ამბები

19:18 | 30.01.2015 | ნანახია 3280 - ჯერ

“ჯიქები” ბოლოში გატყდა

თბილისის “ლოკომოტივმა” აწ უკვე გორის “ჯიქებს” დასკვნით ნახევარ საათში აჯობა, მეტოქის შეცდომებით სრულფასოვნად ისარგებლა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

ეს, 2015 წლის პირველი სარაგბო მატჩი თბილისში და მან ტრიბუნებზე გულშემატკივარი ვერ მიიზიდა. მშვენიერი დარი იდგა და სუფთა ჰაერზე ყოფნა ერთი სიამოვნება იქნებოდა, თორემ თავად მატჩიდან სიამოვნების მიღება მაყურებელს ნამდვილად გაუჭირდებოდა. იყო ბრძოლა და დაძაბულობა, მაგრამ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გუნდებს ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდებათ და ამან თამაშს თავისი დაღი დაასვა.

“ჯიქებისთვის” გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მონდომებაც არ აკდათ, მაგრამ სათამაშო დისციპლინამ და გადამწყვეტ მომენტებში დაშვებულმა შეცდომებმა მათი გარჯა არაფრისმომცემად აქცია. “ლოკომოტივმა”, რომელსაც მგეზავად გიორგი შკინინი ჰყავდა, მეტოქეს მძლავრი დაცვა დაუპირისპირა და მატჩში გარდატეხა მაშინ შეიტანა, როდესაც კაცნაკლული თამაშობდა.

გორელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ჯარიმის შესრულების უფლებაც მალევე მოიპოვეს, მაგრამ ლელოზე თამაში ირჩიეს და უქულოდ დარჩნენ. მე-7 წუთზე რკინიგზელები გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და ჯარიმით ანგარიშიც უნდა გაეხსნათ, მაგრამ დიმიტრი კალანდაძეს ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა არ გამოუვიდა. ხუთიოდე წუთში ის კარის წინ 10-12 მეტრიდან აღარ შეცდა და ანგარიში გახსნა. მცირე მონაკვეთების გარდა, პირველ ტაიმში სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას “ჯიქები” ფლობდა, ერთ-ერთ ეპიზოდში დავით პაპავაძემ ხაზი კარგად გაჭრა და სამი მბოჭავი ჩამოიცილა, მაგრამ ლელო არ გავიდა. სამაგიეროდ, მამუკა ნინიძემ კარის წინიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა და მე-20 წუთზე წონასწორობა აღადგინა.

განახლდა თუ არა თამაში, “ჯიქებმა” ბურთი ვერ აიღო და თამაშგარისთვის დაჯარიმდა - კალანდაძემ საშუალო დისტანციიდან რკინიგზელებს უპირატესობა დაუბრუნა. ამას “ლოკომოტივის” სწრაფი კონტრშეტევა მოყვა და კალანდაძემ ჯარიმით ანგარიში უკვე 9:3 გახადა. ნინიძემ ჩამორჩენა 36-ე წუთზე ჯარიმითვე შეამცირა და მისმა გუნდმაც შეუტია, მაგრამ შესვენებამდე დარჩენილმა დრომ უქულოდ ჩაიარა და ტაიმი 6:9 დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო. “ლოკომოტივი” მოლში დაჯარიმდა, “ჯიქებმა” 40 მეტრიდან კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია, წინსვლა რომ არ იყო ნინიძემ არეკნით დააპირა 3 ქულის აღება, მაგრამ დაუფარეს. 51-ე წუთზე გორელებმა სათამაშო უპირატესობა გამოიყენეს, გივი ბერიშვილი სინბინით დაისაჯა, ხოლო ნინიძემ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა.

წესით ეს გარდამტეხი უნდა ყოფილიყო და “ჯიქებს” გადამწყვეტი უპირატესობის მისაღებად ებრძოლა, მაგრამ მოხდა პირიქით. მათ ორი საკუთარი დერეფანი წააგეს, კალანდაძემ ჯარიმით “ლოკომოტივი” კვლავ წინ გაიყვანა, მერე ლაშა ფოფხაძემ გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო კალანდაძემ გარდასახვა გამოიყენა. აქ “ჯიქები” სულ მთლად მოიშალა და ბექა წიკლაურმა არეკნით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, მანვე კიდევ ორჯერ დაჰკრა თამაშიდან და ამ შემთხვევებში ბურთმა ძელებსშუა არ გაიარა, მაგრამ რკინიგზელებს საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდათ და 4 ქულით საპლეიოფო ზონაში პოზიციები გაიმყარეს, ხოლო “ჯიქებს” საქმე კიდევ უფრო გაურთულდა.

ბათუმში “ბათუმს” აუტსაიდერმა “თიბიეს უნივერსიტეტმა” პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე ლელო გაუშვა და 3:7 ჩამორჩა. ზღვისპირელებმა მეორე ტაიმში აიწყვიტეს, კიდევ 5 ლელო გაიტანეს, 43:3 იმარჯვეს და დაგეგმილი პრემიალური ქულაც მიითვალეს.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

XII ტური

30 იანვარი

თბილისი. “ავჭალა”. 200 მაყურებელი

ჯიქები (გორი) - ლოკომოტივი (თბილისი) 9:22 (6:9)

ჯიქები: 15. დიმიტრი კიკნაძე (რამაზ ხარაზიშვილი 72), 14. ნიკოლოზ ბიწაძე, 13. ვანო გაბროშვილი, 12. რეზო ჯინჯიხაძე (რატი ხუციშვილი 58), 11. ირაკლი სვანიძე, 10. მამუკა ნინიძე, 9. გიორგი ჭინჭარაული; 1. ვასილ კვერნაძე (ოთარ ქარჩავა 49), 2. ბექა მამრიკიშვილი (გიორგი ოქრომელიძე 69), 3. დავით ოქრიაშვილი, 4. ვლადიმერ გოგოლიძე, 5. არსენ ტრაპაიძე, 6. გურამ შენგელია, 7. ვეფხია ტუჩაშვილი (გიორგი მჭედლიშვილი 51), 8. დათო პაპავაძე (საბა შუბითიძე 51).

3 ჯარიმა: მამუკა ნინიძე

ლოკომოტივი: 15. ბექა წიკლაური, 14. გიორგი ბიწაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. დავით ჟამუტაშვილი, 11. დიმიტრი კალანდაძე, 10. გიორგი შკინინი (სანდრო ქავთარაძე 76), 9. შაკო დავითაშვილი (შალვა კლიმიაშვილი 60); 1. არჩილ ბეჟიაშვილი (დავიტ გასვიანი 46), 2. ირაკლი კვანთიძე (ლევან გენებაშვილი 41), 3. ომარ ბალიაშვილი (სოსო ბეკოშვილი 46), 4. გიორგი გეგია (გუჯა ღუდუშაური 41), 5. ფასნავაზ გასვიანი, 6. ლაშა ფოფხაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

1 ლელო: ლაშა ფოფხაძე

1 გარდასახვა: დიმიტრი კალანდაძე

4 ჯარიმა: დიმიტრი კალანდაძე

1 არეკნი: ბექა წიკლაური

1 სინბინი: გივი ბერიშვილი (51)

ბათუმი. ანგისა.

ბათუმი (ბათუმი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) 43:3

1 ყოჩები 11 10 1 0 259-136 44
2 ბათუმი 12 7 1 4 248-178 35
3 ლელო სარ. 11 6 2 3 209-151 30
4 ხარები 11 6 2 3 204-156 30
5 ლოკომოტივი 12 5 1 6 187-171 28
6 აია 11 5 0 6 172-175 24
7 არმაზი 11 5 0 6 184-212 22
8 ჯიქები 12 4 1 7 158-188 20
9 არმია 11 4 0 7 151-217 19
10 თიბიეს უნივ. 12 1 0 11 153-341 7

31 იანვარი

რუსთავი. ახალი. 13:00 საათი

ხარები (რუსთავი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი)

ქუთაისი. “აია”. 15:00 საათი

აია (ქუთაისი) - ყოჩები (ბოლნისი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.45209