ამბები

23:05 | 16.11.2009 | ნანახია 2482 - ჯერ

IRB-მ “შესანიშნავი შვიდეული” დაასახელა

რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) იმ მორაგბეთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც 2009 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძოლებენ. საბჭოს სიაში შვიდი სპორტსმენი – მეტ ჟიტო (ავსტრალია), ტომ კროფტი (ინგლისი), ფრანსუა შტეინი, ფური დუ პრი (ორივე – სამხრეთ აფრიკა), ჯეიმი ჰისლიპი, ბრაიან ო’დრისკოლი (ორივე – ირლანდია) და რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია) მოხვდა.
ხსენებული შვიდეულის შერჩევაში კომპეტენტური საბჭო მონაწილეობდა: უილ გრინვუდმა, გევინ ჰასტინგსმა, რაფაელ იბანიესმა, ფრანსუა პიენაარმა, აგუსტინ პიშომ, სკოტ ქუინელმა, ტანა უმაგამ, პოლ უოლესმა და ჯონ ელისმა 46 მატჩის განხილვას 60 საათამდე დრო დაუთმეს და საუკეთესოებიც გამოავლინეს.
ცნობისთვის, გასულ წელს აღიარება უელსის ნაკრების ლიდერ შეინ უილიამსს ერგო, რიჩი მაკქოუ კი პრეტენდენტთაგან ერთადერთია, რომელიც პრესტიჟული პრიზისთვის მეორედ იბრძოლებს. ზელანდიელი ვარსკვლავი ჯილდოს მფლობელი 2006 წელს გახლდათ.
“წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვება ნებისმიერი მორაგბისთვის სანატრელია. მისი მფლობელი წლის განმავლობაში გამართული საერთაშორისო მატჩების მიხედვით ვლინდება, სადაც ექვსი ერის თასი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნე, სამი ერის თასი და საივნისო და სანოემბრო ტესტებიც შედის”, - განაცხადა IRB-ს პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ.
საუკეთესო მოთამაშის, მწვრთნელისა და გუნდის ვინაობა ნოემბრის მიწურულს სანაკრებო ტესტების დასრულების შემდეგ დასახელდება, რამდენიმე ჯილდოს მფლობელის ვინაობა კი ადრევე გაირკვა.
მაისში ინგლისის ნაკრების კაპიტანი ოლი ფილიპსი შვიდკაცა წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ივნისში კი ახალი ზელანდიის გუნდის კაპიტანი აარონ კრუდენი საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ აირჩიეს.
აგვისტოში საუკეთესო ქალი მორაგბის ტიტული ავსტრალიელმა დები ჰოდგკინსონმა მოიპოვა, ხოლო სექტემბერში სარაგბოს სულის გამოვლინებისთვის იტალიური სარაგბო კლუბი “ლ’აქუილა” დაჯილდოვდა.
მიმდინარე თვის დასაწყიში სახელოვანი სამსაჯო კარიერისთვის საერთაშორისო საბჭომ ფრანგი რეფერი ფრენსის პალმადე გამოარჩია.

წლის მორაგბის ტიტულის მფლობელები
2001 – კის ვუდი (ირლანდია)
2002 – ფაბიენ გალტიე (საფრანგეთი)
2003 – ჯონი უილკინსონი (ინგლისი)
2004 – სხალ ბურგერი (სამხრეთ აფრიკა)
2005 – დენ კარტერი (ახალი ზელანდია)
2006 – რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია)
2007 – ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა)
2008 – შეინ უილიამსი (უელსი)

დათო მანჯავიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088178