ამბები

18:38 | 16.11.2009 | ნანახია 2492 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” იტალიას ცვლილებებით ეწვივნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც 14 ნოემბერს არგენტინის “იაგუარები” (A ნაკრები) თბილისში 24:22 დაამარცხა, დღეს გამთენიისას იტალიაში გაემგზავრა, სადაც ამ ქვეყნის A ნაკრებს დაუპირისპირდება.
“ბორჯღალოსანთა” მთავარ მწვრთნელ ტიმ ლეინს, როგორც არგენტინასთან შეხვედრამდე იყო ცნობილი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მორაგბე დააკლდა. მალხაზ ურჯუკაშვილს ჯერ კიდევ არგენტინელებთან მატჩამდე აწუხებდა კუნთები და ამის გამო “იაგუარებთან” მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა, ლევან დათუნაშვილმა კი ფეხი უშუალოდ შეხვედრისას იტკინა. გარდა ამისა, საკუთარ კლუბებს დაუბრუნდნენ საფრანგეთში მობურთალი ლეგიონერები - აქვსენტი გიორგაძე, გოდერძი შველიძე, გია ლაბაძე, მამუკა გორგოძე და რევაზ გიგაური.
ამ დანაკლისს მეორე მხარეც აქვს, ლეინს საქართველოს A ნაკრებში ნათამაშები 9 მოთამაშის შესაძლებლობის ხილვის საშუალება უმაღლეს დონეზე ექნება. “აია”-ს უკანახაზელი ირაკლი ჩხიკვაძე ეროვნულის განაცხადში არგენტინელებთანაც იყო, მან ურჯუკაშვილი ჩაანაცვლა, მაგრამ თამაში არ მოუწია, დანარჩები რვა მორაგბე კი გუნდს ახლახანს დაემატა. ესენი არიან შერკინების ხაზის მოთამაშეები - ვასილ კაკოვინი, დავით დადუნაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დიმიტრი ბასილაია, სიმონ მაისურაძე, ლაშა თავართქილაძე, ვიტო კოლელიშვილი და ერთიც ნახევარმცველი - ლაშა ხმალაძე. ამგვარად, ცვლილება ძირითადად შერკინების ხაზს შეეხო და იმედია, იტალიის A ნაკრებთან მატჩში, რომელმაც რუმინეთის ეროვნული გუნდი 33:6 დაჩაგრა, ეს ფაქტორი გადამწყვეტი არ აღმოჩნდება.
“ბორჯღალოსნებმა” ქალაქ უდინეში, სასტუმრო “ინტერნაციონალეში” დასცეს ბანაკი და 16-დან 19 ნოემბერამდე იქვე ივარჯიშებენ, უშუალოდ შეხვედრა კი უდინეზეს მახლობელ პალმანოვაში, 20 ნოემბერს, იტალიის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ტიმ ლეინის განკარგულებაში 23 მორაგბე იმყოფება, რომელთაგან მატჩის განაცხადში 22 მოხვდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები: დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ირაკლი ნატრიაშვილი (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), დავით დადუნაშვილი (“პერიგო”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ყოჩები”, საქართველო), ილია ზედგინიძე (“კარკერენ იერი”, საფრანგეთი), რატი ურუშაძე (“ენისეი-სტმ”, რუსეთი), გიორგი ნემსაძე (“მასი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ლე ბუგი”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ლაშა თავართქილაძე (“ფარულ-კონსტანცა”, რუმინეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“ლელო”, საქართველო), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, საქართველო), ირაკლი მაჩხანელი (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, საქართველო), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, საქართველო).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
ფიზ.მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამო
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე

ზურა ქსოვრელი



 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081107