ამბები

23:00 | 14.02.2015 | ნანახია 6711 - ჯერ

კარგად დავიწყეთ...

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი საუცხოოდ დაიწყო და სანამ 60 წამი მიიწურებოდა ანგარიში დავით კაჭარავას ლელოთი გაიხსნა. ამან ქართველ გულშემატკივარში გააღრმავა იმის რწმენა, რომ პორტუგალიას იოლად და დიდი სხვაობით დავამარცხებდით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და გამარჯვებაც მძიმე გამოდგა - 20:15.

საქართველოს ნაკრები ცდილობდა სწრაფად და ხელდახელ შეეტია, რაც ხშირ შემთხვევებში კარგად გამოსდიოდა, მაგრამ სანაკრებო მატჩების ისტორიაში არაერთხელ ნახსენებმა წუნმა - ბურთის წინ ვარდნამ, რასაც სხვა შეცდომებიც დაემატა, იერიშების ლოგიკურად დასრულების საშუალება არ მოგვცა. ამასთან, როგორც ჩანს, პორტუგალიელთა მთავარ მწვრთნელს ტყუილად არ დაუქადნია მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ქართველთა შერკინების შეჩერებაზე სათანადოდ ვიმუშავეთო და ეს ქართული კოზირი გამოუყენებელი დარჩა, რამაც საბოლოო შედეგი განაპირობა.

არადა, ისე გამოვიდა, რომ პირველ ბურთზე ბრძოლა “ბორჯღალოსნებს” აქამდე ჩატარებულ მატჩებს შორის ყველაზე უკეთ გამოუვიდათ და სულერთია ვინ ასრულებდა დარტყმას, ქართველები თუ პორტუგალიელები, ოვალი მილტონ ჰეიგის შეგირდების ნადავლი ხდებოდა, თუმცა, მას სათანადოდ ვერ ვუფრთხილდებოდით და საკუთარი შეცდომების ხარჯზე ვკარგავდით. უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეულწილად კარგი იყო დაცვაც, რადგან მეტოქეს ლელოს გატანის მინიმალური შანსიც კი არ მისცემია, მაგრამ აქაც არსებობს ერთი მაგრამ - ძალიან ბევრი იყო ჯარიმა და ამ შანსებს მეტოქე სათანადოდ იყენებდა.

ყველაზე კარგი პირველი წუთი იყო, როდესაც ჩვენმა უკანა ხაზმა ისე შეუტია, რომ მეტოქემ ვერაფერი დაუპირისპირა: გიორგი ბეგაძემ რაქიდან ბურთი ლაშა მალაღურაძეს სწრაფად გამოუტანა, მან მარცხნივ მერაბ შარიქაძეს უპასა, რომელმაც მერაბ კვირიკაშვილს ხაზი მაღალ სიჩქარეზე გააჭრევინა, “მეკომაც” ირბინა და კაცის გამოტოვებით მარცხენა კიდესთან კაჭარავა მოძებნა, “კაჭიმ” ჩათვლის მოედნამდე დარჩენილი 10 მეტრი მაღალ ტემპში დაფარა და სტადიონზე დაგვიანებით მისულ მაყურებელს გული დასწყვიტა, რადგან მათ ქართველთა შესრულებით ულამაზესი ლელო ვერ იხილეს. კვირკაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ 5:0-მა და ასეთმა დასაწყისმა ყველას განსაკუთრებული მოლოდინი გაუჩინა.

მაგრამ ასე არ მოხდა. მომდევნო 9 წუთი პორტუგალიამ ჩვენს ნახევარზე გაატარა, შერკინების მოწყობა გაჭირდა, რაშიც დამნაშავე ჩვენი პირველი ხაზის გარდა რუმინელი რეფერიც უნდა იყოს, რომელსაც თითქოს მიზნად ქართველებისთვის ამ უპირატესობის წართმევა ჰქონდა დასახული და საბოლოოდ ეს მოახერხა კიდეც. ამ სტატიკურ მდგომარეობაში, თითქმის ყოველთვის ჯარიმა ინიშნებოდა და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, რუმინელი უმეტეს შემთხვევაში წესების დარღვევას ქართველების მხრიდან ხედავდა. რეფერის მეორე ტაიმში გაუჭირდა, როდესაც შეცვლაზე უფრო გამოცდილი პირველი ხაზი შევიდა, მაგრამ მერე შიგადაშიგ “დაღვევები” მსოფლიოს საუკეთესო ბურჯებსაც “მოუძებნა”.

