ამბები

23:53 | 4.12.2009 | ნანახია 1920 - ჯერ

7-კაცაში სამხრეთელები ყოჩობენ

2009/2010 წლების 7-კაცას მსოფლიო სერიას მარათონი დუბაიში დაიწყო და იმის გამო, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ის 2016 წლიდან ოლიმპიური თამაშების სიაში შეიყვანა, მის მიმართ ყურადღება ერთი-ორად გაიზარდა.
7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიები ყოველწლიურად, 8 ეტაპად იმართება. წინა წლების მსგავსად, 2 ეტაპი - დუბაის და ჯორჯის (სამხრეთ აფრიკა) წლეულსვე გაიმართება, 6 ეტაპი კი 2010 წლის გაზაფხულზე შედგება და მათი შედეგების შეჯამებით გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდება. ძლიერი სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები მსოფლიო სერიებში პირდაპირ დაიშვებიან, მეორე ეშელონის გუნდები კი შესარჩევ ეტაპებზე ნაჩვენები შედეგისმიხედვით, თითოეულ ეტაპზე გუნდების რაოდენობას 16-მდე, ანაც 24-მდე ავსებენ. საქართველოს ნაკრებმა გასულ ეტაპზე 4 სერიაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ახლა ევროპის ჩემპიონატზე წინანდებურად ვეღარ იყოჩაღა და მხოლოდ 2 ეტაპს ითამაშებს, ოღონდ წელს არა.
გასული სერიის გამარჯვებულმა სამხრეთ აფრიკამ, ტიტულის დაცვა წარმატებული თამაშით დაიწყო, თამაშის ხარისხს ნელ-ნელა აუმჯობესებდა და თასის 1/4-ფინალში დაუმარცხებლად გავიდა. უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით 7-კაცაში სამხრეთ ნახევარსფერის წარმომადგენლები უფრო წარმატებით თამაშობენ და 7 მათგანი თასისთვის ბრძოლას აგრძელებს, მარაქაში კი ევროპიდან მხოლოდ ინგლისი გაერია. საგულისხმოა, რომ ყველაზე დაძაბული B ჯგუფის მატჩები გამოდგა და ორივე დასკვნითი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ადგილების გადანაწილებისას კი საკუთარი როლი გატანილ-გაშვებულმა ქულებმა ითამაშა.
A ჯგუფის შეხვედრები სამხრეთ აფრიკამ მძმედ დაიწყო და უელსს 28:14, სუსტ არაბეთს კი 36:7 სძლია, მაგრამ ავსტრალიასთან საკუთარი ძალა სრულად წარმოაჩინა, მეტოქეს 5 უპასუხო ლელო გაუტანა და საკუთარი უპირატესობა დაამტკიცა. ავსტრალიის ახალგაზრდულმა გუნდმა საწყისი ორი მატჩი კი მოიგო, მაგრამ უელსთან ძლიერ გაუჭირდა - 14:7, ხოლო უელსის ასევე ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა, საკუთარი შესაძლებლობა არაბეთის 50:0 განადგურებისას წარმოაჩინა.
B ჯგუფს ლიდერებმა სამოამ და ფიჯიმ, საწყისი შეხვედრები უპრობლემოდ მოიგეს, ბოლოს კი ერთურთს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მატჩი ფრედ 12:12 დაასრულეს, მაგრამ სამოელებმა მეტოქეს უკეთესი სხვაობის წყალობით აჯობეს. დაძაბული, საინტერესო და ლამაზი გამოდგა ამ ჯგუფის აუტსაიდერ შოტლანდიისა და ზიმბაბვეს დაპირისპირებაც და ისიც ფრედ (17:17) დასრულდა. ამ გუნდებს შორის გატანილ-გაშვებულ ქულათა უკეთესი ბალანსი ზიმბაბვეს აღმოაჩნდა და სინის 1/4-ფინალში შედარებით იოლი მეტოქე ირგუნა.
ინგლისელთა მომავლმა თაობამ, დუბაიში საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა, 7-კაცაში ძლიერ მოთამაშედ მიჩნეული კენია დღის დასკვნით მატჩში დაამარცხა და ერთადერთ ევროპულ გუნდად იქცა, ვინაც თასისთვის ბრძოლას შემორჩა. კენიასა და აშშ-ს ჯახი ნამდვილ თრილერს დაემსგავსა, მაგრამ “არწივთა” ლიდერ ნიკ ედვარდსის გატანილი 4 ლელო ამაო გამოდგა და აფრიკელებმა საბოლოოდ 31:26 იმარჯვეს, ძალაგამოცლილი ჩრდილოამერიკელები კი დღის ბოლო შეხვედრაში რუსეთთან 12:14 დამარცხდნენ, არადა, მატჩის მოგება შეეძლოთ, თუმცა, ევროპის ჩემპიონებმა ბოლოს იძალეს და იგორ გელინოვსკიმ გამარჯვების ლელო გაიტანა.
D ჯგუფში პირველი ადგილისთვის გამართული გადამწყვეტი მატჩის გმირი შერვინ სტაუერსი გახდა, ვინაც არგენტინელებს 4 ლელო გაუტანა და ახალ ზელანდიას ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარა. მანმადე მათ ევროპელები - ფრანგები და პორტუგალიელები დაიბრიყვეს, ამ უკანასკნელთა ჯახში კი პორტუგალიელებმა იმძლავრეს.
მთლიანობაში, პირველი სათამაშო დღის შემდეგ, ყველაზე მეტი ქულა - 105 ახალმა ზელანდიამ აიღო და მეტოქეებსაც ჯამში ყველაზე მეტი ლელო (17) გაუტანა. ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის ანგარიშზე 15-15 ლელოა, სამოასა და ფიჯის კი 14-14 დაუგროვდათ. ყველაზე მეტი - 133 ქულა არაბეთმა მიიღო, მანვე სამ მატჩში მხოლოდ 14 ქულა დააგროვა და 19 ქულის ამარა დარჩენილ რუსეთს მხოლოდ ერთი ლელოს სხვაობით ჩამორჩა. ინდივიდუალურ მაჩვენებლებში 7 ლელოთი ახალზელანდიელი შერვინ სტაუერსი ლიდერობს, 5-5 ლელო მიითვალეს არგენტინელმა ნიკოლას ბრუზონმა და ამერიკელმა ნიკ ედვარდსმა. მთლიანობაში 35-35 ქულა დააგროვეს ზელანდიელმა შერვინ სტაუერსმა და ინგლისელმა ბენ გოლინსმა, ოღონდ პირველმა მხოლოდ ლელოები იტანა, მეორემ კი მონაგარის შესავსებად გარდასახვებიც გამოიყენა, ხოლო ფიჯელი უილიამ რიდერის ანგარიშზე 33 ქულაა.

A ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - უელსი 28:14
ავსტრალია - არაბეთი 47:7
სამხრეთ აფრიკა - არაბეთი 36:7
ავსტრალია - უელსი 14:7
უელსი - არაბეთი 50:0
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 29:0

1. სამხრეთ აფრიკა    3    3    0    0    93:21    9
2. ავსტრალია    3    2    0    1    61:43    7
3. უელსი    3    1    0    2    71:42    5
4. არაბეთი    3    0    0    3    14:133    3


B ჯგუფი
ფიჯი - შოტლანდია 47:12
სამოა - ზიმბაბვე 40:5
ფიჯი - ზიმბაბვე 31:14
სამოა - შოტლანდია 36:7
შოტლანდია - ზიმბაბვე 17:17
ფიჯი - სამოა 12:12

1. სამოა    3    2    1    0    88:24    8
2. ფიჯი    3    2    1    0    90:38    8
3. ზიმბაბვე    3    0    1    2    36:88    4
4. შოტლანდია    3    0    1    2    36:100    4   

C ჯგუფი
ინგლისი - აშშ 40:12
კენია - რუსეთი 26:5
ინგლისი - რუსეთი 28:0
კენია - აშშ 31:26
აშშ - რუსეთი 12:14
ინგლისი - კენია 27:10

1. ინგლისი    3    3    0    0    95:22    9
2. კენია    3    2    0    1    67:58    7
3. რუსეთი    3    1    0    2    19:66    5
4. აშშ    3    0    0    3    50:85    3

D ჯგუფი
ახალი ზელანდია - პორტუგალია 34:0
არგენტინა - საფრანგეთი 22:12
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 33:10
არგენტინა - პორტუგალია 40:7
პორტუგალია - საფრანგეთი 24:14
ახალი ზელანდია - არგენტინა 38:10

1. ახალი ზელანდია    3    3    0    0    105:20    9
2. არგენტინა    3    2    0    1    72:57    7
3. პორტუგალია    3    1    0    2    31:88    5
4. საფრანგეთი    3    0    0    3    36:79    3

5 დეკემბერი
სინის 1/4-ფინალი
უელსი - შოტლანდია
პორტუგალია - აშშ
რუსეთი - საფრანგეთი
ზიმბაბვე - არაბეთი
თასის 1/4-ფინალი
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი
ახალი ზელანდია - კენია
ინგლისი - არგენტინა
სამოა - ავსტრალია

ზურა ქსოვრელი































 
 
     
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084845