„შევარდენის" რაგბის სანაკრებო ბაზაზე სპორტული მედიცინის კლინიკა გაიხსნა, რომელიც ტრავმების მკურნალობის განსხვავებული მიდგომითა და სარეაბილიტაციო მეთოდით სრულიად ახალი წამოწყებაა საქართველოში. სპეციალური მოწვევით კლინიკაში ბრიტანელი ოსტეოპათი ედ ბარი იმუშავებს, რომელსაც ძვალ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობისა და რებილიტაციის უდიდესი გამოცდილება აქვს.
11 თებერვალს კლინიკის პრეზენტაცია და პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც მედიასთან კლინიკის დამფუძნებელმა - ნონო ანდღულაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და ბრიტანელმა ედ ბარმა ისაუბრეს.
პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები - მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა ხმალაძე, დავით კაჭარავა, მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, რაგბის კავშირისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, ცნობილი ფეხბურთელი არჩილ არველაძე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი კიკ ბოქსინგში გიგა ჭიკაძე, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ასათიანი და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ოსტეოპათია გამოიყენება სპორტის ან ყოველდღიური აქტივობების შედეგად მიღებული ტრავმების სამკურნალოდ. მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ექიმი ხელით ახორციელებს პათოლოგიური პროცესის ლოკალურ დიაგნოსტიკას, რბილი და სრულიად უმტკივნეულო მანიპულაციებით ხსნის დისფუნქციას და დაზიანებულ ორგანოში სწრაფადვე აღადგენს სისხლის ნორმალურ მიწოდებას, რაც პირველივე პროცედურაზე ხსნის ტკივილის შეგრძნებას. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ განმერებითი ტრავმების თავიდან აცილების მიზნით.
2015 წელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მეოთხედ იღებს მონაწილეობას რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში. მორაგბეების ჯანმრთელობის აღდგენაზე სწორედ სპორტული მედიცინის კლინიკის ოსტეოპათი ედ ბარი იზრუნებს. სპორტული მედიცინის კლინიკა მორაგბეებთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად რიგით მოქალაქეებსაც მოემსახურება.
სამინისტროს პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია