომ თითოეულ წყვილში მეტოქეთა შორის სხვაობა ზუსტად ხუთი ადგილია (პირველი მეექვსეს, მეორე მეშვიდეს და ა.შ.).

ტური შაბათს, თბილისსა და რუსთავში ორი პარალელური თამაშით გაიხსნება. რუსთავში მეხუთეადგილოსანი “ხარები” აუტსაიდერ “თიბიეს უნივერსიტეტს” მასპინძლობს და წლის პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება. ქვემოქართლელებმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს და ერთი ხანობა ლიდერობდნენ, მერე კი, დიდი ხნის განმავლობაში მეორე ადგილს ინარჩუნებდნენ. მაგრამ მერე მარცხებს გაუშინაურდნენ, 2015 წელს ორივე შეხვედრა დათმეს და მეხუთე პოზიციამდე დაეშვნენ.

“თიბიესმა” ერთადერთი თამაში მოიგო და მასაც მსაჯების დასჯა მოყვა. გუნდს ნელ-ნელა უძლიერესთა შორის დარჩენის თეორიული შანსიც ეწურება და ძნელად სავარაუდოა, “ხარებთან” მათ წარმატების მიღწევა შეძლონ. პირველ წრეში რუსთაველებმა თბილისში 17:9 იმარჯვეს და პრემიალური ქულა ვერ აიღეს, ახლა კი, ისინი ალბათ მხოლოდ 5 ქულისთვის იბრძოლებენ. თამაში 14 საათზე იწყება.

შაბათს, 14 საათზე, “ავჭალაზე” დაიწყება გორის “ჯიქებისა” და თბილისის “ლელო-სარასენსის” შეხვედრა. გუნდები რეგულარულ გათამაშებაში განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს პლეი ოფში თამაში თითქმის დაბევებული აქვს და მიზნად საუკეთესო ორეულში მოხვედრას ისახავს, რათა მერე უკეთეს პირობებში იყოს, ხოლო “ჯიქებს” ექვსეულისთვის ჯერაც საბრძოლველი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ “ლელო-სარასენსი” მესამე, ხოლო “ჯიქები” მე-8 პოზიციაზეა, თამაში საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან აწ უკვე გორელები, იოლად არცერთ თამაშში არ ნებდებიან. ასე იყო პირველ წრეშიც და მაშინ მატჩი ფრედ, 9:9 დასრულდა. წელს “ლელომ” ორივე თამაში მოიგო, ხოლო “ჯიქებმა” “ლოკომოტივთან” მარცხს გამარჯვება მიაყოლა და ექვსეულს 4 ქულა აშორებს.

ერთი საათით გვიან, 15 საათზე, ფოთში მალთაყვაზე შეხვდებიან ანალოგიური მიზნისთვის მებრძოლი “ბათუმი” და თბილისის “არმაზი”. ზღვისპირელებმა პირველი ორი შეხვედრა უქულოდ დათმეს და მას შემდეგ (2014 წლის 24 აგვისტოდან) მოედანი უქულოდ აღარ დაუტოვებიათ. “ბათუმი” ბოლოს 2014 წლის 13 ოქტომბერს დამარცხდა, რასაც 7-მატჩიანი წაუგებელი სერია მიაყოლა და “ყოჩებთან” ფრის შემდეგ, ზედიზედ 6 შეხვედრა მოიგო. ასეთი შთამბეჭდავი შედეგი სატურნირო ცხრილზეც აისახა და ბათუმელები ლიდერის უახლოესი მდევრები არიან, თუმცა მდევარიც იქვეა, მეორე ადგილის დაკარგვის საფრთხე რეალურია და გამარჯვებების სერიის გაგრძელებაც მნიშვნელოვანია.

“არმაზი” ექვსეულში შესასვლელად იბრძვის და რეგულარული პირველობის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, მიზნამდე 4 ქულა აშორებს. წელს მათ ორი თამაში ჩაატარეს და მხოლოდ 2 ქულა აიღეს (ფრე “არმიასთან”). ახლა მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ყველა თამაშში ბოლომდე იბრძოლოს, თუნდაც პრემიალური ქულები მიიღოს, რათა შანსის გაჩენის შემთხვევაში “ლოკომოტივის” გადასწრება მოახერხოს. პირველ წრეში “არმაზმა” “ბათუმის” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხება შეძლო (23:22), თუმცა მაშინ 1 ქულა სტუმრებსაც ერგოთ.

კვირას ორი თამაშია და ტურის ცენტრალური შეხვედრა “ავჭალაზე” 14 საათზე დაიწყება. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ბოლნისის “ყოჩები” ხუთი საფეხურით უკან მყოფ “ლოკომოტივს” ეთამაშება, მაგრამ სატურნირი ცხრილი ამ შემთხვევაში ფავორიტის გამოვლენაში ვერ დაგვეხმარება. რკინიგზელებს გამოცდილი გუნდი ჰყავთ, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში მობილზიზება შეუძლია და ახლა სწორედ ასეთი პერიოდია. ერთი ფეხის დაცდენაც კი, “ლოკომოტივს” შესაძლოა ექვსეულში ადგილის დაკარგვად დაუჯდეს და თემურ ბენდიაშვილის შეგირდები აუცილებლად მოსაგებად იბრძოლებენ.

“ყოჩებს” უახლოეს მდევართან 10-ქულიანი უპირატესობა აქვს, მაგრამ წინ კიდევ ხუთი თამაშია და ლიდერობის შესანარჩუნებლად მინიმუმ სამი მოსაგებია. ბოლნისელებმა სეზონის პირველი მარცხი 2015 წლის სტარტზე განიცადეს, თუმცა მერე “თიბიესი” მარტივად დაამარცხეს და ხასიათი გამოიკეთეს. წელს ორიდან ერთი თამაში წააგო “ლოკომოტივმაც” და “ყოჩების” მსგავსად, მასაც “აიამ” აჯობა. პირველ წრეში “ყოჩებმა” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ სწორედ “ავჭალაზე” ითამაშა და 19:18 იმარჯვა.

ტურის ბოლო თამაში ქუთაისში 16 საათზე დაიწყება და მასში “აია” თბილისის “არმიას” დაუხვდება. “აია” 2015 წელს კარგად მომზადებული შეხვდა და ორივე თამაში მოიგო, რის შემდეგაც ექვსეულში დამკვიდრებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა და უფრო მეტზეც დაფიქრდა. შეაგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის მესამე-მეოთხეადგილოსანი გუნდები, პლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობით სარგებლობენ და “აიასთვის” მშობლიურ ქალაქში თამაშს მუდამ დიდი მნიშვნელობა აქვს.

“არმიამ” 2015 წლის პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულა, მერე დამარცხდა და მართალია ექვსეულში მოხვედრის შანსი არ დაუკარგავს, მაგრამ იმის უფრო მეტი შანსი აქვს, რომ სეზონის ბოლოს პირველილიგის მეორეადგილოსანთან უძლიერესთა შორის დასარჩენად მოუწიოს ბრძოლა. პირველ წრეში თბილისში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ქუთაისელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა - 10:9.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XIV ტური

21 თებერვალი

რუსთავი. ახალი. 14:00 საათი

ხარები (რუსთავი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

ჯიქები (გორი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

ფოთი. მალთაყვა. 15:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი)

22 თებერვალი

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

ქუთაისი. “აია”. 16:00 საათი

აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი)

1 ყოჩები 13 11 1 1 313-163 49
2 ბათუმი 13 8 1 4 262-188 39
3 ლელო სარ. 13 8 2 3 258-174 38
4 აია 13 7 0 6 234-206 33
5 ხარები 13 6 2 5 227-197 31
6 ლოკომოტივი 13 5 1 7 207-212 28
7 არმაზი 13 5 1 7 212-252 24
8 ჯიქები 13 5 1 7 178-188 24
9 არმია 13 4 1 8 169-255 21
10 თიბიეს უნივ. 13 1 0 12 159-384 7


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.070452