ამბები

10:49 | 30.11.2009 | ნანახია 2246 - ჯერ

ევროპის ჩემპიონმა სამხრეთნახევარსფეროს გამარჯვებულს სძლია

გასულ უქმეებზე გასამართი ტესტ-მატჩებიდან ყველაზე დიდი ინტერესს “სამი ერის” გამარჯვებული სამხრეთ აფრიკისა და “ექვსი ერის” გამარჯვებული ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება იწვევდა. მიმომხილველები შეხვედრას სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროების უძლიერეს გუნდთა დაპირისპირებადაც ნათლავდნენ და ამ კუთხით, ირლანდიამ ევროპული რაგბის პრესტიჟი სრულად დაიცვა.
პრინციპში, ასეთი მიდგომა ალბათ მაინც უადგილო იყო, რადგანაც აფრიკელებმა ევროტურნეზე აქამდე გამართულ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ გასულ კვირაში იტლიის დამარცხება მოახერხა, ინგლისურ კლუბებთან მარცხს კი საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან წაგებაც დაურთო და ცხადი იყო, რომ გუნდს რაღაც აკლდა. ეს რაღაც, ალბათ, სწორედ ევროპულ გუნდებთან, კერძოდ კი “ექვსი ერის” ბობოლებთან სათანადო დონეზე თამაშის უცოდინრობაა და ამ ჯერზე ირლანდიელებმა, რომელთაც აგერ უკვე ზედიზედ 11 წაუგებელი შეხვედრა დაუგროვდათ, მეტოქე მეორე ტაიმში გატეხეს. პირველ ნახევარში “შპრინბოკმა” ბურგერის ლელოთი და შტეინის გარდასახვა-არეკნით, თავი ათ ქულას მოუყარა, ირლანდიელებმა მათ მხოლოდ სექსტონის 2 ჯარიმით უპასუხეს და საწყისი 40 წუთი სამხრეთელებმა 10:6 მოიგეს. აი მე-2 ნახევარში ევროპელები უკეთ გაისარჯნენ, მეტოქეს თამაშის წესის დარღვევები აიძულეს, სექსტონმა მონაგარს კიდევ 3 ჯარიმა შეჰმატა და ირლანდიამ 15:10 იმარჯვა.
როგორც იქნა 13-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა იტალიამ, რომელსაც 2008 წლის ივნისიდან ვერ მოეგო, ახლა კი სამოას ნაკრებს 24:6 სძლია. წინა კვირაში სამხრეთ აფრიკასთან 10:32 წაგებული მატჩის ძირითად შემადგენლობაში, იტალიელებმა 6 ცვლილება განახორციელეს და შესვენებისათვის უკვე 14:6-ს იგებდნენ, მე-2 ტაიმში კი ევროპელებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა, მეტოქეს ქულა არ ააღებინეს და გამარჯვებაც დამსახურებულად მიითვალეს. მთლიანობაში, იტალიამ 2 ლელო, ერთი გარდასახვა, 3 ჯარიმა და ერთიც არეკნი გაიტანა, სამოამ კი მხოლოდ 2 ჯარიმით უპასუხა.
გასულ შაბათს ავსტრალიის დამარცხებით გამოწვეული სიხარული, შოტლანდიისთვის მოკლევადიანი გამოდგა, რადგანაც არგენტინასთან ბოლო წუთებზე გაშვებული არეკნით დამარცხდა. “მირეფილდზე” პირველ ტაიმში საინტერესო თითქმის არაფერი მოხმდარა. შოტლანდია უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ “პუმების” დაცვა გაუვალი იყო. ისინი ხშირ შემთხვევაში თამაშის წესსაც არღვევდნენ და ფილ გოდმენმა 2 გასატანი ჯარიმა გააფუჭა, მაგრამ სხვა ორის გამოყენება მოახერხა და ტაიმი სქოთებმა 6:0 მოიგეს. არგენტინამ მეორე ტაიმშიღა შეძლო მეტოქის ნახევარზე გადასვლა და მისმა წინა ხაზმა 16 ფაზიანი შეტევა აწარმოა. მოწყენილობა ნათან ჰინის გადაწყვეტილებამ დაარღვია, ვინაც ლუკას ბურგესი ამოატრიალა და თავით დაარჭო, თავად სინბინი დაიმსახურა, როდრიგესმა კი ჯარიმით (მეორედ დაარტყა) სხვაობა შეამცირა. ცოტა ხანში როდრიგესმა ახლო ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა და ევროპელები გააცხარა, მაგრამ მათ კრის კუსიტერის 50-მეტრიან გარღვევას მხარი ვერ აუბეს, შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი, როდრიგესმა არეკნი დაჰკრა და ყველას დაანახა, რომ წინა შაბათს ავსტრალიის ძლევა, შოტლანდიის რაგბის აღორძინების დასაწყისი კი არა, უფრო შემთხვევითობა იყო - 9:6 არგენტინის სასარგებლოდ.
ახალმა ზელანდიამ მარსელში, “ველოდრომზე”, საფრანგეთის ნაკრები შთამბეჭდავ სტილში 39:12 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ოლ ბლექსი” 2009 წელს IRB-ს რეიტინგის პირველ საფეხურზე დაასრულებს. ზელანდიელებმა აჩვენეს, რომ გაშლილი, ხელდახელ რაგბის თამაში არ მომკვდარა  და საშემსრულებლო ოსტატობით ფრანგებს 5 ლელო გაუტანეს. ფრანგებმა შერკინების უპირატესობა, რითაც სამხრეთ აფრიკას სძლიეს, ვერ გამოიყენეს, რადგან ზელანდიელები სწრაფად და გაშლილად თამაშობდნენ. საფრანგეთი ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ მალე სტივენ სივივატუმ ვინსენ კლერკისა და დამიან ტრაილერს შორის ჩაიქროლა, მათი შებოჭვის მცდელობა არად ჩააგდო და ლელო გაიტანა. საფრანგეთი ორი ჯარიმით ისევ დაწინაურდა (9:7), მაგრამ ცოტა ხნით. სტუმართა მეორე ლელო პირველზე უფრო ლამაზი გამოდგა, რადგან სივივატუმ საკუთარი 22-დან წაიღო ბურთი და დიდი მანძილი დაფარა, მერე კი მილს მულიანინა მოძებნა. ტაიმი ზელანდიამ 22:12 მოიგო. მეორე ნახევრის დასაწისში ფრანგებმა 2 ჯარიმა ააცილეს და ცხადი გახდა, რომ ეს საღამო მათი არ იყო, “ოლ ბლექსმა” კი ბოლომდე გაილაღა და ფრანგებს დაუმტკიცა, რომ მსოფლიო თასზე (ეს გუნდები ერთ ჯგუფში არიან) წარმატების მისაღწევად, მათ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ.
ზელანდიელთა მსგავსად გაილაღა ავსტრალიამ, ოღონდ მათ “მილენიუმზე” უელსი იმსხვერპლეს - 33:12. “კენგურუებმა” მასპინძლები კლასის ხარჯზე დაჯაბნეს და 4 ლელო გაუტანეს, რასაც ჟიტომ, ვინაც წინა მატჩისგან განსხვავებით ახლა მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა, 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა შემატა, რაზეც მასპინძლებმა მთლიანობაში 4 ჯარიმით უპასუხეს.
ახლა “ერთა თასსა” და მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ქართველთა მეტოქეებზაც ვთქვათ. რუსეთის ნაკრებმა კანადაში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან პირველი ტაიმი 6:6 დაასრულა - მასპინძელთა ორ ჯარიმას იური კუშნარიოვმა ასევე 2 ჯარიმით უპასუხა. მასპინძლებმა მე-2 ტაიმში საქმეს სრული სერიოზულობით მოკიდეს ხელი, “დათვებს” ქულა აღარ ააღებინეს, თავად 2 ჯარიმა, ერთი არეკნი, თითო-თითო ლელო-გარდასახვა გაიტანეს და 22:6 მოიგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორშაბათის რეიტინგში რუსეთის ნაკრები “ბორჯღალოსანთა” ქვევით უნდა დაეშვეს.
მე-2 ტაიმები დათმეს რუმინეთმა და პორტუგალიამაც. რუმინელები ფიჯის დაუხვდნენ და პირველი ტაიმი 11:7 მოიგეს, მაგრამ მე-2 ნახევარში ვეღარ გაძლეს და 18:29 დამარცხდნენ. პრინციპში, 76-ე წუთისთვის ფიჯელები 29:11 იგებდნენ და მასპინძლებს საპასუხო ლელო ამის მერეღა გაატანინეს. პორტუგალიამ ტონგას პირველი ტაიმი 19:8 მოუგო, მაგრამ მე-2 ნახევარში ქულის აღებაც კი ვერ მოახერხა და საბოლოოდ 19:24 წააგო. პორტუგალიელთაგან ლელო გონსალო უვამ გაიტანა, პედრო კაბრალმა კი, გარდასახვა და 2-2 ჯარიმა-არეკნი მიაყოლა. ტონგამ 2 ლელო, გარდასახვა და 4 ჯარიმა გაიტანა.
ზურა ქსოვრელი



 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080663