ამბები

15:54 | 16.11.2009 | ნანახია 2001 - ჯერ

ნამიბია და აშშ ახალ ზელანდიას ხუთი ქულით მიუახლოვდნენ

მსოფლიოს 2011 წლის მორაგბეთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის აფრიკისა და ამერიკის შესარჩევი ზონების ფლეი ოფებში, სტუმრებმა ხუთქულიანი გამარჯვებები მოიპოვეს და ახალი ზელანდიისკენ პირველი ნაბიჯები გადადგეს. ნამიბიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა ნაკრებებმა დიდი სხვაობით ვერ იმარჯვეს, მაგრამ რაგბში შინაური კედლები დიდ მნიშვნელობას იძენს და ამ კუთხით, მათი გასვლითი გამარჯვებები დასაფასებელია.
აფრიკისა და ამერიკის შესარჩევი ზონების ფლეი ოფის გამარჯვებული გუნდები, ახალ ზელანდიაში ადგილს დაიბევებენ, დამარცხებულებს კი იქ მოხვედრის შანსი მაინც რჩებათ. შეგახსენებთ, რომ ევროპის შესარჩევი ზონის, ანუ “ერთა თასის” (სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოდის) პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები მსოფლიოს თასზე პირდაპირ გადიან, მესამეადგილოსანი კი რეპეშაჟში თამაშობს - პირველ ეტაპზე “ერთა თასის” B დივიზიონის მესამეადგილოსანი “ერთა თასის” ქვედა დონის პირველადგილოსანს შეხვდება (სავარაუდოდ უკრაინას), ამ წყვილის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე აფრიკის ფლეი ოფში დამარცხებულს ეთამაშება, მათ შორის მოგებული კი ამერიკის ფლეი ოფში დამარცხებულთან ორრაუნდიან ბრძოლას გამართავს და უძლიერესი მსოფლიო თასზე მე-20 გუნდის სტატუსით გაემგზავრება.
აფრიკის შესარჩევ ზონაში, 2007 წლის მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსანთა” მიერ ნაგვემმა ნამიბიამ ტუნისი სტუმრად 5 ქულის სხვაობით დასცა - 18:13. ნამიბიელთათვის შეხვედრა იდეალურად დაიწყო, მათმა უკანახაზელმა (15-მა ნომერმა) ჩრისანდერ ბოთამ მე-3 წუთზე ბურთი მოიხელთა, ფინტებით და ტემპის ცვლით მოწინააღმდეგის დაცვითი ზღუდე გადალახა და ლელო გაიტანა, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი 7:0 დაწინაურდა. მასპინძლები არ დაიბნენ და გუნდის კაპიტანი ჰედი სოუდი მათ მეტოქის ჩათვლის მოედნისკენ წარუძღვა, შედეგად კი ტუნისელებმა მალე ორი ჯარიმა გაიტანეს და ჩამორჩენა მინიმუმადე დაიყვანეს. მათ წინ გასვლის რამდენიმე შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს, ნამიბიელთა ჩათვლის მოედანში ვერ შეაღწიეს, ზედ შესვენების წინ კი, მეტოქეს ჯარიმის შესრულების უფლება მისცეს და პირველი ნახევარი სტუმრებმა 10:6 მოიგეს.
საწყის 40 წუთში ნამიბია შერკინებაში დომინირებდა და ტუნისელთა მიძალებას ამ გზით აჩერებდა, რის გამოც მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა შესვენებისას ამ ხაზში ორი ცვლილება განახორციელა. მთლიანობაში, ამ და მომდევნო ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და ტუნისმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა, მაგრამ სანამ ეს უპირატესობა ქულებში აისახებოდა, ნამიბიელებმა მეორე ლელო გაიტანეს და რადგან რეალიზაცია ამჯერად არაზუსტი გამოდგა, შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე, ანგარიში 9 ქულამდე გაიზარდა - 15:6. ტუნისელთა თავდადება მათმა ფლანგელმა კერფანიმ ალამთან გატანილი ლელოთი დააგვირგვინა, ბენსელემ კი, რომელსაც მანამდე ორი არეკნი გაუცუდდა, რეალიზაცია გამოიყენა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა (13:15), რითაც ტრიბუნაზე შეკრებილი მცირე, მაგრამ მხურვალედ მხარდამჭერი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. მიუხედავად ამისა, ნამიბიამ, რომელსაც ზედიზედ სამჯერ აქვს მსოფლიო თასზე ნათამაშები, საკუთარი გამოცდილებით იმდენი მოახერხა, რომ 77-ე წუთზე ჯარიმა გამოიმუშავა და მისი გამოყენებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ წყვილს შორის გამარჯვებული, ახალ ზელანდიაში, D ჯგუფში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან, ფიჯისა და სამოას ნაკრებებთან ითამაშებს. განმეორებითი შეხვედრა ორი კვირის თავზე, 28 ნოემბერს ნამიბიაში, ქალაქ ვინდჰუკში შედგება და ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი გამარჯვების იმედადაა.
ჯონ უილიამსი (ნამიბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “7:6-ზე არა, მაგრამ 15:13-ზე ავნერვიულდი, რადგან ჩემ ბიჭებს დაღლა დაეტყოთ. ტუნისმა კარგად ითამაშა და ჩვენს 22-მეტრში დიდი დრო გაატარა, მაგრამ გაშვებულ ლელოს არ ვიმსახურებდით, ის თამაშის წესების დარღვევით გავიდა. საერთო ჯამში, შერკინებაში უპირატესობას ვფლობდით და არც სხვა კომპონენტებში ჩამოვრჩებოდით მეტოქეს”.
კის ლენსინგი (ნამიბიის ნაკრების კაპიტანი): “ანგარიშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრად უკეთ თამაში შეგვიძლია. მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, განმეორებითი შეხვედრისთვის კი, მოსამზადებლად ორი კვირა გვაქვს და თუ მსოფლიოს თასზე მოხვედრა გვინდა, საკუთარი შესაძლებლობები 100 პროცენტით უნდა გამოვავლინოთ”.
დენი დე ვილერსი (ტუნისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ეს იყო გამოუყენებელი შანსების შეხვედრა. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით. ყველამ დაინახა, რომ თანაბარი ძალის გუნდები ვართ, ნამიბიამ ტუნისში იმარჯვა, მაგრამ მჯერა, რომ იგივეს განმეორება ჩვენ ვინდჰუკში შეგვიძლია”.
 ამერიკის ფლეი ოფის პირველ შეხვედრაში, ურუგვაელთა მიერ ბოლო 6 წუთში მოპოვებულმა 13-მა ქულამ, ამ გუნდს, ერთი კვირის თავზე ფლორიდაში გასამართი საპასუხო მატჩის წინ გარკვეული იმედები გაუჩინა. ბოლო 10 შეხვედრიდან, ურუგვაელებს აშშ-ის ნაკრებთან მხოლოდ ერთი ჰქონდათ მოგებული, გასულ წელს კი 9:43 დამარცხდნენ. მას შემდეგ, რაც მასპინძლები მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე “არწივებთან” 9:27 აგებდნენ, თითქოსდა ორმატჩიანი ჯახის ბედიც გადაწყვეტილი იყო. მაგრამ 2008 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფის გამარჯვებული გუნდის წევრმა ეჩევერიმ ჯერ ორი ჯარიმა გაიტანა, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი დამხვდურებმა ლელო და გარდასახვა მიითვალეს და ტრიბუნაზე შეკრებილი 2 000 მაყურებელი აღაფრთოვანეს.
“გამარჯვებამ გაგვახარა, მაგრამ ბოლო წუთებში მეტოქეს ბევრი ქულის აღების საშუალება მივეცით და ცოტათი გულდაწვეტილნი ვართ. კარგი იქნებოდა უპირატესობა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ბოლო-ბოლო მაინც გამარჯვებულნი დავრჩით და ეს სასიამოვნოა” - თქვა ნამატჩევს აშშ-ს ნაკრების ირლანდიელმა დამრიგებელმა, ედი ოსალივანმა.
მონტევიდეოში გამართული მატჩი სტუმრების აქტიურობით დაიწყო და მე-15 წუთზე ტიმ უსაზმა ლელო გაიტანა, რასაც ხუთ წუთში ნიკოლას მორალესმა ჯარიმით უპასუხა - 3:5. შესვენებამდე “არწივებმა” უპირატესობის გაზრდა მოახერხეს - კევინ სვირინიმ ლელო, ხოლო მიკ ჰერუკსმა ჯარიმა მიითვალეს და ჩრდილოელებმა ტაიმი 13:3 მოიგეს. მეორე ნახევარი 8 წუთის განახლებული იყო, როდესაც ჟუნიორ სიფამ მასპინძლებს მესამე ლელო გაუტანა, რასაც ამ ჯერზე ჰერკუსის ზუსტი რეალიზაცია მოყვა. ეჩევერიმ თავისი პირველი ჯარიმა 55-ე წუთზე გაიტანა, ტაიმის შუაში კი მეორედაც იხეირა და სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა (9:20), მაგრამ აშშ მალევე კიდევ უფრო დაწინაურდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ტუილევუკამ მორიგი ლელო გაიტანა და რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, დასკვნით წუთებში მასპინძლებმა იძალეს, საბოლოო ანგარიში 22:27 დააფიქსირეს და 21 ნოემბერს ფლორიდაში გასამართი განმეორებითი მატჩის წინ გარკვეული იმედები შეინარჩუნეს.
ამერიკის ფლეი ოფის გამარჯვებული, ახალ ზელანდიაში, ჩ ჯგუფში, ავსტრალიის, ირლანდიის, იტალიის და ევროპის შესარჩევ ზონაში მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ რეპეშაჟის შედეგად, 2011 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრილი გუნდი, B ჯგუფში არგენტინის, ინგლისის, შოტლანდიისა და ევროპის შესარჩევ ზონაში პირველ ადგილზე გასულ ნაკრებებს შეუერთდება.

ზურა ქსოვრელი 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083438