ამბები

14:39 | 26.01.2015 | ნანახია 1946 - ჯერ

მთავარი თასისთვის ექვსი იბრძოლებს

ევროპის ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ტურნირის, ევროპის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ექვსი ქართველი ლეგიონერის სამი ფრანგული კლუბი გავიდა.

პირველ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, რომელმაც დასკვნით ტურში უახლოეს მდევარ “სარასენსს” 18:6 აჯობა. სამწუხაროდ, კოლელიშვილმა ცოტა ხნის წინ ისეთი დაზიანება რომ მიიღო, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია, ზირაქაშვილი კი, ინგლისელებთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდის გამარჯვებაში ერთსაათიანი წვლილი შეიტანა.

ფრანგებმა ტაიმი 10:3 მოიგეს, შეხვედრა რომ განახლდა, ინგლისელებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ 3 წუთში მძლავრი პასუხი მიიღეს. მრავალფაზიან შეტევაში, რომელიც “კლერმონის” მეორე ლელოთი დასრულდა, ქართველი ბურჯი აქტიურად მონაწილეობდა, მან რამდენჯერმე გაწმინა რაქი, მერე თავად დაკრა და ზედ ხაზიდან შემოაბრუნეს, მაგრამ მეტოქის დაცვა ისე მოირღვა, რომ შემდეგ დარტყმას ვეღარ დაუდგა. სულ ბოლოს მასპინძლებმა ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს და ერთრაუნდიან მეოთხედფინალში ინგლისურ “ნორთჰემპტონს” მასპინძლის რანგში დაუხვდებიან.

ამავე ჯგუფში შალვა მამუკაშვილის “სეილი” ირლანდიაში “მანსტერთან” 10:65 დამარცხდა. რადგან ამ შეხვედრის შედეგი ინგლისელებისთვის აღარაფერს წყვეტდა, მწვრთნელებმა ქართველ კვაჭს, რომელიც ახლახანს მომჯობინდა, დასვენების საშუალება მისცეს.

მეორე ჯგუფიდან მეოთხედფინალში პირველი ადგილით ირლანდიური “ლენსთერი” გავიდა, რომელთანაც დასკვნით ტურში ნათამაშებმა ფრემ, პლეი ოფის საგზური ინგლისურ “უოსპსაც” მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონს” მესამე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება უკვე დაბევებული ჰქონდა, არ მოდუნდა, უელსში “სკარლეტსი” 26:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში ინგლისურ “უოსპსს” საკუთარ მოედანზე დაუხვდება. ფრანგებმა მასპინძლებს საქმე 50 წუთში მოუმთავრეს, ქართველ ლეგიონერთაგან კი, განაცხადში მხოლოდ გორგოძე იყო და შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა.

ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად დაასრულა დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ”, რომელმაც დასკვნით ტურში “ნორთჰემპტონს” ინგლისში 32:8 სძლია და პრემიალური ქულაც მიითვალა. პარიზელებმა ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულა მოაგროვეს და მეოთხედფინალში ინგლისურ “სარასენსს” მასპინძლობენ. ხინჩაგიშვილი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო.

მეოთხე ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ფრანგული კლუბების დერბი საინტერესო საყურებელი გამოდგა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” ჯგუფიდან გასვლის კი არა, ბოლო ადგილიდან თავის დაღწევის შანსიც არ ჰქონდა, მაგრამ ვასილ კაკოვინის “ტულუზის” არაფერი დაუთმო, 27:26 დაამარცხა და მეოთხედფინალში არ გაუშვა. ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კაკოვინი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმრები მეორე ტაიმის დასაწყისში 20:9 დაწინაურდნენ. მაგრამ 5 წუთში ორი ლელო მიიღეს, ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და ქულით ჩამორჩნენ. ამის შემდეგ ჯარიმით ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან მეორე, ბოლო დარტყმა 67-ე წუთზე “მონპელიემ” გამოიყენა და 27:26 მოგებით დაადასტურა, რომ რაგბი სამართლიანი თამაშია!

ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასი. 2014/2015 წლების სეზონი

VI ტური.

I ჯგუფი

მანსტერი (ირლანდია) - სეილი (ინგლისი) 65:10

კლერმონი (საფრანგეთი) - სარასენსი (ინგლისი) 18:6

1 კლერმონი 6 5 0 1 140-80 22
2 სარასენსი 6 4 0 2 119-95 17
3 მანსტერი 6 3 0 3 144-114 15
4 სეილი 6 0 0 6 82-196 2

II ჯგუფი

კასტრი (საფრანგეთი) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 19:47

უოსპსი (ინგლისი) - ლენსთერი (ირლანდია) 20:20

1 ლენსთერი 6 4 1 1 148-101 20
2 უოსპსი 6 3 1 2 155-105 18
3 ჰარლექუინსი 6 4 0 2 135-99 18
4 კასტრი 6 0 0 6 86-219 1

III ჯგუფი

სკარლეტსი (უელსი) - ტულონი (საფრანგეთი) 3:26

ოლსტერი (ირლანდია) - ლესტერი (ინგლისი) 26:7

1 ტულონი 6 5 0 1 181-89 22
2 ლესტერი 6 3 0 3 108-126 13
3 ოლსტერი 6 2 0 4 116-146 12
4 სკარლეტსი 6 2 0 4 90-134 8

IV ჯგუფი

ბათი (ინგლისი) - გლაზგო (შოტლანდია) 20:15

მონპელიე (საფრანგეთი) - ტულუზი (საფრანგეთი) 27:26

1 ბათი 6 4 0 2 146-108 19
2 ტულუზი 6 4 0 2 126-124 17
3 გლაზგო 6 3 0 3 108-84 15
4 მონპელიე 6 1 0 5 90-154 6

V ჯგუფი

ბენეტონი (იტალია) - ოსპრეიზი (უელსი) 23:20

ნორთჰემპტონი (ინგლისი) - რასინგ მეტრო (საფრანგეთი) 8:32

1 რასინგ მეტრო 6 5 1 0 168-69 24
2 ნორთჰემპტომი 6 4 0 2 178-82 19
3 ოსპრეიზი 6 1 1 4 110-121 9
4 ბენეტონი 6 1 0 5 62-246 4

3-5 აპრილი. მეოთხედფინალები

რასინგ მეტრო (საფრანგეთი) - სარასენსი (ინგლისი)

ტულონი (საფრანგეთი) - უოსპსი (ინგლისი)

კლერმონი (საფრანგეთი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი)

ლენსტერი (ირლანდია) - ბათი (ინგლისი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.12567