ამიერიდან, "გუდვილის" სავაჭრო ქსელში შეძენილი "ბადაგონის" სამარკო ღვინის, "საფერავის" შეძენისას, მყიდველი ნებითა თუ უნებლიედ ქართული რაგბის განვითარებასაც დაეხმარება.
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში "ბადაგონსა" და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ეს კომპანია, გარკვეული ფორმით, ქართული რაგბის სამსახურში ჩადგა.
დიდი ხნის ურთიერთობისა და ფიქრის შემდეგ, "ბადაგონმა" "საფერავი" გამოუშვა სამარკო ნიშნით, რომლის ეტიკეტიც ქართული რაგბის 50 წლისთავისადმი არის მიძღვნილი და ამ ღვინის გაყიდვით მიღებული თანხა, პირდაპირ საქართველოს რაგბის კავშირის გადაერიცხება. შეთანხმებას ხელი სრკ-ს პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ და კომპანია "ბადაგონის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლიზი ბაგრატიონმა მოაწერეს.
გია ნიჟარაძე: "სასიამოვნო მოვლენის მომსწრენი გავხდით. კეთილი ნებისა და სწორი გათვლის შედეგად, "ბადაგონმა" ქართული რაგბის იუბილესთან დაკავშირებით "საფერავი" გამოუშვა, რომლისგანაც მიღებული მთელი შემოსავალი ქართული რაგბის განვითარებას მოხმარდება. იმედია, ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. ღვინო და რაგბი ქართულ ტრადიციებთან თავსებადი ცნებებია და მადლობა "ბადაგონს" შესანიშვინი ურთიერთობისთვის".
ლიზი ბაგრატიონი: "უპირველესად, მადლობას ვუხდი ქართველ მორაგბეებს მონიჭებული სიხარულისა და სიამაყისათვის, რომლებმაც ბოლო წლებში განსაკუთრებით იჩინა თავი. რაგბის კავშირთან ურთიერთობა აქამდეც გვქონდა, მაგრამ ოფიციალურ შეთანხმებას პირველად ვაფორმებთ. მათი წინადადება ჩვენთვის სასიხარულო იყო და თანამშროლობის ასეთი ფორმა მოვიფიქრეთ - ამიერიდან, "საფერავის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან შემოსული თანხა, რაგბის კავშირს სრულად გადაეცემა. მადლობა ქართველ მორაგბეებს ყოჩობისა და ვაჟკაცობისთვის, რაც ასე დამახასიათებელია ქართველი კაცისთვის. მიმაჩნია, რომ ბიზნესი და სპორტი ერთად უნდა იყოს და ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამის დასტურია. ღვინისა და რაგბის მოყვარულებს მოვუწოდებ - შეიძინეთ "ბადაგონის" "საფერავი" და დაეხმარეთ ქართულ რაგბს".
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია