ამბები

13:28 | 18.11.2009 | ნანახია 2758 - ჯერ

ფირა-აერი “ერთა თასის” გათამაშებას ცხრა გუნდამდე ზრდის?

ქართული რაგბის 50-წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ერთ-ერთი მონაწილე უკრაინის ეროვნული ნაკრებიც გახლდათ, რომელმაც ტესტ-მატჩი საქართველოს A გუნდთან გამართა და 10:26 დამარცხდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქართული ვოიაჟის შესახებ, უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კოჩანოვმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
- როგორც ვიცით, ქართველებთან მატჩისთვის საუკეთესო შემადგენლობის შეკრება ვერ მოახერხეთ...
- ასე იყო. მაგალითად, ვიცე-ჩემპიონ ოდესის “კრედო-63”-დან მხოლოდ მალაღურაძის წაყვანა მოვახერხეთ, დანარჩენებს კი დოკუმენტების გაფორმებისას პრობლემები შეექმნათ. ამ ფონზე რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშის შემატება მოგვიხდა. ზოზულიამ (“ობოლონ-უნივერსიტეტი”), ვასიუჩენკომა (“ავიატორი”) და ზიაბლოვმა (“ტექსა”) ეროვნული გუნდის მაისური პირველად მოირგეს.
- თბილისში ყველა ახალწვეული ათამაშეთ?
- დიახ. ზოგს მეტი დრო მიეცა, ზოგს – მცირე, თუმცა, სკამზე არავინ დამიტოვებია. ასეთ დონეზე ასპარეზობა მათ უდიდეს გამოცდილებას მოუტანს.
- ტრავმების გამო ვინ მოისაკლისეთ?
- ზალიზნიუკი მძიმედ დაშავდა და მას ოპერაცია არ ასცდება, ტრავმირებული იყო პონომარენკოც. მათ გარდა, ტრავმის გამო, თბილისში არავინ დაგვკლებია.
- თამაში 10:26 წავაგეთ. საქართველოს ნაკრებმა რა კომპონენტებში გაჯობათ?
- მათი დაცვა ძალიან ძლიერად თამაშობდა და ქულების მოგროვება გვიჭირდა. ერთადერთი ლელო გავიტანეთ და ჯარიმებიც ცუდად ვურტყით. შეიძლება, იმანაც იმოქმედა, რომ ასპარეზობა ხელოვნური განათების პირობებში მოგვიწია. ჩვენს დამრტყმელ ტურიკოვს ამგვარ გარემოში თამაში პირველად მოუხდა. იგივე შემიძლია ვთქვა დანარჩენებზეც. ბიჭებს მღელვარებაც ეტყობოდათ.
საერთოდაც, საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი და თვითმყოფადი გუნდია. ჩვენ სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებთან, გერმანელებთან, მოლდოველებთან, ჩეხებთან და სხვებთან გვითამაშია, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული რაგბი არცერთ მათგანს არ ჰგავს.
ქართველებს A ნაკრებშიც კი გამოცდილი მოთამაშეები ჰყავდათ, ჩვენ კი გამოუცდელი გუნდით დავუპირისპირდით, რომელსაც ასეთ დონეზე ასპარეზობის საშუალება არც ჰქონია.
- მასპინძლებს კონკრეტულად რაში ჩამორჩით?
- ფიზიკური მზადყოფნის მხრივ არაფერი დაგვითმია, არც თავდადება დაგვეწუნებოდა, თუმცა, მხოლოდ მონდომებით, თამაშს ვერ მოიგებ. მთავარი რაც გვაკლდა, ის პროფესიონალიზმია, რაც ქართველ მორაგბეებს გააჩნიათ. ამ მხრივ, წინ დიდი სამუშაო გველის. 
- საქართველოში როგორ მიგიღეს? საერთოდაც, საიუბილეო მატჩები როგორ იყო ორგანიზებული?
- ბრწყინვალედ მიგვიღეს, როგორც ეს კავკასიურ სტუმარმასპინძლობას შეშვენის. ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. თბილისში ჩასვლის პირველ დღეს, მგაზვრობისგან გადაღლილები ვიყავით და დავისვენეთ. დროშიც სხვაობა ორი საათი გახლდათ და აკლიმატიზაციაც გვჭირდებოდა.
მეორე დღეს უკვე თამაშზე გავედით. მატჩი ცენტრალურ სტადიონ “დინამოზე” შედგა, რომელიც 55 ათას მაყურებელს იტევს. ჩვენს შეხვედრას 5 ათასამდე ქომაგი დაესწრო, რომლებიც მასპინძლებს აქტიურად ამხნევებდნენ. მომდევნო დღეს, როდესაც ქართველები უკვე არგენტინელებს დაუპირისპირდნენ, ტრიბუნებზე 25-ათასამდე გულშემატკივარი იყო.
ამ მატჩებისადმი საქართველოში დიდი ინტერესი იყო. აფიშები და ბანერები მთელს ქალაქში იყო გამოფენილი. ქართველებს რაგბი ძალიან უყვართ და ეს, ყველა ნაბიჯზე იგრძნობოდა.
50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვეტერანებიც დააფასეს. ცნობილი სპორტსმენები, საბჭოთა კავშორის ნაკრების ყოფილი წევრები შეიკრიბნენ და ძველი დრო გაიხსენეს.
- საქართველოსა და არგენტინის ნაკრებთა მატჩს თუ დაესწარით?
- რასაკვირველია. ამ შეხვედრას, რომელიც ქართველებმა 24:22 მოიგეს, მთელი გუნდით ვესწრებოდით. მართალია, არგენტინელები პირველი შემადგენლობით არ თამაშობდნენ, მაგრამ მაინც ძალიან მაღალი კლასის მორაგბეები ჰყავდათ. ჩვენი ნაკრების ახალგაზრდა წევრებმა მათგან ბევრი რამ უნდა ისწავლონ.

