ამბები

9:59 | 21.11.2009 | ნანახია 3544 - ჯერ

ლეინის საზრუნავი - მეორე ტაიმი!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, იტალიის A ნაკრებთან “მშრალზე” მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში საშინლად ითამაშა, დასკვნითი ნახევარი თავადაც “მშრალზე” დათმო და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 7:8.
მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წინ ბოლო რეპეტიცია იყო, “ბორჯღალოსანთა” ავსტრალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა რამდენიმე წამყვანი მორაგბე მოისაკლისა. არგენტინის A ნაკრების თბილისში 24:22 ძლევის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად 6 მორაგბე შეიცვალა, თუმცა, თავად შეხვედრის მსვლელობამ ცხადყო, რომ ქართველ მორაგბეებს ამ თამაშის მოგება თავისუფლად შეეძლოთ და მარცხი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
უპირველესად, მარცხის მიზეზი საშინლად ჩატარებული მეორე ტაიმია, რომლის დროსაც “ბორჯღალოსნებმა” ქულის აღება ვერ მოახერხეს. თუ გავიხსენებთ არგენტინელებთან მატჩს, მაშინაც ქართველებმა მძლავრად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ, მეორეში ტემპს უკლეს და მხოლოდ 3 ქულა აიღეს, “იაგუართა” ძლევა კი პირველ ტაიმში მოპოვებული ფორის საშუალებით მოხერხდა. ამრიგად, 2010 წლის უმნიშვნელოვანესი, ოფიციალური შეხვედრების წინ, ლეინის საზრუნავი სწორედ ისაა, რომ გუნდმა ძალები თანაბრად გადაანაწილოს და მთელი 80 წუთი ისეთი თამაში აჩვენოს, რაც ამ ორ ამხანაგურ შეხვედრებში საწყის 40 წუთში წარმოაჩინა.

იტალიის A ნაკრებმა ერთი კვირის წინ “ერთა თასზე” ქართველთა მუდმივი მეტოქე რუმინეთი 33:6 დაამარცხა და მაშინვე ცხადი შეიქმნა, რომ ეს გუნდი ხელწამოსაკრავი სულაც არ იყო. რუმინეთთან მატჩისგან განსხვავებით, იტალიელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა და ისიც იმიტომ, რომ შერკინების მეორეხაზელმა ანტონიო პავანელომ ეროვნულ გუნდში აინაცვლა და სამხრეთ აფრიკასთან მატჩისათვის მარქაფაში მოხვდა. A ნაკრებში მისი ადგილი “როვიგოს” მოთამაშე ტომასო რეატომ დაიკავა, რომელსაც საკლუბო დონეზე ევროთასებზე ჩატარებული შეხვედრების პარალელურად, ეროვნული გუნდის მაისური 9 თამაშში აქვს მორგებული. ერთი კვირის წინ ის მოედანზე შეცვლაზე შევიდა, ახლა კი მოედანზე პირველივე წუთებიდან ჩაერთო.
იტალიელთა მთავარი მწვრთნელი ჯანლუკა გუიდი, იგივე შემადგენლობით თამაშს იმით ხსნიდა, რომ რუმინეთთან კარგი თამაშის შემდეგ, საკუთარი შეგირდების შესაძლებლობების ხილვა უფრო ძლიერ საქართველოსთან სურდა.
“რუმინეთთან ბრწყინვალედ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ამ ბიჭებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩინების შანსი კიდევ ერთხელ მივეცი. ახლა მათ წინანდელზე ძლიერ მეტოქესთან მოუწევთ თამაში. პიაჩენცაში რუმინეთთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გარკვეული მომენტების გაუმჯობესება მსურს. მაღალი დონის მოწინააღმდეგე გვეყოლება, რომლის სიძლიერეც არგენტინის A ნაკრების ძლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენ მათ აგრესიულ და ორგანიზაბულ თამაშს დავუპირისპირებთ” - თქვა მატჩამდე “სკუადრა აძურას” დამრიგებელმა.
აგრესია და ორგანიზებული თამაში არც საქართველოს ნაკრებს აკლდა, მაგრამ პირველსავე წუთებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ იტალიელები დერეფანში უკეთ თამაშობდნენ და მხოლოდ საწყის 40 წუთში მათ 4-5 “ბორჯღალოსანთა” დერეფანი მოიგეს. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრები მასპინძლებს ჯანში და შერკინებაში სჯობდა.
ლეინის შეგირდებმა შეხვედრა მძლავრად დაიწყეს და მალე ანგარიში გახსნეს. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში მოგებულ აუტს მოლის აგორება მოჰყვა, მისი ჩაქცევის შემდეგ კი, ბიძინა სამხარაძემ რაქიდან თავადვე აიტაცა ბურთი და ლელო გაიტანა, მერაბ კვირიკაშვილმა კი რთული გარდასახვა ზუსტად შეასრულა და “ბორჯღალოსნები” 7:0 დაწინაურდნენ. იტალიელები ქართველთა ზურგსუკან ფეხით ხშირად კიდებდნენ ბურთს და სტუმართა შეცდომის იმედად იყვნენ, მაგრამ კვირიკაშვილი უშეცდომოდ ირჯებოდა და თამაში ფეხითვე მეტოქის ნახევარზე გადაჰქონდა.
ამ პერიოდში და ზოგადად მთელს შეხვედრაში, დერეფანის გარდა ლამის უმოქმედოდ იყო უკანა ხაზი, რომელიც ბურთის გაშლას და შეტევის ხელით წამოწყებას ვერ ახერხებდა, რაც ლაშა მალაღურაძის არაზუსტი გადაწყვეტილებების დამსახურება იყო. მასპინძლები უფრო ხშირად კი აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ ჩათვლის მოედნის ხაზის გადაკვეთა ვერ შეძლეს. მალაღურაძემ მეტოქეს რაქიდან არ მისცა ბურთის გატანის საშუალება, დაჯარიმდა, თუმცა იტალიელებმა დაახლოებით 12 მეტრიდან გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენეს. შესვენებამდე ჯარიმით ანგარიშის გაზრდის საშუალება კვირიკაშვილსაც ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით 30 მეტრიდან მანაც არაზუსტად დაარტყა და ტაიმი ქართველთა 7-ქულიანი უპირატესობით დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა იძალეს და პირველსავე წუთებზე ლამის ლელო გაიტანეს. დასარტყმელი ჯარიმა მათ აუტში გაიტანეს, იქიდან მოწოდების შემდეგ ლამის ხაზი გაჭრეს და რამდენიმე კარგი ფაზაც მიაბეს, თუმცა ქართველთა დაცვამ გაძლო და იტალიელებს ხაზის გადაკვეთის საშუალება არ მისცა, ბოლოს კი “ბორჯღალოსნები” დაჯარიმდნენ და 46-ე წუთზე მასპინძლებმა ახლო მანძილიდან სხვაობა შეამცირეს - 3:7. მთლიანობაში, მეორე ნახევარში “სკუადრა აძურას” მწვრთნელის ტაქტიკამ გაამართლა. ახლა იტალიელები ფეხით კი აღარ კიდებდნენ ბურთს, ხელით თამაშობდნენ და ქართველებსაც მეტოქის მიძალების შეჩერება სულ უფრო უჭირდათ. ტაიმის შუაში “ბორჯღალოსანთა” სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, რადგანაც ირლანდიელმა რეფერიმ რატი ურუშაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა და 10 წუთით გაასინბინა. მასპინძლებმა გასატანი ჯარიმა კარში დაარტყეს, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და მოედნაში დაბრუნდა, თუმცა, საბოლოოდ კაცმეტობით იტალიელებმა მაინც ისარგებლეს და მომდევნო შეტევისას ალამთან ლელო გაიტანეს, რასაც არაზუსტი რეალიზაცია მოჰყვა - 8:7.
ამის შემდეგ ქართველი მორაგბეები ისე ათამაშდნენ, როგორც უნდა ეთამაშეთ. იგრძნეს რა მარცხის საფრთხე, ისინი შეტევაზე გადავიდნენ და 68-ე წუთზე მასპინძლებმა ალექსანდრე თოდუას გარღვევა ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს, კვირიკაშვილს “ბორჯღალოსანთა” დაწინაურების შანსი მიეცა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. დაახლოებით 5 წუთში “მეკოს” ანალოგიური შანსი კიდევ ერთხელ მიეცა, მაგრამ ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა. დარჩენილმა დრომ იტალიელთა 22-ში განვლო, რასაც შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 5 წუთში მასპინძელთა მორაგბის სინბინი მოჰყვა. სამწუხაროდ, ქართველებმა რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს, კვირიკაშვილმა აცილებული ჯარიმების გამოსწორება მეტოქის ხაზის გაჭრით სცადა, მაგრამ ის ბურთიანად გვერდით ხაზს იქით გადაიყვენეს და “ბორჯღალოსნებმა” იტალიელებთან მინიმალური სხვაობით მარცხი იწვნიეს.
არგენტინისა და იტალიის A ნაკრებებთან შეხვედრებმა ნათელი გახადეს, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს ტიმ ლეინმა. უპირველესად, ეს მეორე ტაიმში გუნდის გამართულ თამაშში და დისციპლინაში უნდა აისახოს - ორ შეხვედრაში სამი სინბინი ძალიან ბევრია და თუკი არგენტინელებთან პირველ ტაიმში მოპოვებული ფორა საბოლოო გამარჯვებისათვის საკმარისი აღმოჩნდა, იტალიასთან მსგავსი რამ აღარ განმეორდა. ღმერთმა ნუ ჰქმნას იგივე რამ თებერვალ-მარტში, ოფიციალურ შეხვედრებშიც მოხდეს...

20 ნოემბერი. იტალია. პალმანოვა (უდინე)
იტალია A - საქართველო 8:7 (0:7)
იტალია A:
15. პაოლო ბუსო (“რომა”, 1 კეპი), 14. ტომასო ბენვენუტი (“ბენეტონ ტრევიზო”), 13. რობერტო კუარტაროლი (“პარმა”, 3), 12. ანდრეა პრატიჩეტი (“როვიგო”), 11. მიჩელ სეპე (“ვიადანა”, 2), 10. რიკარდო ბოჩინო (“როვიგო”), 9. ფაბიო სემენზატო (“ბენეტონ ტრევიზო”); 1. მიჩელ რიზო (“ბენეტონ ტრევიზო”, 2), 2. დავიდე ჯიაზონი (“პარმა”), 3. ლორენცო ჩიტადინი (“ბენეტონ ტრევიზო”, 1), 4. ტომასო რეატო (“როვიგო”, 9) 5. ვალერიო ბერნაბო (“რომა”, 13), 6. ფრანცისკო მინტო (“პარმა”), 7. პაულო დერბუშირი (“პადოვა”, 1), 8. მანოა ვოსავაი (“პარმა”, 5).
სათადარიგოები: 16. ტომასო დაპისე (“რომა”), 17. მასიმილიანო რავალე (“როვიგო”), 18. პლინიო სკიამანა (“ვიადანა”), 19. მანტვიდას ტვერაგა (“პარმა”), 20. აგუსტინ კავალიერი (“პადოვა”), 21. ედუარდო გორი (“კავალიერი პრადო”), 22. ენრიკო პატრიციო (“პადოვა”, 4).
სინბინი: სემენზატო (24)
მწვრთნელი: ჯანლუკა გუიდი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 14. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი), 12. რევაზ გიგაური (“სენაკი”, საფრანგეთი), 11. ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, საქართველო), 10. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი), 9. ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), 2. ირაკლი ნატრიაშვილი (“ფარულ კონსტანცა” რუმინეთი), 3.     დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), 4. ილია ზედგინიძე (“კარკერენ იერი”, საფრანგეთი), 5. გიორგი ნემსაძე (“მასი”, საფრანგეთი), 6. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 7. რატი ურუშაძე (“ენისეი-სტმ”, რუსეთი), 8. დიმიტრი ბასილაია (“ლე ბუგი”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: დავით დადუნაშვილი (“პერიგო”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ყოჩები”, საქართველო), ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი), ლაშა თავართქილაძე (“ფარულ-კონსტანცა”, რუმინეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“ლელო”, საქართველო), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, საქართველო), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, საქართველო).
ლელო: სამხარაძე
გარდასახვა: კვირიკაშვილი
სინბინი: ურუშაძე
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
ფიზ.მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამო
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080675