საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, გერმანიაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და პორტუგალიასთან მატჩისთვის ორშაბათიდან ინტენსიურად ემზადება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ქართველები 14 თებერვალს, “მიხეილ მესხზე” პორტუგალიას ეთამაშებიან, რომელსაც პირველ ტურში ლისაბონში რუმინეთმა 37:10 აჯობა. რაღა თქმა უნდა, “ბორჯღალოსნებისთვის” ერთადერთი მისაღები შედეგი პრემიალური ქულით მოგებაა. გუნდში ისეთი განწყობაა, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს. გერმანიის მატჩის შემდეგ, ტრავმირებული მეორეხაზელის, ვახტანგ მაისურაძის ნაცვლად, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო, მწვრთნელებმა შეკრებაზე ლევან დათუნაშვილი გამოიძახეს.
მორაგბეები იმედოვნებენ, რომ “მიხეილ მესხის” ტრიბუნები პირთამდე შეივსება და მაყურებელიც სათანადოდ ისიამოვნებს. ბილეთები სტადიონის სალაროებში უკვე იყიდება და ფასი 3 და 5 ლარია. შაბათის თამაში 17 საათზე იწყება, განვლილ მატჩზე და მომავალ დაპირისპირებაზე კი, გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა და ალექსი ხუციშვილმა ისაუბრეს, რომელსაც გერმანიასთან სანაკრებო დებიუტი ჰქონდა და ეს ღირშესანიშნავი ამბავი ლელოთი აღნიშნა.
ალექსი ხუციშვილი: “გერმანიასთან თამაშში ბევრი რამ გამოჩნდა, როგორც პლიუსები, ასევე მინუსები. ვფიქრობ, მომდევნო შეხვედრას მომზადებულები ვხვდებით. ვეცდებით, რომ პორტუგალიასთან ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად შევასრულოთ. თუ ამ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა, ეს იქნება ჩემი პირველი საშინაო მატჩი ნაკრების შემადგენლობაში. გერმანიაში გულშემატკივარი ისე დაგვხვდა, რომ საკუთარ სამშობლოში გვეგონა თავი, მაგრამ აქაური თამაში მაინც უფრო რთული იქნება”.
შალვა სუთიაშვილი: “ვმუშაობთ იმ ხარვეზების აღმოფხვრაზე, რაც წინა თამაშში გამოჩნდა. ჩვენ სხვა პრეტენზიები გვაქვს და პორტუგალიასთანაც რაც შეიძლება დიდი სხვაობით გამარჯვება გვინდა. ამ ტურნირში ყველა შეხვედრა დიდი სხვაობით უნდა მოვიგოთ, რათა ყველას დავუმტკიცოთ, რომ მაღალ დონეზე შეგვიძლია თამაში. გულშემატკივრებმა გაგვანებივრეს. გერმანიაში 2 ათას კაცამდე გვქომაგობდა და იმედია, აქ უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია