ამბები

10:52 | 6.12.2009 | ნანახია 2005 - ჯერ

დუბაიში ზელანდიამ იპირველა

ახალი ზელანდიის 7-კაცა ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიო სერიის თასი გასულ წელს სამხრეთ აფრიკას გადაულოცა, ტიტულის დაბრუნებისათვის ბრძოლა, დუბაის ეტაპის მოგებით დაიწყო.
ლამაზ და დაძაბულ ფინალურ ბრძოლაში, ზელანდიელებმა, 40000 მაყურებლის თვალწინ, სამოას ნაკრებს 24:12 სძლიეს, მანამდე კი, ნახევარფინალში მათ, შესაბამისად, ფიჯის და ინგლისს აჯობეს. “ოლ ბლექსმა” ფიჯის აგრესიული თამაში დაუპირისპირეს და 19:0 იმარჯვეს, სამოელები კი, თასისთვის ბრძოლაში მოხვედრილ ერთადერთ ევროპელ წარმომადგენელთან მალევე დაწინაურდნენ და შემდგომში, მეტოქეს გადასწრების საშუალება აღარ მისცეს.
გასული სერიის გამარჯვებულმა სამხრეთ აფრიკამ, ჯგუფური ეტაპი უპრობლემოდ კი გადალახა, მაგრამ ფლეი ოფის პირველსავე სტადიაზე ფიჯისთან დამარცხდა და ისღა მოახერხა, რომ კენიის გავლით, მე-5 ადგილს ავსტრალიას შეეცილა. ავსტრალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისათვის შური იძიეს და მეტოქეს 7:0 სძლიეს.
ინდივიდუალურ მაჩვენებლებში, ყველაზე მეტი ქულა (49) სამოელმა ლოლო ლუიმ დააგროვა, მას 3 ქულით ჩამორჩა ინგლისელი ბენ გოლინსი, ავსტრალიელმა კლინტონ სილსმა და ახალზელანდიელმა შერვინ სტოუერსმა კი 45-45 ქულას მოუყარეს თავი. აღსანიშნავია, რომ ამ ორმა უკანასკნელმა, საკუთარი მონაგარი სრულად ლელოების ხარჯზე დააგროვეს და 9-9 ლელოთი, საუკეთესო მელელოვეებში პირველი-მეორე ადგილები გაიყვეს, რუსი ვასილ არტიომოვისა და სამოელი მიკაელ პესამინოს ანგარიშზე კი 8-8 ლელოა.
7-კაცა რაგბის ოლიმპიურ თამაშებში ჩართვის შემდეგ, სპორტის ამ სახეობის პოპულარობა და მისი განვითარებისთვის ზრუნვა კიდევ უფრო გამძაფრდა. აქამდეც ასე იყო და ახლაც ასეა - ორწლიან ციკლში მსოფლიო სერიის 8 ეტაპი იმართება: ორი წლის მიწურულს, 6 კი მომდევნო წელს და გამარჯვებულიც მათი შედეგების ჯამით ვლინდება. თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით, გუნდებს ქულები ერიცხებით და ვინც 8 ეტაპის შემდეგ ყველაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, მსოფლიო სერიის მოგებულიც სწორედ ისაა, ასე რომ, შესაძლოა, რომელიმე გუნდმა ვერცერთი კონკრეტული ეტაპი ვერ მოიგოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, პირველი ადგილი მაინც მას ერგოს.
დუბაის ეტაპის შემდეგ, გამარჯვებულმა ახალმა ზელანდიამ 24 ქულა მიიღო, მეორეადგილოსანმა სამოამ 20, თასის ნახევარფინალში დამარცხებულ ინგლისსა და ფიჯის 16-16 ქულა ერგოთ, მე-5 ადგილოსან ავსტრალიას 12, მასთან დამარცხებულ სამხრეთ აფრიკას 8, მე-7-მე-8 ადგილებზე გასულ არგენტინასა და კენიას აქტივში 6-6 ქულა ჩაეწერათ, მე-9 ადგილოსან უელესს კი 4. ქვედა ადგილებზე გასული გუნდები უქულოდ არიან და საკუთარი აქტივის შევსებას სხვა ეტაპებზე ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ორ ეტაპზე საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს, ოღონდ ეს, უკვე მომავალ წელს მოხდება, 2009 წელს კი, მსოფლიო სერიის მომდევნო ეტაპი ერთი კვირის თავზე, სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ ჯორჯიში შედგება.   

5 დეკემბერი
სინის 1/4-ფინალი (IX-XVI ადგილები)
უელსი - შოტლანდია 19:12
პორტუგალია - აშშ 0:5
რუსეთი - საფრანგეთი 21:22
ზიმბაბვე - არაბეთის ყურე 28:19
თასის 1/4-ფინალი (I-VIII ადგილები)
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 5:17
ახალი ზელანდია - კენია 17:14
ინგლისი - არგენტინა 17:12
სამოა - ავსტრალია 28:27
ფიალის ნახევარფინალი
(XIII-XVI ადგილები)
შოტლანდია - პორტუგალია 5:29
რუსეთი - არაბეთის ყურე 26:12
სინის ნახევარფინალი.
(IX-XII ადგილები)
უელსი - აშშ 33:12
საფრანგეთი - ზიმბაბვე 14:27
ფარის ნახევარფინალი.
(V-VIII ადგილები)
სამხრეთ აფრიკა - კენია 19:14
არგენტინა - ავსტრალია 12:26
თასის ნახევარფინალი.
(I-IV ადგილები)
ფიჯი - ახალი ზელანდია 0:19
ინგლისი - სამოა 19:28
ფიალის ფინალი
(XIII-XIV ადგილები)
პორტუგალია - რუსეთი 14:17
სინის ფინალი (IX-X ადგილები)
უელსი - ზიმბაბვე 38:7
ფარის ფინალი (V-VI ადგილები)
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 0:7
თასის ფინალი (I-II ადგილები)
ახალი ზელანდია - სამოა 24:12


ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096052