წინა კვირას სამხრეთ ნახევარსფეროს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების პარპაში, ამ უქმეებზე ევროპელებმა გააბათილეს. ყველაზე ღირსშესანიშნავი ფრანგთა მიერ სამხრეთ აფრიკის ძლევა იყო, ინგლისმა არგენტინას მძიმე ბრძოლაში აჯობა, უელსმა სამოას, შოტლანდიამ კი ფიჯის სძლია, ირლანდიამ ავსტრალია ფრეზე დაითანხმა, აი იტალიელთა თავგანწირვა კი ახალ ზელანდიელთა დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და “სკუადრა აძურა” ბობოლა სარაგბო ნაკრებებიდან ერთადერთ ევროპულ გუნდად დარჩა, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელთან დამარცხდა.
პირველ ტესტ-მატჩში უელსის ნაკრებმა სამი დღის შეკრებილ სამოას უმასპინძლა და იმხელა სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რომ მეტოქე დიდი სხვაობით უნდა დაემარცხებინა, მაგრამ მხოლოდ 17:13 დასჯერდა. მასპინძლები ადრეული ჯარიმით დაწინაურდნენ, მერე კი ჰალფპენმა დენ ბიგარის ფეხით გადაკიდებული ბურთი ზედ ალამ¬თან დაამიწა. ტაიმის ბოლომდე ბიგარმა ერთი ჯარიმაც გამოიყენა, რაზეც სამოამ ფილის 2 ჯარიმით უპასუხა და პირველი ნახევარი 11:6 დასრულდა. მეორე ტაიმში უელსი ბიგარის და ჰალფპენის ჯარიმებით კიდევ უფრო წინ გაიჭრა, მაგრამ სამოამ მაპუსუას ლელოთი და ფილის გარდასახვით უპასუხა და ბოლო წუთებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ უელსმა სასურველი შედეგის შენარჩუნება მაინც მოახერხა.
საფრანგეთმა საკუთარი და ევროპის რეპუტაცია მსოფლიო რაგბის საბჭოს რეიტინგში პირველ საფეხურზე მყოფი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის და “სამი ერის” გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის ტულუზაში 20:13 დამარცხებით დაიცვა. ფრანგებმა მეტოქე შერკინებაში, დერეფანსა თუ ფეხით თამაშში პირწმინდად დაჯაბნეს და მატჩამდე დანაქადნები შეასრულეს. პირველი ტაიმი აფრიკელებმა 13:11 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ორმა სინბინმა და პირქარმა მათი გეგმები არია და მასპინძლებმა საწადელს მიაღწიეს, რითაც რეიტინგში მნიშვნელოვან წინსვლას განიცდიან.
დიუპის ადრეულმა ჯარიმამ მასპინძლები დააწინაურა, საწყის 15 წუთში კი ფრანგებმა მეტოქეს შერკინებიდან ბურთი 3-ჯერ აწაპნეს და მის შესანარჩუნებლადაც კარგად გაისარჯნენ. მაგრამ სამხრეთ აფრიკა ის გუნდია, რომელიც მცირედ შეცდომასაც არ პატიობს და სმიტის ლელოს, მორნი შტეინის გარდასახვის, ჯარიმისა და იმავე შტეინის არეკნის შემდეგ, 10 ქულით დაწინაურდა - 13:3. პირველ ჯერზე შტეინმა ჯარიმით იხეირა, მერე არეკნით სტუმრები დააწინაურა, ბოლოს კი შტეინის ფეხით გაგორებულ ბურთზე უსწრაფესმა ჰაბანამ ყველას აჯობა, მაგრამ ჩათვლის მოედანში დამიწებამდე “ოვალმა” გვერდითი ხაზი გადაკვეთა. ამ შეტევას ლელო მაინც მოყვა, რადგანაც მასპინძლებმა საკუთარი აუტი წააგეს და სმიტმა ლელო გაიტანა.
