ამბები

18:17 | 29.11.2009 | ნანახია 3127 - ჯერ

“ლელომ”, გასაორებლად, წაგებული შემოაბრუნა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის “ლელომ” ქვეყნის თასის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც მეთერთმეტედ გაიმართა, დედაქალაქურ დერბში “ლოკომოტივს” ლამის წაგებული შეხვედრა შემოუტრიალა, მინიმალური სხვაობით იმარჯვა და დუბლი შეასრულა.
ბოლო წლებში ქართული რაგბის ფლაგმანი გუნდების დაპირისპირება მართლაც რომ კარგი საყურებელი გამოდგა. დაძაბული, თავდადებული, სწრაფი თამაშის ცქერით, ტრიბუნებზე შეკრებილმა 1 000-მდე გულშემატკივარმა მართლაც რომ ისიამოვნა, მისი დასასრული კი სულ მთლად კულმინაციად იქცა, როდესაც “ლელომ” დრამატულ ბრძოლაში გამარჯვება იზეიმა და შარშან მოპოვებული თასი შეინარჩუნა.
ქვეყნის თასის 6-გზის მფლობელ “ლოკომოტივს”, რომელმაც გასულ წელს მოპოვებული ჩემპიონობა სწორედ “ლელოსთან” დათმო, წლევანდელი სეზონის უტიტულოდ დასრულება არ სურდა, ლევან მაისაშვილის შეგირდებს კი წლევანდელი მოგებათა სერიის გაგრძელება, დუბლის შესრულება და შარშან მოპოვებული თასის შენარჩუნება უნდოდა. გუნდები ლამის ოპტიმალური შემადგენლობით გავიდნენ მოედანზე და პირველსავე წუთებიდან სწრაფი და შედეგიანი თამაში გაჩაღდა. “ლელოს” პირველი მიძალება, რომელიც სწრაფი, ფლანგების ცვლით ვითარდებოდა, “ლოკომოტივმა” ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა და უკვე მე-3 წუთზე 22-მეტრა ხაზიდან ირაკლი ყიასაშვილმა ანგარიში გახსნა. დაიწყო ცენტრიდან თამაში და ახლა უკვე “ლოკომოტივი” მიეძალა მეტოქეს, როლები შეიცვალა და “ლელო” დაჯარიმდა, ბობა კვინიხიძემ კი მე-5 წუთზე 20 მეტრიდან შესრულებული ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. კვინიხიძეს ერთ წუთში საკუთარი გუნდის დაწინაურებაც შეეძლო, რადგან ცენტრიდან შეყვანილმა ბურთმა გვერდითი ხაზი ისე დატოვა, რომ არავის და არაფერს შეხებია, “ლოკომოტივმა” საკუთარი შერკინება მოიგო და მეტოქეს დაჯარიმება აიძულა, მაგრამ 45 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა არაზუსტი გამოდგა.
სამაგიეროდ, კვინიხიძემ მიზანი გაისწორა და ლამის იმავე პოზიციიდან ათ წუთში “ლოკომოტივი” მაინც დააწინაურა. ამის შემდეგ უპირატესობას “ლელო” დაეუფლა და ლამის 15 წუთი მეტოქის ნახევარზე გაატარა. ახლა მათ გაიტანეს ჯარიმები აუტში და მოლით სცადეს მიზნის მიღწევა, გიგა კორკელიამ ერთ ეპიზოდში ლამის მიზანსაც უწია, მაგრამ მისი გარღვევა ბოლო მომენტში შეაჩერეს. 25-ე წუთზე ჩემპიონმა ლელო მაინც გაიტანა, როდესაც მოლიდან გამოტანილი ბურთი ლაშა ხმალაძემ გრძელი გადაცემით სანდრო თოდუას გადაწოდა და მანაც ფლანგზე გაინავარდა, ყიასაშვილმა კი ზუსტად გარდასახა - 10:6.
პირველი ტაიმის დასკვნითმა პერიოდმა უკვე “ლოკომოტივის” იერიშებში ჩაიარა. რაქიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ, მათ მარჯვნივ ჩაათამაშეს ბურთი, გიორგი კობერიძემ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და მეტოქემ შებოჭა, არადა ფლანგზე ორი ლოკომოტიველი თავისუფალი იყო და წესით, ეს შეტევა შედეგიანად უნდა დასრულებულიყო. სამაგიეროდ, თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა მომდევნო შეტევისას იხეირეს. ამჯერად, მათ შეტევის მიმართულება შეცვალეს და ბექა წიკლაურმა ორ მეტოქესთან ჭიდილში “ლელოს” ჩათვლის მოედანში შეაღწია, კვინიხიძემ კი ზუსტად გარდასახა. კვინიხიძემ 36-ე წუთზე, დაახლოებით, 40 მეტრიდან ერთი შედეგიანი ჯარიმაც დაჰკრა, შესვენებამდე კი, მან და ყიასაშვილმა გასატანი ჯარიმები ააცილეს და პირველი ნახევარი “ლოკომოტივმა” 16:10 მოიგო.
მე-2 ნახევარი ლოკომოტიველთათვის კიდევ უკეთ დაიწყო. მათ ჯარიმებით უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდეს - ორჯერვე კვინიხიძემ იხეირა და თითქოს თასის მფლობელიც მისი გუნდი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მოხდა ის, რაც გასულ სეზონში “ლოკომოტივს” არაერთხელ დაემართა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის ავსტრალიურ ფლეი ოფში, “ლელომ” მეტოქე სწორედ დასკვნით 20-30 წუთში გატეხა, ხოლო მცირე ფინალში “ბათუმი XV”-მა სწორედ დასკვნით 20 წუთში მოახერხა “ლოკომოტივისთვის” ფინალისკენ მავალი გზის გადაღობვა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თემურ ბენდიაშვილის შეგირდები, დაღლილობისა თუ სხვა მიზეზის გამო, დროის ამ მონაკვეთს ლამის ყველა შეხვედრაში აგდებენ და მწვრთნელს ამ კომპონენტზე სამუშაო აქვს. ოღონდ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ კონკრეტულად ამ მატჩში “ლელო” არ დანებდა და უდიდესი თავდადების ხარჯზე, თავისთვის სასურველ შედეგს მიაღწია.
მატჩის საუკეთესო წყვილად უთუოდ ხმალაძე-თოდუას დუეტი უნდა დასახელდეს, რადგან მათმა კომბინაციამ 53-ე წუთზე “ლელოს” შემართება გაათმაგა - ლაშა ხმალაძემ ფეხით ბურთი მარცხენა ფლანგზე, ლამის ლელოს ხაზთან გადაკიდა, მას მიწაზე დაცემა სანდრო თოდუამ არ აცალა და მეტოქის ჩათვლის მოედანში შევარდა, ირაკლი ყიასაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა - 17:22. “ლოკომოტივის” თამაში სულ მთლად აირია, კვინიხიძეს ჯარიმებიდან აუტებში დარტყმისას ბურთი ეჭრებოდა და მანძილს ვერ იგებდა, უშუალოდ თამაშიდან კი ისე ურტყამდა, რომ ის აუტში არ გადიოდა და “ლელოს” სწრაფი კონტრშეტევის საშუალება ეძლეოდა, “ლოკომოტივს” კი ამოსუნთქვის შესაძლებლობა ესპობოდა. ამას ბენდიაშვილის შეგირდების მხრიდან დაჯარიმებაც დაერთო და ყიასაშვილმა, ჯერ 58-ე წუთზე, დაახლოებით, 30 მეტრიდან, 67-ე წუთზე კი, თითქმის იმავე მანძილიდან ზუსტად დაჰკრა და “ლელო” 23:22 დაწინაურდა.
“ლოკომოტივმა” უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და შეტევაზე გადავიდა. აშკარა იყო, რომ მათ კარის წინ ჯარიმის გამომუშავება სურდათ, რათა კვინიხიძეს გამარჯვებისა გაეტანა, მაგრამ “ლელომ” დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა, ბოლოს მეტოქეს ბურთი აართვა, აუტში გადაიტანა და გამარჯვება იზეიმა. დუბლის შემსრულებელს თასი ვეტერანმა მორაგბე ირაკლი კიზირიამ გადასცა და ქართული რაგბის 50-წლიანი იუბილეს დამაგვირგვინებელი მატჩიც “ლელოს” ზეიმით დასრულდა.

თბილისი. “მიხეილ მესხი” (1 000)
ლელო - ლოკომოტივი 23:22 (10:16)
ლელო:
15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. გიგა კორკელია, 12. უჩა მჭედლიშვილი, 11. ზურაბ ზაალიშვილი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ჭინჭარაული (გიორგი კაჭარავა 31); 1. ირაკლი მირცხულავა, 2. ირაკლი ჭყონია, 3. მიხეილ სუჯაშვილი, 4. ლაშა აზალაძე, 5. ზურაბ სირბილაძე, 6. ილია მაისურაძე (კაპიტანი), 7. ბექა სარდანაშვილი, 8. ვიტო კოლელიშვილი.
2 ლელო: ალექსანდრე თოდუა
2 გარდასახვა: ირაკლი ყიასაშვილი
3 ჯარიმა: ირაკლი ყიასაშვილი
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
ლოკომოტივი: 15. ბექა წიკლაური, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. გიორგი კობერიძე, 12. რატი ხუციშვილი (ქავთარაძე 74), 11. ვახტანგ კავთიძე, 10. ბობა კვინიხიძე, 9. ირაკლი ღვინჯილია; 1. ზერო პეტრიაშვილი, 2. ლევან გენებაშვილი, 3. გიორგი ნაცარაშვილი, 4. ბაჩუკი გუჯარაიძე, 5. ლადო გუნიავა (ნიშნიანიძე 65), 6. გივი ბერიშვილი, 7. დავით ჩიტიძე, 8. ზვიად მაისურაძე (კაპიტანი).
ლელო: ბექა წიკლაური
გარდასახვა: ბობა კვინიხიძე
5 ჯარიმა: ბობა კვინიხიძე
მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი

ზურა ქსოვრელი




 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081587