 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც “ერთა თასის” მეორე დივიზიონში მოლდოვამ ჩეხების დამარცხება მოახერხა, უკრაინის ნაკრებმა პირველ დონეზე თამაში, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდიც ირჯება, ვადაზე ადრე გაინაღდა.
თუმცა, საინტერესო უფრო სხვა რამ გახლავთ. უკრაინულ სარაგბო თემში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი სეზონისთვის, ფირა-აერი 1A დივიზიონში ერთის ნაცვლად სამი ნაკრების აღზევებას გეგმავს.
ვერ გეტყვით, უკრაინელები ამ ინფორმაციას საიდან ფლობენ, თუმცა, აღნიშნული ჯერ მათი პროფესიული რაგბის ლიგის გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ სურკოვმა გაახმაურა, შემდეგ კი ელიტარულ დონეზე საუბრისას, იგივე “ობოლონ-უნივერსიტეტის” თავკაცმა ნიკოლა ლეშენკომაც გაიმეორა. ხმელნიცკელთა მთავარი მწვრთნელის კომენტარს აქვე გთავაზობთ:
“1A დივიზიონში საქართველოსა და რუსეთი დონის გუნდებთან უშანსოდ ვიქნებით, თუმცა, განვითარებისთვის, ასეთი კლასის ნაკრებებთან თამაში აუცილებელია.
თუკი კარგი შედეგის მიღწევა გვსურს, შეტევით ფაზაში გაცილებით მრავალფეროვნად ასპარეზობა უნდა ვისწავლოთ. აქამდე მთავარი აქცენტი შედეგზე კეთდებოდა, ელიტაში კი უპირატესობას სანახაობრივ თამაშს ანიჭებენ.
1A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება საკმაოდ რეალურად მესახება, მითუმეტეს, რომ ჩვენთან ერთად კიდევ ორი გუნდის აღზევება იგეგმება. ასეთ შემთხვევაში, მოწინავე რვა ნაკრებს შორის ასი პროცენტით უნდა მოვხვდეთ”.

მოამზადა დათო მანჯავიძემ


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090146