ამბები

18:51 | 14.02.2015 | ნანახია 5005 - ჯერ

პორტუგალია დამარცხებულია (+34 ფოტო)

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პორტუგალია ანგარიშით 20:15 დაამარცხა.

ქართველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და 57-ე წამზე დავით კაჭარავას მიერ დადებული ლელოთი დაწინაურდნენ, გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად ვერ შეასრულა. ამის შემდეგ პორტუგალიელებმა ორჯერ საჯარიმო დარტყმა გარდასახეს და მე-16 წუთზე უკვე დაწინაურდნენ. “ჯვაროსნებმა” 8 წუთში მეკოს საჯარიმო დარტყმით უპირატესობა დაიბრუნეს.

სტუმრებმა პირველი ნახევრის მიწურულს საჯარიმო დარტყმით ანგარიში 9:8 გახადეს. მერაბ კვირიკაშვილმა კი 38-ე და მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ორი თავისუფალი დარტყმა გარდასახა და ქართველებმა პირველი 40-წუთეული 14:9 მოიგეს.

შესვენების შემდეგ თამაში კვლავ ქართველთა აქტიურობით დაიწყო და 47-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა საქართველოს ნაკრებს საჯარიმო დარტყმით მორიგი სამი ქულა შესძინა - 17:9. 69-ე წუთზე პორტუგალიელებმა ანგარიში ერთ ლელომდე დაიყვანეს – 17:12. 73-ზე მეკომ წონასწორობა აღადგინა – 20:12. შეხვედრის მიწურულს კი პორტუგალიელებმა ჯარიმა გამოიყენეს და საბოლოო ანგარიში 20:15 დაფიქსირდა.

ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩს მადრიდში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 28 თებერვალს თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.487141