“მამლები” მალე მოეგნენ გონს და ერთ წუთში სხვაობა შეამცირეს, როდესაც სტუმართა ხაზი მაქსიმულარუდ გაწელეს და კლერმა ლელო გაიტანა, ტაიმის მიწურულს კი შტეინმა სინბინი დაიმსახურა, დიუპიმ კი ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც დიუპიმ ჯარიმით ფრანგები დააწინაურა. მასპინძლებს ზურგქარიც დაეხმარა, დიუპიმ თავისი მეოთხე ჯარიმა გაიტანა, მერე კი კანკოვსკიმ საკუთარი ჩათვლის მოედანთან ბურთი დროზე არ გაათავისუფლა, რის გამოც სინბინი დაიმსახურა. შეცვლაზე შესულ პარას ეს დარტყმა გაუფუჭდა, თუმცა რამდენიმე წუთში ჯარიმა უკვე ზუსტად შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
იტალიის ნაკრებმა ახალ ზელანდიას მილანში, “სან სიროზე” უმასპინძლა და მართალია 6:20 დამარცხდა, მაგრამ საკუთარი თამაშით, განსაკუთრებით დასკვნითი 8 წუთით საკუთარი გულშემატკივარი იმდენად აღაფრთოვანა, რომ მაყურებლისგან მხურვალე ტაში დაიმსახურა. შეხვედრას 77 000 გულშემატკივარი დაესწრო და მათ ბოლო წუთებზე “სკუადრა აძურას” თავდადება იხილეს. იტალიელებს “ოლ ბლექსი” მთელი 8 წუთი საკუთარ 5 მეტრში ყავდათ გამოკეტილი და ლელოსაც იმსახურებდნენ, მაგრამ მათ საწადელს მაინც ვერ მიაღწიეს.
იტალიელებმა თამაში მძლავ¬რად დაიწყეს, მეტოქის შერკინება ორჯერ დაჯაბნეს და გოუერის ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე ლელო და 3 ჯარიმა მიიღეს. ტრიბუნაზე შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა ღირშესანიშნავი შეტევა ერთადერთხელ იხილა, როდესაც სივივატუს გრძელი პასით ფლინმა ლელო გაიტანა, რასაც მაკალისტერის 3 ჯარიმაც დაერთო და სტუმრებმა ტაიმი 14:3 მოიგეს. მეორე ნახევრის სათამაშო დროის 60 პროცენტი, მასპინძლებმა მეტოქის ნახევარზე გაატარეს, მაგრამ შეტევათა წარმართვის ფანტაზია არ ეყოთ და მეორე 40 წუთში, პირველის მსგავსად, მხოლოდ გოუერის ერთ ჯარიმას დასჯერდნენ, რაზეც ახალმა ზელანდიამ მაკალისტერის ორი ჯარიმით უპასუხა და მეტოქე 20:6 დაამარცხა.
სანამ თბილისში “ბორჯღალოსნები” არგენტინელ “იაგუარებს” უგებდნენ, ერთი კვირის წინ ავსტრალიასთან დამარცხებული ინგლისის ნაკრები, თვიქნემში “პუმებს” (არგენტინის ეროვნული ნაკრები) ჯონ უილკინსონის მარცხენა ფეხისა და ბანაჰანის ლელოს წყალობით ამარცხებდა. მასპინძლთა შერკინებამ ძალიან ცუდად იმუშავა და ერთ-ერთ ეპიზოდში რეფერიმ ინგლისელთა კაპიტანს უთხრა კიდევაც, რომ თქვენი შერკინება პრობლემებს ქმნისო, მაგრამ ყოველთვის ძლიერი გუნდი როდი იმარჯვებს რაგბში. “პუმები” მეტოქეზე ორგანიზებულად, თამამად, თავდაჯერებულად და ფრთხილად ირჯებოდნენ, თუმცა გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ. არადა, ინგლისი იმდენად არ გავდა საკუთარ თავს, რომ თვით უილკინსონსაც კი არ წაუვიდა ტაქტიკური დარტყმები! უილკინსონმა პირველ ნახევარში ორი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა, რაზეც არგენტინამ როდრიგესის სამი ჯარიმით უპასუხა და რეფერიმ რომ შესვენებისა ჩასტვინა, ანგარიში 9:9 იყო. თვიქნემში შეკრიბილი თითქმის 78 000 მაყურებელი უკმაყოფილებას არ მალავდა. თამაშისთვის დინამიურობის შეძენა კუეტომ სცადა და შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, მისი მონაწილეობით ბანაჰანმა მეოთხე ტესტში თავისი მესამე ლელო გაიტანა. საგულისხმოა, რომ მისი სამივე სანაკრებო ლელო “პუმებთან” მატჩებზე მოდის. დარჩენილ დროში არგენტინამ ფრის იმედით გაიბრძოლა, მაგრამ მასპინძლებმა გაძლეს და სასარგებლო ანგარიში შეინარჩუნეს, თუმცა, შემდეგ შეხვედრას ისინი ახალ ზელანდიასთან გამართავენ და თუ იქაც ანალოგიურად ითამაშეს, სავარაუდოდ სირცხვილს ვეღარ გადაურჩებიან.
ნოემბრის ტესტ-მატჩები გამარჯვებით დაიწყო შოტლანდიამ, რომელმაც ფიჯი 23:10 დაამარცხა. მასპინძლები 16:0 დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე ლელო თავადაც მიიღეს და ტაიმი მხოლოდ 16:7 მოიგეს. მეორე ნახევარში სქოთებმა მეორე ლელოც გაიტანეს და 23:7 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრებმა ჯარიმით მხოლოდ სხვაობის შემცირებაღა მოახერხეს. მასპინძელთაგან ლელოები ბიტმა და მორისონმა გაიტანეს, რასაც გადმენმა 2 რეალიზაცია და 3 ჯარიმა დაურთო. ფიჯის რიგებში ლელო საკუთარ ანგარიშზე გონევამ მიითვალა, ლიტლიმ კი ჯარიმას და რეალიზაციას მოუყარა თავი.
გასული კვირის ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩში, “ექვსი ერის” გამარჯვებულმა ირლანდიამ ავსტრალიას დუბლინში უმასპინძლა და ფრედ ეთამაშა - 20:20. არადა ავსტრალია გამარჯვებას იმსახურებდა. ის უფრო სწრაფად თამაშობდა, მეტოქეს შერკინებაში და ხელით სჯობდა, თუმცა, მასპინძლებმა ბოლო 10 წუთი აღმავლობით ჩაატარეს და თამაშის შემობრუნება მოახერხეს. ირლანდიელები ფეხით უხეიროდ ირჯებოდნენ, ბურთს ძალიან შორს, ან ძალიან მაღლა, თანაც ცენტრში გზავნიდნე ნ ის ხშირ შემთხვევაში მეტოქის ნადავლი ხდებოდა. ევროპელებმა შეტევებშიც ბევრი ჯარიმა “აიკიდეს” და პრინციპში მარცხსაც იმსახურებდნენ.
დებიუტშივე ავსტრალიელებმა მეტოქე ზეწოლის ქვეშ მოაქციეს და დრიუ მიჩელმა 128-ე წამზე ლელო გაიტანა, რასაც ჟიტოს ზუსტი რეალიზაცია მოყვა. პირველ ტაიმში ჟიტომ და ელსოლმა მოახერხეს ხაზის გაჭრა და ჟიტომ ჩათვლის ხაზამდეც კი მიაღწია, მაგრამ დამხმარეებმა დაიგვიანეს და ეპიზოდი გამოუყენებელი დარჩა. შესვენებამდე ოგარას ორ ჯარიმას ჟიტომ ერთი ჯარიმით უპასუხა და ავსტრალიამ პირველი ნახევარი 10:6 მოიგო. მეორე ტაიმის 70 პროცენტი ავსტრალიამ მეტოქის ნახევარზე გაატარა, ჟიტოს ერთი ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ მეორე გამოიყენა და სამხრეთელები კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ. ამას ირლანდიამ რამდენიმეფაზიანი შეტევით და ბოუს ლელოთი უპასუხა, ოგარას ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი ანგარიში 13:13 გახდა, მაგრამ მალე ელსოლმა ფლანგზე დიდი სისწრაფით ჩაიქროლა და “კენგურუები” დააწინაურა, ჟიტომ კი გარდასახვით უპირატესობა 7 ქილამდე გაზარდა. დასკვნით 10 წუთში ირლანდია შეუდარებლად გაისარჯა, 5-მეტრა შერკინების შემდეგ კი გუნდის კაპიტანმა ოდრისკოლმა თავისი მე-100 სანაკრებო შეხვედრა ლელოთი აღნიშნა და იმ დღეს ქვეყნის გმირად კიდევ ერთხელ იქცა, ოგარას ზუსტმა რეალიზაციამ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
გუშინვე იაპონიამ “ჩერჩილის თასზე” “ბორჯღალოსანთა” დამბრიყვებელ კანადას უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა - 46:8. მომდევნო ტესტ-მატჩები 21 ნოემბერს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია