ამბები

17:29 | 5.02.2015 | ნანახია 2086 - ჯერ

სანაკრებო ჯახების პარალელურად

შაბათ-კვირას ევროპის სტადიონებზე სანაკრებო შეხვედრები გაიმართება. იწყება ექვსი ერი და რაგბის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ჩაებმება და 7 თებერვალს გერმანიაში მასპინძელთა ნაკრებს შეხვდება.

მიუხედავად ამისა, საქართველოს შიდა გათამაშება გაჩერებას არ აპირებს და XIII ტურის მატჩები სამ დღეზე გაწელილად - პარასკევს, შაბათს და კვირას გაიმართება. რეგულარული პირველობა დასასრულს უახლოვდება და ახლა ყოველი ტურის ნებისმიერი თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

2 ცენტრალური თამაშიდან ერთი პარასკევს, ბათუმში გაიმართება. ადგილობრივი გუნდი, რომელიც რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე დასასრულებლად იბრძვის, უშუალო კონკურენტ რუსთავის “ხარებს” მასპინძლობს. ზღვისპირელები, რომელთაც საგაზაფხულო ეტაპზე კარგი კალენდარი აქვთ, (7-დან 5 თამაშს საკუთარ მოედანზე ატარებენ), ზედიზედ მეორე საშინაო მატჩის მოგებით რეგულარული გათამაშების სასურველ ადგილზე დასრულებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

“ბათუმმა” პირველ წრეში უმეტესი თამაშები სტუმრად რომ ჩაატარა, აპრილამდე რიკოთს აქეთ გადმოსვლა არ უწევს. ზედიზედ 4 საშინაო მატჩის შემდეგ, მათ ქუთაისში უწევთ სტუმრობა, მერე “ყოჩებს” მასპინძლობენ და თბილისში ჩამოსვლა მხოლოდ რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში უწევთ. ზემოთნახსენები 4 საშინაო შეხვედრიდან “ბათუმმა” ერთი უკვე გამართა და აუტსაიდერი “თიბიეს უნივერსიტეტი” პრემიალური ქულით, 43:3 დაამარცხა.

შედეგად, მათი მოგებათა სერია 5, წაუგებელ მატჩთა სერია კი 6 თამაშამდე გაიზარდა. არის კიდევ ერთი მომენტი - უკანასკნელი 10 შეხვედრიდან გუნდმა 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ორჯერ დამარცხდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში შეძლო პრემიალური ქულის აღება და შედეგიც სახეზეა - ასეთი სერიების შემდეგ ზღვისპირელები 35 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერს 9 ქულით ჩამორჩებიან.

“ხარები” დიდი ხნის განმავლობაში მეორე ადგილზე იყო, მაგრამ მერე წაგებები შემოეჩვია და ახლა მეოთხე საფეხურამდე დაეშვა. 2014 წელი რუსთაველებმა “ბათუმთან” და “ლელო-სარასენსთან” ერთად 30-30 ქულით მეორე-მეოთხე ადგილზე დაასრულეს. ერთი კვირის წინ მათ თბილისელებს უმასპინძლეს და 13:27 დამარცხდნენ. ახლა მეორე კონკურენტ “ბათუმთანაც” თუ დამარცხდნენ, შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველებისთვის მეორე ადგილზე დასრულება და პლეი ოფში უკეთესი პირობებით გასვლა აუხდენელ ოცნებად დარჩება. აღსანიშნავია, რომ საწყის სამ ტურში გასული ჩემპიონატის მოწინავე სამეულის გუნდებიდან ორის დამარცხებისა და ერთთან ფრედ თამაშის შემდეგ, რუსთაველები მიმდინარე ჩემპიონატში პირველად მე-4 ტურში, სწორედ “ბათუმთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ - 15:18. მომავალი ჯახი, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, პარასკევს ანგისაზე, 15 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ბათუმელი გიორგი თხილაიშვილი ვერ მოიიღებს, რომელიც ნაკრებთან ერთად გერმანიასთან სათამაშოდ ემზადება.

7 თებერვალს, საქართველოს ნაკრების თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისში ორი შეხვედრა გაიმართება. 14:30 საათზე ორი ტრადიციული გუნდის და სატურნირო ცხრილის მეზობლების - თბილისის “ლოკომოტივისა” ქუთაისის “აიას” ჯახი დაიწყება. XII ტურის შემდეგ ორივე გუნდს 28-28 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მეხუთე-მეექვსე ადგილზე არიან და გამარჯვებული პლეი ოფში დამკვიდრებისკენ, ასევე რეგულარული გათამაშების უკეთეს პოზიციაზე დასრულებისკენ დიდ და მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, ხოლო დამარცხებულს ექვსეულში მოსახვედრად სერიოზული საბრძოლო ექნება.

გუნდები ამ თამაშს კარგ ხასიათზე ხვდებიან. 2015 წლის პირველ მატჩში ორივემ გამარჯვება იზეიმა - “ლოკომოტივმა” “ჯიქებს” 22:9 სძლია, ხოლო “აიამ” მიმდინარე გათამაშებაში მანამდე ბეჭდაუდებელი “ყოჩები” 21:11 წამოაქცია. პირველ წრეში, ქუთაისში გამართულ ულელოო შეხვედრაში “ლოკომოტივმა” მეტოქე 9:6 დაამარცხა. შაბათს ორივე გუნდს ნაკრებში გამოძახებული თითო-თითო მორაგბე დააკლდება - “აიას” უნივერსალი უკანახაზელი გიორგი აფციაური, ხოლო “ლოკომოტივს” შერკინების შემკვრელი ბექა ბიწაძე.

შაბათსვე “შევარდენზე”, 15 საათზე იწყება უმნიშვნელოვანესი შეხვედრა თბილისის “არმიასა” და გორის “ჯიქებს” შორის. ეს გუნდები ამ ეტაპისთვის მერვე-მეცხრე ადგილზე არიან და შეიძლება ითქვას, რომ დამარცხებულისთვის ექვსეულის კარი პრაქტიკულად დაიხურება, ხოლო გამარჯვებული საპლეიოფო ზონას ერთ მოგებამდე მიუახლოვდება. ერთი კვირის წინ აწ უკვე გორის “ჯიქები” “ლოკომოტივს” მთელი საათი ებრძოლა, მაგრამ ბოლოს გატყდა და 9:22 დამარცხდა. “არმია” “არმაზთან” მარცხდებოდა, თუმცა ბოლოს ძალები მოიკრიბა და ბოლო წუთზე გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა რომ მოჰყოლოდა, გამარჯვებასაც იზეიმებდა, ასე კი, მხოლოდ ფრეს და 2 ქულას დასჯერდა. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და გორელების ერთქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 13:12.

კვირას თბილისი კიდევ 2 შეხვედრას მასპინძლობს. 15 საათზე “ავჭალაზე” აუტსაიდერი “თიბიეს უნივერსიტეტი” ერთპიროვნულ ლიდერ ბოლნისის “ყოჩებს” მასპინძლობს. ქვემოქართლელებმა რეგულარული გათამაშების პირველი ნაწილი ძალიან კარგად ჩაატარა, 11 თამაშიდან 10 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ახალ წელს 14-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. მაგრამ ახალი წელი ჩემპიონატში პირველი მარცხით დაიწყო - მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ნახევარი საათის შემდეგ 11:0 იგებდა, საბოლოოდ 11:21 დამარცხდა და მისი უპირატესობაც 9 ქულამდე შემცირდა. ახლა “ყოჩები” გამოკვეთილ აუტსაიდერთან აუცილებლად პრემიალური ქულით მოგებას ეცდება.

“თიბიეს უნივერსიტეტმა” განვლილი 12 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ის “აია” დაამარცხა, რომელიც ერთადერთია, ვინაც წელს “ყოჩებს” აჯობა. აღსანიშნავია, რომ იმ თამაშის მსაჯობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და საბოლოოდ რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით მსაჯების დასჯით დასრულდა. თბილისელებს უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად მიზერული შანსი რჩებათ და ამისათვის ყველა შეხვედრის მოგება მართებთ, მაგრამ ერთი კვირის წინ, ბათუმში გატანილი ჯარიმის შემდეგ 43 უპასუხო ქულა მიიღეს და 3:43 დამარცხდნენ. პირველ წრეში “ყოჩებმა” შეძლო პრემიალური ქულით გამარჯვება - 36:13 ახლაც იგივეს ეცდება, თუმცა, მას ამ თამაშში ნაკრებში გამოძახებული ორი მორაგბე დააკლდება: ძირითადი 9 ნომერი გიორგი ბეგაძე და გარემარბი ალექსი ხუციშვილი.

და ბოლოს, 8 თებერვალს 16 საათზე, “შევარდენზე” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” “არმაზს” ეთამაშება. გუნდებს გასხვავებული მიზნები აქვთ - ჩემპიონს ტიტულის შენარჩუნებამდე რეგულარული გათამაშების მოწინავე ადგილებზე დასრულება სურს, ხოლო “არმაზი” ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის. თამაშს ორივე გუნდი ორი დანაკლისით ხვდება - “ლელოს” მგეზავი ლაშა ხმალაძე და გარემარბი სანდრო თოდუა, ხოლო “არმაზს” 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე და ასევე გარემარბი მურაზ გიორგაძე აკლია.

აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში არმაზელებმა მრისხანე მეტოქის 20:8 დამარცხება შეძლეს და იგივეს გამეორებას ახლაც ეცდებიან, მაგრამ ამის მიღწევა რთული იქნება. “ხარებთან” მატჩში “ლელო-სარასენსმა” აჩვენა, რომ წელიწადს კარგ ფორმაში ხვდება და რუსთავში მასპინძლებიც ლამაზ სტილში დაამარცხა. მომზადება არც “არმაზს” აკლია, რომელმაც “არმიას” ხაზში თამაშით აჯობა და 11:0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქის შერკინებას ვერაფერი დაუპირისპირა, ბოლოს ორი ლელო გაუშვა და რადგან უკანასკნელ წამზე გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა, ფრეს დასჯერდა. მოკლედ, “ლელო-სარასენსი” და “არმაზი” ხაზით თამაშის მოტრფიალენი არიან და “შევარდენზე” მისული მაყურებელიც დიდი ალბათობით ლაღი რაგბობის მომსწრე გახდება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XIII ტური

6 თებერვალი.

ბათუმი. ანგისა. 15:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ხარები (რუსთავი)

7 თებერვალი

თბილისი. “ავჭალა”. 14:30 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი

არმია (თბილისი) - ჯიქები (გორი)

8 თებერვალი

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)

თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

1 ყოჩები 12 10 1 1 270-157 44
2 ბათუმი 12 7 1 4 248-178 35
3 ლელო სარ. 12 7 2 3 236-164 34
4 ხარები 12 6 2 4 217-183 30
5 ლოკომოტივი 12 5 1 6 187-171 28
6 აია 12 6 0 6 193-186 28
7 არმაზი 12 5 1 6 202-230 24
8 არმია 12 4 1 7 169-235 21
9 ჯიქები 12 4 1 7 158-188 20
10 თიბიეს უნივ. 12 1 0 11 153-341 7


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.118769