ამბები

22:04 | 24.01.2015 | ნანახია 3837 - ჯერ

შალვა მამუკაშვილი: “ხანგრძლივი მზადების შემდეგ, ტონგას დამარცხება რეალურია”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის “სეილ შარქსის” კვაჭი შალვა მამუკაშვილი 2015 წლის ევროპის ერთა თასის ორ მატჩში, გერმანიასთან და პორტუგალიასთან სათამაშოდ გამოიძახა.

ამაში უცნაური არაფერია, რადგან 24 წლის მორაგბემ ბოლო დროს მყარად დაიმკვიდრა ადგილი “ბორჯღალოსანთა” სასტარტო შემადგენლობაში და საიმედო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. უბრალოდ, მამუკაშვილი ბოლო დროს კლუბის შემადგენლობაში არ ჩანს, რისი მიზეზიც ინგლისის პრემიერშიპის მე-12 ტურის მატჩში მიღებული ტვინის შერყევაა, თუმცა, ახლა ყველაფერი რიგზეა და შალვაც 7 თებერვალს ჩვეულ ფორმაში იქნება.

შალვა მამუკაშვილი: “უოსპსთან” მატჩში ტვინის შერყევა მივიღე, რის გამოც “ნორთჰემპტონთან” შეხვედრა გამოვტოვე და სამწუხაროდ, “კლერმონის” და “მანსტერის” წინააღმდეგაც ვერ ვითამაშებ. ვარჯიში 10 დღეა დავიწყე, ნელ-ნელა დატვირთვებსაც ვუმატებ და “მანსტერთან” თამაშსაც შევძლებდი, მაგრამ რადგან ამ თამაშის შედეგი აღარაფერს წყვეტდა, მწვრთნელებმა მეტი დასვენების საშუალება მომცეს.

- გუნდმა ჩემპიონთა თასზე თამაში ვერ მოიგო და რა არის ამის მიზეზი?

- თავიდანვე ითქვა, რომ “სეილი” ეგრეთწოდებულ სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად უძლიერესი გუნდები - “კლერმონი”, “სარასენსი” და “მანსტერი” გვყავდა. კარგად გვქონდა გათვითცნობიერებული, რომ ჯგუფიდან გასვლა გაგვიჭირდებოდა და მიზნად საშინაო შეხვედრების მოგება დავისახეთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, არ გაგვიმართლა და სამივე შემთხვევაში ბოლო წუთებზე დავმარცხდით.

- სად უფრო რთულია თამაში - ჩემპიონთა თასზე თუ პრემიერშიპში?

- აქამდე “სეილი” ჩელენჯ ქაფზე თამაშობდა და გუნდის წევრთა უმრავლესობამ, ისევე, როგორც მე, ამ ტურნირში პირველად მიიღო მონაწილეობა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა თასზე უფრო გაგვიჭირდა, თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ ტურნირზე უფრო მძიმე თამაშებია, ვიდრე პრემიერშიპში. პირადად მე სამ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა - ორჯერ “სარასენსთან” და ერთხელ “კლერმონის” წინააღმდეგ.

- შეეჩვიეთ ინგლისური რაგბის ტემპს?

- ფიზიკურად გუნდში ჩამოსვლისასაც არავის ჩამოვუვარდებოდი, ტემპთან შეგუებას კი, დრო დაჭირდა. აქ მართლაც ძალიან მაღალი ტემპია, მაგრამ ნელ-ნელა ფეხი ავუბი და ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძობ.

- “სეილის” მიზანი საუკეთესო ექვსეულში შესვლაა, ახლა მერვე ადგილზე ხართ. შეძლებთ მიზნის მიღწევას?

- მიზანი არც ახლა შეცვლილა, მით უმეტეს, რომ ლიდერ “ნორთჰემპტონის” დამარცხებით დიდი ნაბიჯი გადავდგით. რამდენიმე ისეთი კარგი თამაში ჩავატარეთ, რომ ხანდახან მწვრთნელები 4-ეულში შესვლაზეც ფიქრობენ. ისეთი თამაშები გვიწევს, რომელთა მოგებაც უპრობლემოდ უნდა მოვახერხოთ და ვნახოთ რა მოხდება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ოთხეულზე ფიქრი მეტისმეტია, ექვსეულში შესვლა კი, უნდა მოვახერხოთ. ინგლისის პრემიერშიპში ერთთვიანი შესვენებაა, ჩემპიონთა თასის შემდეგ, ინგლისი-უელსის თასის ორი თამაში გველის. იმ სამი ტურნირიდან, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ, უპირატესობა თავიდანვე პრემიერშიპს ენიჭებოდა, მაგრამ თასზე “ნიუკასლს” თუ ვაჯობეთ, ნახევარფინალში გავალთ და სავარაუდოდ, მის მოგებაზეც დავფიქრდებით.

- “სეილთან” ერთწლიანი კონტრაქტი გქონდათ და რაიმე სიახლე ხომ არაა ამ კუთხით?

- კვლავ 1-წლიანი კონტრაქტი მაქვს და ჯერჯერობით ამ კუთხით სიახლე არაფერია. სავარაუდოდ, კონტრაქტზე თვის ბოლოს დავილაპარაკებთ და ვნახოთ რა იქნება.

- სულ მალე ერთა თასი იწყება, რომლის მსვლელობისას გარკვეული ექსპერიმენტები იგეგმება.

- მიუხედავად იმისა, რომ ტვინის შერყევა მქონდა, ნაკრებში მაინც დამიძახეს და ამან ძალიან გამახარა. იმედია, ყველა თამაშში მივიღებ მონაწილეობას. სწორედ აქედან იწყება მსოფლიო თასისთვის მზადება და მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დახვეწა. მოსამზადებლად 25-წლამდელთა ნაკრების და თბილისის თასის შეხვედრებსაც გამოვიყენებთ, მერე კი, შეკრება გვექნება. შეთამაშების გარდა, რა თქმა უნდა ერთა თასის ყველა მატჩის მოგება და ტიტულის შენარჩუნება ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება.

- რამდენად რეალურია მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგება?

- ტონგას დამარცხება სავსებით რეალურია - ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ რეალურია. თუ შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება, ვფიქრობ, პრობლემა არ შეგვექმნება. თბილისში დავალებები ვერ შევასრულეთ და მათთან ამის გამო დავმარცხდით. ყოველთვის ასეა, ახალი შეკრებლები როცა ვართ, პირველი თამაშის ჩატარება გვიჭირს, მით უმეტეს ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ტონგასთან მატჩს თუ გავიხსენებთ, თბილისში უმეტესად დაცვაზე ვიყავით ორიენტირებული. მსოფლიო თასის წინ ხანგრძლივი შეკრება გვექნება და ინგლისში განსხვავებულ თამაშს ვაჩვენებთ. ნამიბიას წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, თუმცა, ამ გუნდს აუცილებლად უნდა მოვუგოთ.

- გულშემატკივართა ნაწილი ფიქრობს, რომ ტონგას დამარცხების შემთხვევაში არგენტინასთან დიდი ბრძოლა გვექნება.

- ვერ ვიტყვი რომ არგენტინის დამარცხებასაც მოვახერხებთ. რა მიზანიც დასახული გვაქვს ის შევასრულოთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083947