რუსეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც კანადური ტურნესთვის ემზადება, პენზის “იმპერიას” ქართველი მორაგბე კარლო მაღლაკელიძეც მოხვდა.
რუსი “დათვები” ჩრდილოეთ ამერიკისკენ გეზს 18 ნოემბერს აიღებენ, პირველ საკონტროლო მატჩს ბრიტანული კოლუმბიის გუნდთან, იგივე კანადის A ნაკრებთან 24 ნოემბერს, ვანკუვერში ჩაატარებენ, 29-ში კი, იქვე, კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
რუსების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლა ნერუშმა, კანადური ტურნესთვის 26 მორაგბეს უხმო. მაღლაკელიძეს, რომელმაც “დათვების” მაისურით რუმინეთში ჩატარებულ “ერთა თასზე” უკვე ითამაშა, გუნდში მეორედ უხმეს, “იმპერიაშივე” კარლოს თანაგუნდელი გიორგი მინაძე კი, ამჯერად, ნაკრებში ვერ მოხვდა.
რუსეთის ნაკრებში ყველაზე მეტი, 16 მორაგბე “ვვა-პოდმოსკოვიეს” ჰყავს, “ენისეი-სტმ” 6 მოთამაშითაა წარდგენილი, “კრასნი-იარი” – ორით, მაღლაკელიძის შესახებ ზემოთაც გითხარით, კანადური “კაპილანოს” წევრი ანდრეი პროშინი კი, გუნდს ადგილზე დახვდება და “დათვებში” პირველად გაერევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია