რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრები, ჩრდილოამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრაში, კუნძულ ვიქტორიაზე, კანადის ჩემპიონ British Columbia-ს დაუპირისპირდა და 16:38 დამარცხდა.
“ერთა თასზე” და მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ქართველთა ერთ-ერთმა მეტოქემ, განსაკუთრებით ცუდად პირველ ტაიმში ითამაშა და საწყისი 40 წუთი 3:19 დათმო. მეორე 40-წუთეულში, ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე შერკინების პირველხაზელმა, კარლო მაღლაკელიძემ ლელო გაიტანა, მის მაგალითს რუსეთის ნაკრების დებიუტანტმა, ანდრეი პოროშინმაც მიბაძა, მაგრამ რუსებმა მასპინძლების მიძალების შეჩერება მაინც ვერ მოახერხეს და მარცხი თავიდან ვერ აიცილეს. აღსანიშნავია, რომ მაღლაკელიძეს რუსული პასპორტი ახლახანს მისცეს, ნაკრებში პირველად მიმდინარე წლის ივნისში, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, IRB-ს “ერთა თასზე” ათამაშეს, ახალი სამშობლოს სახელით კი მან პირველი ქულები ახლაღა მოიპოვა.
რუსეთის ნაკრები კანადაში მომავალ მატჩს 28 ნოემბერს გამართავს და კანადის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება, მასში მარცხის შემთხვევაში კი, მსოფლიოს რაგბის საბჭოს რეიტინგში საქართველოს ეროვნული გუნდის ქვევით დაეშვება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია