ამბები

15:38 | 20.01.2015 | ნანახია 1199 - ჯერ

პლეი ოფისთვის შვიდი იბრძვის

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში შაბათ-კვირას მე-17 ტურის თამაშები გაიმართა. ქართველი ლეგიონერების 9 გუნდიდან 7 თოპ 14-ში ასასვლელ პლეი ოფში მოსახვედრად, ხოლო ერთი დივიზიონში დასარჩენად იბრძვის.

ლაშა ლომიძის “ბეზიემ” ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და მოწინავე ხუთეულს 4 ქულამდე მიუახლოვდა. განვლილ ტურში ქართველი მესამეხაზელის გუნდმა ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” პრემიალური ქულით, 63:14 დაამარცხა. ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა ლომიძე, რომელიც შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. სრულად ითამაშა სტუმართა მესამეხაზელმა სუთიაშვილი, ხოლო ყუფარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე აშვეთიამ შეცვალა. “ბეზიე” 40 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო “მასი” 30 ქულით მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 7 ქულა აშორებს.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკმა”. ამჯერად ამ გუნდმა “კარკასონი” სტუმრად 16:12 დაამარცხა და 44 ქულით მე-5 პოზიციაზეა. საქართველოს საუკეთესო მორაგბე შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ხატიაშვილს ტრავმა აწუხებს.

გიორგი ნაცარაშვილის “პომ” “ნარბონს” სამი უპასუხო ლელო გაუტანა, 25:12 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ნაცარაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 31-ე წუთზე დროებით შეცვალეს და თამაშში 49-ე წუთზე დააბრუნეს. “პო” 58 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარს მთელი 10 ქულით უსწრებს და დიდი ალბათობით თოპ 14-ის პირდაპირ საგზურსაც მოიპოვებს.

46 ქულით მესამე ადგილზეა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი”, რომელიც “კოლომიეს” ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია და 15:32 დამარცხდა. მას 2 ქულით ჩამორჩება ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი”, რომელსაც “ბიარიცმა” 14:6 მოუგო. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეყლაშვილი 54-ე, ხოლო მაისურაძე 65-ე წუთზე შეცვალეს.

თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა” ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანი” სტუმრად 11:9 დაამარცხა. რატიანიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო სტუმართა შორის მე-60 წუთიდან შეცვლაზე ითამაშა თეთრაშვილმა. ორივე გუნდი პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის და “აჟენი” 43 ქულით მე-6, ხოლო “მონ-დე-მარსანი” 40 ქულით მე-8 ადგილზეა.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბიმ” “ბურგონს” 3 უპასუხო ჯარიმა გაუტანა, 9:0 დაამარცხა და 35 ქულით მე-11 ადგილზეა. ნემსაძე და მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და პირველი 70-ე, ხოლო მეორე 73-ე წუთზე შეცვალეს. აქვე გეტყვით, რომ მირცხულავამ “ტარბთან” ახალი, 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 26 წლის ქართველი ამ გუნდში 2017 წლამდე დარჩება. Pრო D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 24-25 იანვარს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078225