საქართველოს მორაგბეთა A ნაკრები, დღეს თავის მეორე შეხვედრას გამართავს და პოლონეთის ეროვნული გუნდის 54:5 განადგურების შემდეგ, უკრაინის ეროვნული ნაკრების დამარცხებას შეეცდება.
“ბორჯღალოსნებმა” მატჩისწინა ბოლო ვარჯიში “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გამართეს და კომბინაციები დაამუშავეს. მწვრთნელები და მოთამაშეები ერთიანად თანხმდებიან, რომ უკრაინას პოლონელებზე ძლიერი გუნდი ჰყავთ და უკეთესი თამაშის მოლოდინში არიან, თუმცა, ტაქტიკის თვალსაზრისით არაფრის შეცვლას არ გეგმავენ და მომხვდურის დამარცხება კვლავ ლამაზ სტილში, გაშლილი რაგბით და ხელით შეტევით აპირებენ.
პრინციპში, უკრაინელები პოლონელებზე ძლიერები რომ არიან, ეს “ერთა თასის” ჩვენ ქვედა დონეზე ნაჩვენები შედეგებითაც კარგად ჩანს. უკრაინამ პოლონეთი სტუმრად 13:12 დაამარცხა, საკუთარ კედლებში კი 19:12 აჯობა და ახლა, საკუთარ ჯგუფში 6 თამაშიდან 5 მოგება და ერთი მარცხი დაუგროვდა, 16 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ პოლონეთს, 4 ქულით უსწრებს (სამ-სამი მოგება და მარცხი). ამრიგად, თუ დარჩენილი ორი მატჩიდან, უკრაინელებმა ერთი მაინც მოიგეს, 2011 წლის “ერთა თასზე” საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ითამაშებენ. გარდა ამისა, უკრაინის ეროვნული ნაკრები IღB-ს რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს, მაშინ როდესაც პოლონეთს, 34-ე პოზიცია უკავია.
უკრაინელები გუშინ ეწვივნენ თბილისს, თამაში კი “ბორის პაიჭაძეზე” გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. ქართული რაგბის 50 წლისთავთან დაკავშირებული ზეიმის მეორე რაუნდზე დასწრება, პირველის მსგავსად, უფასო იქნება და მორაგბეებს გულშემატკივართა მხარდაჭერის იმედი აქვთ, ვინც სტადიონზე მისვლას ვერ მოახერხებს, მათთვის “საზოგადოებრივი მაუწყებელი” პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს.
საქართველოს A ნაკრების მწვრთნელებმა, “სპორტულ ამბებს” მომავალი მატჩის ძირითადი შემადგენლობაც გაუმხილა და მასში, ერთი კვრის წინანდელი შეხვედრისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. შერკინების პირველ ხაზში, ირაკლი ჭყონიას ჯაბა ბრეგვაძე ჩაანაცვლებს, მეორე ხაზში, დიმიტრი პავლოვის ნაცვლად ილია სურგულაძე ითამაშებს, ხოლო მესამე ხაზში, შოთა საყვარელიძესა და ზვიად მაისურაძეს ლაშა თავართქილაძე და ბესიკ უდესიანი შეცვლიან.
ეროვნულ გუნდში გადასულ ბიძინა სამხარაძის ადგილს, 9 ნომრის პოზიციაზე გიორგი კაჭარავა დაიკავებს. ცვლილებებია უკანა ხაზშიც. ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს გიორგი ჯიმშელაძე, ტრავმირებული ირაკლი ნინიძის ადგილზე გიგა კორკელია გადაინაცვლებს, ფლანგზე კი ირაკლი გეგენავა დადგება.
ლევან მაისაშვილი: “პოლონეთთან გამართულ მატჩთან შედარებით, რამდენიმე ცვლილება გვაქვს. ბიძინა სამხარაძე ეროვნულ გუნდში გადავიდა, “ბათუმი XV”-ის უკანახაზელი ირაკლი ნინიძე დაშავდა, ხოლო შერკინების მეორეხაზელი დიმიტრი პავლოვი საკუთარ კლუბს, ფრანგულ “ფიჟაკს” დაუბრუნდა, რადგანაც შიდა ჩემპიონატში ამ გუნდს მნიშვნელოვანი თამაში აქვს. მათ ნაცვლად დავიმატეთ ფრანგული “ობენას” შერკინების პირველხაზელი დაჩი ყუფარაძე, ფრანგული “აჟენის” მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, რომელმაც ახლახანს პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა, საფრანგეთის “სენტ ეტიენის” მესამეხაზელი ბესიკ უდესიანი და “ლოკომოტივის” ნახევარმცველი (9 ნომერი) ირაკლი ღვინჯილია.
უკრაინას პოლონეთზე ფიზიკურად და ტექნიკურად უკეთესი გუნდი ჰყავს და “ერთა თასის” ჩვენს დონეზე თამაშის პრეტენზია აქვს. მომავალი მეტოქე პოლონეთზე გაცილებით ძლიერი გუნდია და მას ყველა კომპონენტში სჯობნის. ტაქტიკურ მონახაზში, წინა შეხვედრასთან შედარებით, არაფერი იცვლება. ვეცდებით, დავხვეწოთ ის, რაც წინა თამაშზე არ გამოგვივიდა”.
ირაკლი ყიასაშვილი: “სრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ და მეტოქის დასახვედრად მაქსიმალურად მობილიზებულნი ვართ. ვიცით, რომ უკრაინა ბევრად უფრო სერიოზული გუნდია, პოლონეთზე უკეთაა მომზადებული და ბევრად რთული მატჩი გვექნება” მაგრამ არც ჩვენ ვართ მათზე ნაკლები და მაქსიმუმს გავიღებთ, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ”.
- უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რითი ჯობია უკრაინის ნაკრები პოლონეთს?
- აბსოლუტურად ყველა კომპონენტით. უკრაინელებს ყოფილ მეტოქეზე უკეთესი შერკინების და ხაზის მოთამაშეები ჰყავს, უფრო ხარისხიან რაგბს აჩვენებს. რამდენადაც ვიცი, მათი ჩემპიონატების დონე თითქმის თანაბარია, მაგრამ სანაკრებო დონეზე, უკრაინელები პოლონელებს ურთიერთშეხვედრებში ჯობნიან. ესეც რომ არა, პოლონელები უძლიერესი შემადგენლობით ვერ ჩამოვიდნენ, უკრაინელებს კი, რამდენადაც ვიცი, ძირითადი გუნდი მოჰყავთ და ამრიგად, წინასთან შედარებით, უფრო რთული თამაში გვექნება.
- უკრაინაში “ღორის გრიპი” მძვინვარებს და ეს ხომ არ გაშინებთ?
- არა, არა, გრიპი არ გვაშინებს. ვინც ჩამოვა, ის დაავადებული ნამდვილად არ იქნება.
- პოლონეთთან მატჩში, პირველი ორი დარტყმა - ჯარიმა და გარდასახვა გაგიფუჭდა, არადა ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდი. შენგან მსგავს რამეს მიჩვეულნი არ ვართ.
- ეს ვარჯიშის ბრალია. ცუდი ამინდი იყო და კარგად ვერ მოვემზადე. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშე სრულფასოვნად. სავარჯიშოდაც არ გვქონდა კარგი პირობები. თავდაპირველად, დიდ დიღომში ხელოვნურ საფარზე ვემზადებოდით, სადაც მოედანი ძალიან პატარაა და ფიზიკურად წარმოუდგენელია, რომ კარში დაარტყა. ასევე ვვარჯიშობდით “შევარდენზე”, სადაც ნახევარ მინდორზე რემონტია და კარები საერთოდ არაა.
- როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის A ნაკრებები უპირატესობას გაშლილ რაგბს ანიჭებენ და ჯარიმებს კარში პრაქტიკულად არ ურტყამენ. უკრაინასთან ჯარიმებს კარში დაარტყამ, თუ თქვენც ლელოებზე გააკეთებთ აქცენტს?
- მაგას კაპიტანი უშუალოდ თამაშისას გადაწყვეტს, თუმცა, ვფიქრობ, რომ, ალბათ, მაინც ლელოებზე გვექნება აქცენტი.
თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. (18:00)
საქართველოს A - უკრაინა
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”), 14. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”), 13. ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”), 12. გიგა კორკელია (“ლელო”), 11. გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”), 9. გიორგი კაჭარავა (“ლელო”); 1. კარლენ ასეიშვილი (“ყოჩები”) , 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ყოჩები”) , 3. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), 4. ილია სურგულაძე (თსუ), 5. კახა უჩავა (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი), 6. ლაშა თავართქილაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი), 7. ვიტო კოლელიშვილი (“ლელო”), 8. ბესიკ უდესიანი (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი);
სათადარიგოები: დაჩი ყუფარაძე (“ობენა”, საფრანგეთი), ირაკლი ჭყონია (“ლელო”), გიორგი ნაცარაშვილი (“ლოკომოტივი”), ჯაბა ბრეგვაძე (“ყოჩები”), ირაკლი მირცხულავა (“ლელო”); კოტე მიქაუტაძე (“აჟენი”, საფრანგეთი); შოთა საყვარელიძე (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”); ირაკლი ღვინჯილი (“ლოკომოტივი”); სანდრო ნიჟარაძე (“ყოჩები”), დავით ლოსაბერიძე (“აჟენი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლელო”).
მწვრთნელები: ლევან მაისაშვილი, ნიკოლოზ ჭავჭავაძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია