ჩელენჯ კაპი

13:02 | 16.03.2016 | ნანახია 1407 - ჯერ

მეორე დონის ქვეყნები ევროთასებსაც არ ჭირდება

როგორც ჩანს, ექვსი ერის მსგავსად, მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს ჯერჯერობით არც იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ წამყვან ევროტურნირებში - ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ ქაფზე, მათი კლუბები რეაგულარულად თამაშის უფლებას მიიღებენ.

უფრო კონკრეტულად, ჩემპიონთა თასზე ჯერჯერობით ოცნებაც არ ღირს და ჩელენჯ ქაფზე მოხვედრაც მხოლოდ შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ, ორად ორი წარმატებული გუნდისთვის იქნება შესაძლებელი. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს ეს გუნდები რა შედეგს აჩვენებენ ძირითად ტურნირში - მათ ყოველი ახალი სეზონის წინ, თავიდან მოუწევთ შესარჩევი ეტაპის გავლა.

ტურნირების ორგანიზატორების პოზიცია ინგლისის პრემიერშიპის თავმჯდომარე მარკ მაკკაფერტიმ გააჟღერა:

„ჩვენ არ ვართ ევოლუციის წინააღმდეგი და მზად ვართ სტიმული მივცეთ ევროპაში საკლუბო რაგბის განვითარებას. ღია ვართ დიალოგისთვის ახალ კავშირებთა. მაგრამ პირველ ადგილზე კონკურენტუნარიანობა დგას. უახლოეს 10 წელიწადში და შესაძლოა, უფრო დიდი ხნითაც, მეორე ეშელონის გუნდები ტოპ-კლუბებთან ტოლსწორად ვერ ითამაშებენ. ევროთასებისთვის მნიშვნელოვანია პროგრესისა და სტაბილურობას შორის ბალანსის დაცვა. არავინ ამბობს, ცვლილებები საერთოდ არ უნდა მოხდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება, ერთსულოვანი გადაწყვეტილების შედეგი“.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში, რუმინეთის კლუბების ნაკრებმა, რომელიც რეგულარულად თამაშობდა ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე, არაერთხელ შეძლო წამყვანი ქვეყნების კლუბების დამარცხება, ხოლო მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, რუსულმა კლუბმა „ენისეიმ“ „ბრივსა“ და „ნიუკასლს“ აჯობა. გასაგებია, რომ ფრანგებს და ინგლისელებს უძლიერესი შემადგენლობით არ უთამაშიათ, მაგრამ ეს „ენისეის“ და ზოგადად მეორე დონის ქვეყნების დანაშაული ნამდვილად არაა.

დღესდღეობით ჩელენჯ ქაფზე მოსახვედრად იტალიურ, რუსულ, რუმინულ, გერმანულ, ესპანურ, პორტუგალიურ და ბელგიურ კლუბებს, ეგრეთწოდებულ მესამე დონის, შესარჩევ ტურნირში უწევთ მონაწილეობა. ამ ტურნირის საბოლოო ფორმატი ჯერ ჩამოყალიბებული არაა ცვლილებები კიდევ იქნება. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო შესარჩევ ეტაპში ჯერჯერობით არ მონაწიკეობენ ქართული კლუბები და იმედია, ეს სიტუაცია შემოდგომიდან შეიცვლება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089714