საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის მე-18 ტურში ბექა შეყლაშვილმა ლელო გაიტანა, გიორგი ნაცარაშვილი და გიორგი ნემსაძე ყვითელი ბარათებით დაისაჯნენ, ხოლო მერაბ შარიქაძე და ლევან დათუნაშვილი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკმა” “ნარბონი” პრემიალური ქულით, 33:11 დაამარცხა. 2014 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე შარიქაძემ სრულად ითამაშა, დისკვალიფიკაცია მოიხადა მეორეხაზელმა დათუნაშვილმა, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ხატიაშვილი ტრავმირებულია. მასპინძლებმა მეორე ტაიმის დებიუტში ლელო მიიღეს, მაგრამ ბოლო წუთზე მეოთხე, საჯარიმო ლელო მიითვალეს და ის ბონუს-ქულა მოიპოვეს, რომელმაც მათ 49 ქულით მეოთხე ადგილამდე დაწინაურების საშუალება მისცა. სასიხარულოა, რომ ამ მატჩში მონაწილე ორივე ქართველი ლეგიონერი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“ორიაკს” ქულით ჩამორჩა ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი”, რომელმაც უშუალო კონკურენტ “მონტობანთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 21:9. მასპინძელთა ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორეხაზელმა მაისურაძემ სრულად ითამაშა, ხოლო შეყლაშვილი 55-ე წუთზე შეცვალეს. ტაიმი 9:6 დასრულდა, მეორე ნახევრის დასაწყისში ქართველმა ბურჯმა თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა და ანგარიში 14:6 გახდა. მერე “ალბიმ” მეორე ლელოც მიითვალა, მაგრამ პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა.
გიორგი ნაცარაშვილის “პომ” “კოლომიე” პრემიალური ქულით, 45:10 გაანადგურა და 63 ქულით ლიდერობა გაიმყარა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. ნაცარაშვილი მეორე ტაიმის დებიუტში მოწინააღმდეგის პირველხაზელთან ერთად გაასინბინეს და 10 წუთი დასჯილთა სკამზე გაატარა. მასპინძლებმა ერთი ლელო გაუშვეს, მაგრამ თავად შვიდი გაიტანეს და საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” დაძაბულ ბრძოლაში 23:19 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველი ლეგიონერები შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდნენ, სტუმართა მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა ნემსაძემ, ხოლო ბურჯი მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. “ტარბიმ” ტაიმი 9:3 მოიგო და 53-ე წუთზე 12:10 დაწინაურდა, მაგრამ 10 წუთში 12:20 ჩამორჩა. სტუმრებმა ლელო-გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმცა ბოლო ჯარიმა გაუშვეს და პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. “ტარბი” 36 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო “პერპინიანი” 50 ქულით მე-3 პოზიციაზეა.
თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა” ლაშა ლომიძის “ბეზიე” 30:13 დაამარცხა. მჭედლიძემ შეცვლაზე 63-ე წუთიდან ითამაშა, ლომიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 48-ე წუთზე 7 წუთით სისხლზე, ხოლო 62-ეზე ჩვეულებრივ შეცვალეს. მასპინძლებმა დასკვნით 10 წუთში ორი ლელო გაიტანეს, ამ კომპონენტით 4:1 იმარჯვეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. “აჟენს” “ალბის” დარად 48 ქულა აქვს, მას დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა, ხოლო “ბეზიე” 40 ქულით მე-9 ადგილზე რჩება.
ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” “ბიარიცთან” 10:18 დამარცხდა და უქულოდ დარჩა. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა. “მასი” მეორე ტაიმის დებიუტში 10:5 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 30 ქულით მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს.
ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანი” “ბურგონთან” ქართველი ლეგიონერის გარეშე 16:21 დამარცხდა, პრემიალური ქულა მიითვალა და 41 ქულით მე-8 ადგილზეა. Pრო D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 31 იანვარსა და 1-ელ თებერვალს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია