ამბები

18:32 | 1.02.2015 | ნანახია 2191 - ჯერ

Top 14-ის სამი ლიდერი

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ს XVII ტურის შემდეგ 51-51 ქულით სამი გუნდი ლიდერობს და სამივე მათგანში ქართველი ლეგიონერები არიან.

უკვე ვწერდით, რომ პარასკევის მატჩში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” “ბაიონი” დაამარცხა და მინიმუმ ერთი დღით გალიდერდა. მისმა კონკურენტებმა “კლერმონმა” და “სტად ფრანსემ” საკუთარი შეხვედრები დათმეს, მხოლოდ პრემიალური ქულები ჩაიწერეს და Top 14-ის სატურნირო ცხრილიც “სამთავიან გველეშაპად” იქცა.

დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელს” ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია და ბოლო წუთებზე გაშვებული ლელო-გარდასახვით 12:16 დამარცხდა. კოლელიშვილი ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, ზირაქაშვილს მწვრთნელებმა ჩემპიონთა თასის ორი მატჩის შემდეგ დასვენების საშუალება მისცეს, ხოლო ყაულაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს.

სტუმრებმა ტაიმი 9:6 მოიგეს და 58-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდეს, მაგრამ 3 წუთში ჯარიმა თავადაც მიიღეს, ხოლო 78-ეზე ლელო გაუშვეს და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. “ლა როშელს” ამ მოგების შემდეგ 30 ქულა დაუგროვდა, ცხრილის ფსკერს თავი დააღწია და მე-13 პოზიციაზეა.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” საკუთარ მოედანზე მოულოდნელად დამარცხდა “ოიონაქსთან” - 13:15. ქუბრიაშვილმა პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ჟვანია შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა. პარიზელებმა პირველ ტაიმში ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ თავად 4 ჯარიმა გაუშვეს. მასპინძლებმა 49-ე წუთზე გატანილი ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნეს, მაგრამ მე-60 წუთზე ჯარიმა თავადაც გაუშვეს, ამის შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა და პარიზული გუნდი მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.

მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 20 წუთის შემდეგ კაცნაკლულმა ითამაშა, 34:24 იმარჯვა. ამ დროს მასპინძლები 3:6 ჩამორჩნენ, მაგრამ ტაიმი 17:14 მოიგეს. 48-ე წუთზე “ბორდო” 21:20 დაწინაურდა, თუმცა “მონპელიემ” დასკვნით 20 წუთში ორი ლელო გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ნარიაშვილმა 61-ე წუთამდე ითამაშა. “მონპელიე” 39 ქულით მე-7 ადგილზეა და “ბორდოს” 1 ქულით ჩამორჩება.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” კერკეტ “ლიონს” ეწვია, 13:11 იმარჯვა და 45 ქულით მე-5 ადგილზეა. ქართველი ბურჯი ტრავმირებულია. 41 ქულით მეხუთეა ვასილ კაკოვინის “ტულუზი”, რომელმაც სტუმრად “კასტრი” 13:9 დაამარცხა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო.

კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილისა და ახლა უკვე გიორგი ჟღენტის “ბრივმა” “გრენობლი” 23:0 დაამარცხა. 29 წლის ბურჯმა სეზონი “ბაიონში” დაიწყო, მაგრამ იქ საქმეები არ აეწყო, კონტრაქტი გაწყვიტა და “ბრივში” დანარჩენ ქართველებს შეუერთდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ამჯერად შველიძე იყო და შესვენებისას ის ტრადიციულად ასიეშვილმა შეცვალა. ფეიქრიშვილი და ჟღენტი განაცხადში არ იყვნენ.

ტაიმი 3:0 დასრულდა, მეორე ნახევრის დებიუტში მასპინძლებმა ჯარიმა და არეკნი გაიტანეს, მერე ორი ლელო მიითვალეს, გარდასახვებიც ზუსტი იყო 23:0 უკვე მე-60 წუთზე დაფიქსირდა. “ბრივი” 35 ქულით მე-10 ადგილზეა და როგორც გასავარდნ, ასევე საპლეიოფო ზონას 5 ქულა აშორებს.

ახლა საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის გუნდები 2 კვირა დაისვენებენ, რადგან ამ პერიოდში ექვსი ერის თამაშები იმართება და მე-18 ტურის შეხვედრები 19-21 თებერვალს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.120991