საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის მე-19 ტურში რამდენიმე საკვანძო შეხვედრა გაიმართა, მასში ქართველმა ლეგიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა და ორი მათგანი ყვითელი ბარათით დაისაჯა.
ლიდერი, გიორგი ნაცარაშვილის “პო” უახლოეს მდევარ “ბიარიცს” ეწვია, 20:0 დაამარცხა და Top 14-სკენ მორიგი მძლავრი ნაბიჯი გადადგა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქეს სახეში ისეთი უთავაზა, რეფერიმ ყვითელი ბარათი აუფრიალა. სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ნაცარაშვილი შეცვალეს, მაგრამ ბოლო 2 წუთით მოედანზე დაბრუნდა. “პომ” ტაიმი 3:0 მოიგო, მეორე ტაიმის დასაწყისში კაცნაკლულმა სტუმრებმა ლელო გაიტანეს, 55-ე წუთზე საჯარიმო ლელოც მიითვალეს, ხოლო ტაიმის შუაში ჯარიმა გაიტანეს. ნაცარაშვილის გუნდს ახლა 67 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 14 ქულით უსწრებს.
“ბიარიცის” მარცხით კარგად ისარგებლა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა”, რომელმაც ხუთეულისთვის მებრძოლი, ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი” 41:5 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. მატჩში სამმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა - მჭედლიძე, დათუნაშვილი და შარიქაძე შეუცვლელად გაისარჯნენ. დათუნაშვილმა, რომელიც სტუმართა გუნდის კაპიტანი იყო, 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა ერთი ლელო გაუშვეს და თავად 4 გაიტანეს, აქედან ორი დასკვნით 5 წუთში და “აჟენი” 53 ქულით მეორე ადგილამდე აღზევდა, ხოლო “ორიაკი” 49 ქულით მე-6 საფეხურამდე აღზევდა.
ლაშა ლომიძის “ბეზიემ” ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” 18:16 დაამარცხა და საპლეიოფო ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ლომიძე განაცხადში არ იყო, მაისურაძე სრულად გაისარჯა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე შეყლაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ტაიმი ჯარიმებით 18:3 მოიგეს, სტუმრებმა მეორე ნახევრის დასაწყისში ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, დასკვნით 10 წუთში კიდევ ორი ჯარიმა მიითვალეს, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა, “ალბიმ” პრემიალური ქულის აღება მოახერხა. “ალბი” 49 ქულით მე-5 ადგილზეა, “ბეზიე” 44 ქულით ჯერაც მე-9 საფეხურზე რჩება, მაგრამ საპლეიოფო ზონას მხოლოდ 5 ქულა აშორებს.
ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანმა” დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” 23:9 დაამარცხა და 45 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო “პერპინიანი” 50 ქულით მე-4 პოზიციაზეა. რატიანიძე განაცხადში არ იყო, ხოლო მჭედლიშვილმა და ბასიალაიმ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ბასილაია სასტარტო შემადგენლობაში 19 ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხვდა, ხოლო მჭედლიშვილი საწყის 15-ეულში აქამდე 13 სექტემბერს იდგა. მჭედლიშვილი შესვენებისას, ხოლო ბასილაია 58-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლები 13:0 დაწინაურდნენ, სტუმრებმა 48-ე წუთისთვის ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს (9:16), მაგრამ საათის თავზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.
კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბიმ” “კარკასონი” 21:14 დაამარცხა. ორი ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო - ბურჯი მირცხულავა 62-ე წუთზე კობერიძემ შეცვალა, ხოლო ნემსაძემ მოედანზე 65 წუთი გაატარა. პირველი ტაიმი 9:3 დასრულდა, მეორე ნახევარში მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და 40 ქულით მე-11 ადგილზე არიან.
ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” “ნარბონთან” სტუმრად 25:31 დამარცხდა. სასტარტო შემადგენლობაში სამმა ქართველმა ითამაშა - დადუნაშვილი შესვენებისას შეცვალეს, აშვეთიას ნაცვლად 53-ე წუთზე თამაშში ყუფარაძე ჩაერთო, სუთიაშვილი 23-ე წუთზე 10 წუთითი გაიყვანეს მოედნიდან და 49-ეზე შეცვალეს. “მასის” ბოლო წუთზე გარდასახვა რომ გაეტანა, პრემიალურ ქულას აიღებდა, ასე კი, 30 ქულით მე-13 ადგილზე რჩება. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 7-8 თებერვალს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია