ამბები

21:05 | 6.02.2015 | ნანახია 6521 - ჯერ

უმნიშვნელოვანესი წლის პირველი ჯახი

24 საათზე ნაკლები დარჩა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი, 2015 წლის სარაგბო სეზონის გახსნამდე. მსოფლიო თასისთვის მზადება ჯერ კიდევ შარშან, თბილისის თასიდან დაიწყო და ნოემბრის ტესტ-მატჩებით გაგრძელდა, ხვალიდან კი, ეს პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში გადავა.

წლის პირველ მატჩში ქართველთა მეტოქე მრისხანე ქვეყნიდანაა, მაგრამ რაგბიში დიდი ვერაფერი ძალაა. გერმანიის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის (ყოფილი ერთა თასი) “ა” დივიზიონში მეორედ მოახერხა დაწინაურება და დაბრუნებას ზედიზედ ოთხგზის ჩემპიონთან მატჩით აღნიშნავს, თუმცა წარმატების დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს. ალბათ, არც აქვს. ქალაქ ჰოიზენშტამში, “სპორტცენტრუმის” 10 ათასიან სტადიონზე თამაში თბილისის დროით 17 საათზე იწყება და მასში ქართველთათვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება და პრემიალური ქულის აღება იქნება.

“ბორჯღალოსნები” გაფართოებული შემადგენლობით საფარანგეთში, ქალაქ ტულუზიში მდებარე “ერნესტ ვალონის” ბაზაზე კვირას შეიკრიბნენ და ორშაბათიდან ვარჯიშს შეუდგნენ. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი მარტივია - საქართველოს ნაკრების წევრთა უმრავლესობა ფრანგულ კლუბებში თამაშობს და მათ საქართველოში ჩამოყვანას და მერე უკან მგზავრობას აზრი არ ჰქონდა. ამასთან, გერმანიაში არ აღმოჩნდა პირობები, რომ მსოფლიო თასზე ზედიზედ მეოთხედ გასული გუნდი ხარისხიანად მომზადებულიყო და 4-დღიანმა მზადებამაც კარგად ჩაიარა, თუმცა, მწვრთნელი ბოლომდე კმაყოფილი მაინც არაა:

“საფრანგეთში მზადების პროცესში ხელი თოვლმა შეგვიშალა. მიუხედავად შეფერხებისა დარწმუნებული ვარ, რომ შაბათს გერმანიის ნაკრების მიმართ სწორი მიდგომით კარგ თამაშს ვაჩვენებთ და შედეგიც შესაბამისი დადგება”.

საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთში ბოლო ვარჯიში ხუთშაბათს გამართა, საღამოს კი, გეზი აეროპორტისკენ აიღო და გერმანიაში გაემგზავრა. მანამდე, რაგბის წესის თანახმად, მილტონ ჰეიგმა ის 23 მორაგბე დაასახელა, რომელთაც ჰოიზენშტამში გერმანიის პრემიალური ქულით დამარცხება ავალია. მიუხედავად იმისა, რომ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი რამდენიმე დებიუტანტს ანდო და ექსპერიმენტებსაც მიმართა, შემადგენლობა მაინც ისეთი, რომ დებიუტანტთან საჭირო ანგარიშით მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წესისამებრ, საქართველოს ნაკრებს წლის პირველ მატჩში სასურველი თამაშის ჩვენება ხშირად არ გამოსდის.

გერმანიასთან მატჩში “ბორჯღალოსნების” კვართს ორი მორაგბე პირველად მოირგებს. ესენი არიან ბოლნისის “ყოჩების” გარემარბი ალექსანდრე ხუციშვილი, რომელსაც აქამდე ქვეყნის 7-კაცა ნაკრებში არაერთხელ უთამაშია და თბილისის “არმაზის” ახალგაზრდა 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც თავი ასაკობრივ ნაკრებებსა და საქართველოს ჩემპიონატში ნაჩვენები დამაჯერებელი თამაშებით გამოიჩინა. თუ რაიმე კარგად არ წავიდა, თადარიგშია გამოცდილი “ბორჯღალოსანი” გიორგი ბეგაძე, რომელმაც 9 ნომრის პოზიციაზე უკვე 28 კეპი მოაგროვა.

რაც შეეხება ექსპერიმენტებს, ეროვნულ გუნდში კვაჭის პოზიციაზე პირველად ითამაშებს ზურაბ ჟვანია, რომელის კლუბის, საფრანგეთის თოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ “სტად ფრანსეს” შემადგენლობაში ამ პოზიციაზე ხშირად ასპარეზობს და უკვე გამოცდილებაც დაუგროვდა. მეორე ხაზში ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი სანაკრებო პაუზის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ვახტანგ მაისურაძე. მან ბოლო სანაკრებო თამაში 2013 წლის ივნისში, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა, მერე ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელადაა და საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ “ალბის” შემადგენლობაშიც რეგულარულად თამაშობს. მომჯობინდნენ და თამაშს პირველივე წუთებიდან იწყებენ ბურჯი დავით ზირაქაშვილი და მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი, რომელსაც მწვრთნელმა კაპიტნის სამკლავური ანდო.

30 წლის მორაგბეს 43 “ბორჯღალი” აქვს მოხვეჭილი და ორჯერ გუნდი კაპიტანი იყო – ნაკრებს შარშანდელ “თბილისის თასზე” ესპანეთისა და “მზარდი იტალიის” წინაშე გაუძღვა და საგულისხმოა, რომ ქართველებმა ორივე თამაში დამაჯერებლად მოიგეს. სუთიაშვილის სანაკრებო დებიუტი 2005 წლის 12 ნოემბერს ჩილეს წინააღმდეგ შედგა, 2007 წლის მსოფლიო თასზე თამაშმა არ მოუწია, ხოლო 2011 წელს, ახალ ზელანდიაში შოტლანდიისა და ინგლისის წინააღმდეგ ითამაშა. შალვამ ნოემბრის ტესტებში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო, ახლა კი, სრულ მზადყოფნაშია.

“მწვრთნელებმა გამოცდილი და ახალბედა მოთამაშეების ნაზავი გუნდი შევარჩიეთ. მოუთმენლად ველით მათ ერთობლივ თამაშს. გერმანიის ნაკრები ა დივიზიონში წელს ამოვიდა და შესაბამისად, თავდაჯერებული გუნდია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ნოემბერში იმ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფი იაპონიის ნაკრები დავამარცხეთ და არც ჩვენ გვაკლია თავდაჯერებულობა”, - თქვა ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრების განაცხადში არაა საუკეთესო ბომბარდირი მერაბ კვირიკაშვილი (578 ქულა), რომელიც გუნდის მთავარი დამრტყმელია, ხოლო მისი შემცვლელი ლაშა მალაღურაძე თადარიგშია. უნდა ვივარაუდოთ, რომ გარდასახვების შესრულება გიორგი აფციაურს დაეკისრება, რომელიც ამ ფუნქციას კლუბის შემადგენლობაშიც ასრულებს. 20 წლის ქუთაისის “აიას” მორაგბისთვის ეს მეორე სანაკრებო შეხვედრა იქნება და ის პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. აფციაურის დებიუტი იაპონიასთან მატჩში შედგა, როდესაც ტრავმირებული დავით კაჭარავა მე-3 წუთზე შეცვალა, მაგრამ 59-ეზე თავადაც დაშავდა და მოედანი დატოვა.

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს აქამდე სამჯერ უთამაშიათ და სამივე ქართველთა გამარჯვებით, თანაც მზარდი სხვაობებით დასრულდა - 1995 წელს თბილისში 14:3 დაფიქსირდა, 2009 წელს ჰაიდელბერგში 38:5, ხოლო 2010 წელს თბილისში - 77:3. ხვალინდელ შეხვედრას ფრანგი რეფერი ლორან კარდონა განსჯის. რადგან ტელერეპორტაჟი არ იგეგმება, მისი ხილვა სთრიმის მეშვეობით, შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი: ჰტტპ://სპორტდეუტსცჰლანდ.ტვ/რუგბყ/ლივე-რუგბყ-ეუროპე-ცჰამპიონსჰიპ-2015-დეუტსცჰლანდ-ვს-გეორგიენ

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015

I ტური

7 თებერვალი. ჰოიზენშტამი. “სპორტცენტრუმი”. 17:00 (თბილისის დროით)

გერმანია - საქართველო

გერმანია: 15. შტეფენ ლიბიგი, 14. მარკ შტრინდერა, 13. კლემენს ფონ გრუმბკო (კაპ.), 12. ანიო ბუკმანი, 11. ჰენდრიკ ფან დერ მერვე, 10. ჯერემი ტეჰიუა, 9. ტიმ მენცელი; 1. მათიას შოსერი, 2. მიკა ტიუმენევი, 3. სემი ფიუხზელი, 4. ფალკ დუე, 5. რობ მეი, 6. უმბერტი პიჟა, 7. რობერტ ჰიტელი, 8. ალან კესენი.

სათადარიგოები: 16. დეილ გარნერი, 17. კრის ჰაუელსი, 18. მარკუს ბენდერი, 19. მიხაელ პომპაიერი, 20. კეომა ბრენერი, 21. პიერ მატიურენი, 22. შონ არმსტრონგი.

მთავარი მწვრთნელი: კობუს პოტხიტერი (სამხრეთ აფრიკა)

საქართველო: 15. გიორგი აფციაური (აია, საქართველო, 1 თამაში, 0 ქულა), 14. სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, საქართველო, 45, 15), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 76, 70), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 28, 35), 11. ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, საქართველო, 0, 0), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, საქართველო, 34, 20), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 0, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 21, 5), 2. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 13, 10), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 44, 45), 4. ვახტანგ მაისურაძე (ალბი, საფრანგეთი, 22, 10), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 44, 40), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, საქართველო, 16, 5), 7. შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 43, 5, კაპ.), 8. ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი, საქართველო, 9, 5).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (სეილი, ინგლისი, 27, 15), 17. ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 18, 15), 18. დუდუ ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 38, 10), 19. კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 26, 5), 20. დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი, საფრანგეთი, 36, 30); 21. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, საქართველო, 28, 0), 22. ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი, 51, 132 - 3 ლელო, 24 გარდასახვა, 20 ჯარიმა, 3 არეკნი), 23. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 21, 20).

გამოძახებულთაგან განაცხადში არ არიან: ვასილ კაკოვინი (ტულუზი, საფრანგეთი, 24 კეპი, 5 ქულა), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 6, 0), გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი, 78, 50), ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 6, 5); მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი, 80, 578 - 12 ლელო, 103 გარდასახვა, 101 ჯარიმა, 3 აერეკნი), მურაზ გიორგაძე (არმაზი, საქართველი, 3, 5).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რეფერი: ლორან კარდონა (საფრანგეთი)

კიდეებზე: მაქსიმ შალონი, ბენუა ესკუბე

პორტუგალია - რუმინეთი

ესპანეთი - რუსეთი

II ტური. 14 თებერვალი

საქართველო - პორტუგალია

რუმინეთი - ესპანეთი

გერმანია - რუსეთი

III ტური. 28 თებერვალი

ესპანეთი - საქართველო

რუსეთი - რუმინეთი

პორტუგალია - გერმანია

IV ტური. 14 მარტი

საქართველო - რუსეთი

პორტუგალია - ესპანეთი

გერმანია - რუსეთი

V ტური. 21 მარტი

რუმინეთი - საქართველო

რუსეთი - პორტუგალია

ესპანეთი - გერმანია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.21554