ამბები

18:59 | 18.01.2015 | ნანახია 3932 - ჯერ

ლევან გოგოლაშვილი: “შანსი თუ მომეცემა, ნაკრებს მაქსიმალურად გამოვადგები”

საქართველოს სარაგბო სეზონის განახლებამდე დაახლოებით 10 დღე რჩება და გუნდებიც საგაზაფხულო ეტაპისთვის ემზადებიან. მათ შორისაა მიმდინარე გათამაშების ლიდერი ბოლნისის “ყოჩები”, რომელმაც 11-იდან 10 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და უახლოეს მდევართან 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

მზადების პროცესში “ყოჩებმა” ავჭალის სარაგბო სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის “ჯიქებთან” საწვრთნელი შეხვედრა გამართა. ბოლნისელთა 22 წლის გარემარბი ლევან გოგოლაშვილი, 2 მცველს შორის ფინტებით გაძვრა და ლელო გაიტანა. ეროვნულ ჩემპიონატში მას 4 ლელო აქვს გატანილი და საუკეთესო მელელოვეებში მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს. ის შიდა ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული გარემარბია და 2014 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

გოგოლაშვილი საქართველოს 7-კაცა ნაკრების წევრია, რომელსაც წლეულს 2016 წლის ზაფხულის ოლიმიური თამაშების შესარჩევი ეტაპი ელის. ლევანი შარშან “ბორჯღალოსნების” გაფართოებულ შემადგენლობაშიც იყო გამოძახებული, მაგრამ თამაშმა არ მოუწია, მერე კი ქვეყნის პირველ გუნდში აღარ მიუწვევიათ. ახლა, როდესაც გუნდიდან გარემარბი ირაკლი მაჩხანელი წავიდა და მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ერთა თასზე ნაკრებში ახალი მორაგბეების გასინჯვას გეგმავს, ზელანდიელისთვის ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთეს გარემარბის საქმეში ხილვა საინტერესო უნდა იყოს.

“მსოფლიო სპორტი” ახალგაზრდა მორაგბეს “ჯიქებთან” საწვრთნელი თამაშის შემდეგ გაესაუბრა.

- როგორ ემზადება “ყოჩები” საგაზაფხულო ეტაპისთვის?

- გუნდს წლეულს დიდი მიზნები რომ აქვს, დღესასწაულებზე დიდი ხანი არ დაგვისვენია. 3 იანვარს შევიკრიბეთ და უწინარესად ფიზიკური კონდინციების ამაღლებაზე დავიწყეთ ზრუნვა. პირველ ეტაპზე დავრბოდით და ძელებით ვვარჯიშობდით, მერე კი, საწვრთნელ პროცესში ბურთიც ჩაერთო და “ჯიქებთან” საწვრთნელი შეხვედრა ჩავატარეთ.

- რაზე მიგანიშნათ ამ თამაშმა? გუნდი საგაზაფხული ეტაპს მზად ხვდება?

- პირადად მე კმაყოფილი ვარ. კარგი თამაში გამოვიდა, სუსტი წერტილებიც გამოჩნდა და ძლიერი მხარეებიც დავინახეთ. ახლა ჩვენ უკვე ვიცით, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ქუთაისში ჩასატარებელ მატჩამდე სუსტი წერტილების აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ.

- ქუთაისში თამაში ყველა გუნდს უჭირს...

- დიახ და საგულდაგულოდ ვემზადებით. “აიასა” და “ჯიქების” სათამაშო სტილი ერთმანეთს წააგავს, ორივეს დიდი ბიჭები ჰყავს, ახლოს თამაშობენ და ჩვენ მათ თამაშის გაშლა უნდა დავუპირისპიროთ.

- “ყოჩები” უახლოეს მდევარს 14 ქულით უსწრებს. შეძლებთ რეგულარული გათამაშების პირველ ადგილზე დასრულებას?

- ისეთი უპირატესობა გვაქვს, პირველ ან მეორე ადგილზე თუ ვერ გავედით, დანაშაული იქნება. პროგრამა მინიმუმი პლეი ოფში პირველ-მეორე ადგილით გასვლა იყო. ყველა წინაპირობა გვაქვს და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ რეგულარული პირველობის პირველ საფეხურზე დასასრულებლად. ყველა დარჩენილ თამაშს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, ფინალივით ვითამაშოთ და მწამს, პრობლემა არ შეგვექმნება.

- 2014 წლის მიწურულს თქვენ ჩვენი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდით.

- გასული სეზონი მართლაც კარგად ჩავატარე და წლის სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი. აქამდე რჩეულებს შორის მოსახვედრად სულ ცოტა მაკლდებოდა. დარწმუნებული ვარ, 2015 წელს კიდევ უფრო უკეთესი სეზონი მექნება.

- 2015 წელი 7-კაცა ნაკრებისთვის, რომლის მუდმივი წევრიც ხართ, ზაფხულის ოლიმპიადის შესარჩევი წელიწადია და რამდენად გვაქვს ბრაზილიაში მოხვედრის შანსი?

- ყველა იმ მეტოქისთვის, რომლებთანაც თამაში მოგვიწევს, აქამდე მოგვიგია და რატომ არ უნდა გავიმეოროთ იგივე ამჯერადაც?! ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, დამარცხებული გვყავს, იტალიასთანაც ხშირად ვიგებთ. იოლი არ იქნება, მაგრამ მთავარია მოვინდომოთ, კარგად მოვემზადოთ და შანსი ნამდვილად გვექნება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრაზილიაში მოსახვედრად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- თებერვალში ერთა თასი იწყება და გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტურნირზე ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდება. თქვენ ხომ არ მიგიღიათ მიწვევა?

- თუკი დამიძახებენ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოვადგები. ყოველდღიურად სწორედ იმისთვის ვვარჯიშობ, რომ თუკი მწვრთნელი ჩემს გამოძახებას ჩათვლის საჭიროდ, მზად ვიყო! მთავარია შესაძლებლობა მომეცეს და მაქსიმუმს გავიღებ იმისათვის, რომ ეროვნულ გუნდში ადგილი დავიმკვიდრო. იმედია, შანსი მალე მომეცემა და ჩემი ოცნებაც ახდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110253