ჩვენს ნახევარზე გატარებული 9 წუთი პორტუგალიამ 3 ქულით დაასრულა, ჯარიმა პედრუ ავილა-ბეტანკურმა გაიტანა და მანვე მე-16 წუთზე კარის წინ 37 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. მანამდე იყო ქართველთა კარგი იერიში, წინას მსგავსად მარცხენა ფლანგზე გაშლილი და ლაშა ლომიძემ ჩათვლის მოედნის ხაზს იქით ბურთიც დაამიწა, მაგრამ მანამადე ხელი გვერდით ხაზს შეახო. საქართველოს ნაკრები ოფლოუდობით უტევდა და სისწრაფის ხარჯზე ფლანგზე რიცხობრივ უპირატესობებს იღებდა. 23-ე წუთზე ზურაბ ჟვანის მეტოქის 22-ში ლევან ჩილაჩავა სალელოვედ სწორედ ოფლოუდით გაჰყავდა, თუმცა, მეტოქემ ბურთს ხელი განზრახ ჩაარტყა და “გადარჩა” ყვითელი ბარათით რომ არ დაისაჯა. კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა.

შემდეგ ჯერზე “ბორჯღალოსნებმა” ჯარიმას 5-მეტრა დერეფანი არჩიეს და კარგადაც მიეძალნენ, თუმცა ლომიძეს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა და მერე ჩახურვისთვის დაჯარიმდა. 29-ე წუთზე ფრენსისკუ მაგალიაშმა ჩვენი 22-ის ხაზთან ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ლელოს გატანა განიზრახა, მაგრამ ბეგაძემ დროულად დაიხია 10 მეტრით მას ამის საშუალება არ მისცა. ბურთი მაინც სტუმრებს დარჩათ, შემდეგი ჯარიმა კარის წინ 15 მეტრში დაინიშნა და ამჯერად ავილა-ბეტანკურმა კარში დაარტყა - 8:9.

მართალია საქართველოს ნაკრები ხშირად ჯარიმდებოდა (შიგადაშიგ უბრალოდ აჯარიმებდნენ), მაგრამ მოედანზე ის დღეს კარგად მოთამაშე პორტუგალიას მაინც სჯობდა და შესვენებამდე კვირიკაშვილმა ორი, ხოლო მატჩის განახლების შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმით ეს უპირატესობა ტაბლოზეც ასახა (17:9). ამის შემდეგ “ბორჯღალოსნები” პრემიალურ ქულაზე დაფიქრდნენ, რისთვისაც კიდევ სამი ლელო იყო გასატანი და თამაშის გამწვავებას შეეცადნენ. მეორე ნახევრის შუაში ხელდახელ შეტევის შემდეგ შეცვლაზე შესულმა ლაშა ხმალაძემ ხაზი გაჭრა და ოთხ მცველს გაექცა, მარჯვნივ თამაზ მჭედლიძესაც დროულად უპასა, თუმცა, ის ორმა მბოჭავმა კიდეზე გადაიყვანა. მერე კვირიკაშვილის დაწყებული იერიში კაჭარავამ გააგრძელა და სტადიონი ლელოს მოლოდინში ახმაურდა.

სტუმრებმა შეტევა ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს, დასარტყმელი პოზიციიდან ბურთი აუტში გადავიდა და იქიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ შალვა მამუკაშვილი ჩათვლის მოედნის ხაზს გადასცდა, მაგრამ დამცველებმა ლომიძის მსგავსად დამიწებამდე ისიც გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს. 67-ე წუთზე საქმეში რეფერი ჩაერთო, რომელმაც შერკინებაში დაგვაჯარიმა, შალვა სუთიაშვილი სინბინში გაუშვა და ავილა-ბეტანკურს ჯარიმით სხვაობის შემცირების საშუალება მისცა.

ჩვენმა შერკინებამ მალევე დაამტკიცა, რომ რუმინელი სცოდავდა და 7 კაცით 8-ს ზედიზედ ორჯერ ისე აშკარად დაჯარიმება აიძულა, რომ რეფერის პორტუგალიელის გასინბინების მეტი შანსი აღარ დარჩა. რადგან სხვაობა მისაწვდომი იყო (ლელოთი), კვირიკაშვილმა ეს ჯარიმა ძელებსშუა გაგზავნა და ამის შემდეგ გუნდი კვლავ ლელოების გატანაზე ამუშავდა, მაგრამ სტუმრებმა დიდი თავგანწირვით თავი დაიცვეს და მამუკაშვილიც ისე დააზარალეს, რომ მას სტადიონის დატოვება საკაცით მოუხდა. “სეილის” კვაჭს სავარაუდოდ მუხლის პრობლემა აქვს და მისი მდგომარეობა მოგვიანებით გაირკვევა.

ქართველებს ამდენი ტექნიკური წუნი არც მოწინააღმდეგემ აპატია. ზედიზედ რამდენიმე ჯარიმის შემდეგ, რეფერიმ სინბინში ზურაბ ჟვანია გაუშვა, დრო რომ აღარ იყო ბეტენკურმა კარის წინ, თითქმის ცენტრიდან ჯარიმა კარში გაიტანა, სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა (20:15) და თბილისიდან პრემიალური ქულის წაღებით თანაგუნდელები გაახარა. მომდევნო მატჩამდე ორი კვირაა, მადრიდში ესპანეთი გველოდება და აუცილებელია ბევრად უკეთესი გარჯა, თორემ “ლომებისგან” პრობლემები არაერთხელ შეგვქმნია.

ტურის სხვა მატჩებში რუმინეთმა ესპანეთს პრემიალური ქულით 29:8 სძლია და ქულათა მაქსიმუმით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, ხოლო რუსეთმა ასევე პრემიალური ქულით, ოღონდ სტუმრად, აუტსაიდერი გერმანია 46:22 დასცა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015

II რაუნდი. 14 თებერვალი

თბილისი. “მიხეილ მესხი”.

საქართველო - პორტუგალია 20:15 (14:9)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მურაზ გიორგაძე (23. გიორგი აფციაური 80+), 10. ლაშა მალაღურაძე (22. ლაშა ხმალაძე 50), 9. გიორგი ბეგაძე (21. ვასილ ლობჟანიძე 61); 1. კარლენ ასიეშვილი (17. მიხეილ ნარიაშვილი 41), 2. ზურაბ ჟვანია (16. შალვა მამუკაშვილი 41), 3. ლევან ჩილაჩავა (18. დავით ზირაქაშვილი 41), 4. გიორგი ჩხაიძე (19. გიორგი ნემსაძე 61), 5. კოტე მიქაუტაძე, 6. დიმიტრი ბასილაია, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ლაშა ლომიძე (20. გიორგი თხილაიშვილი 61).

1 ლელო: კაჭარავა

5 ჯარიმა: კვირიკაშვილი

2 სინბინი: სუთიაშვილი (67), ჟვანია (80+)

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

პორტუგალია: 15. პედრუ ავილა-ბეტანკური, 14. მანუელ მურტეირა (მანუელ ვილელა-პერეირა 53), 13. ფრენსისკუ აპლეტონი, 12. ტომაზ აპლეტონი, 11. ტომაზ ნორონია (მარტინში 75-80+), 10. ნუნუ პენიაიკუშტა, 9. ფრენსისკუ მაგალიაში; 1. ფრენსისკუ ფერნანდეში, 2. მაიკ ტაჯერი, 3. ტონი მარტინში (ბრუნო როშა 53-62, 69), 4. დევიდ დუშრეიში, 5. მიგელ ვილასა (სალვადორ ვასალუ), 6. ვასკუ უვა (კაპ.), 7. ჟულიან ბარდი, 8. ფრანსისკუ სოუზა.

5 ჯარიმა: ავილა-ბეტანკური

1 სინბინი: როშა (72)

რეფერი: ვლად იორდაკესკუ

კიდეებზე: რადუ პეტრესკუ, იონუც ბოდეა

რუმინეთი - ესპანეთი 29:8

გერმანია - რუსეთი 22:46

2 რაუნდი

სხვ

გატ

მ-წ

$

რუმინეთი

10

+48

9

66

2-0

2

საქართველო

9

+61

11

84

2-0

1

ესპანეთი^

5

+2

8

51

1-1

1

რუსეთი

5

+1

9

66

1-1

1

პორტუგალია

1

-32

1

25

0-2

1

გერმანია

0

-80

4

30

0-2

0

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით ოფიციოზი

მესამე რაუნდი. 28 თებერვალი

ესპანეთი - საქართველო

რუსეთი - რუმინეთი

პორტუგალია - გერმანია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.244801