ამბები

15:18 | 6.12.2009 | ნანახია 2328 - ჯერ

ჰაბანამ “ოლ ბლექსი” დაარბია

სამხრეთაფრიკელი ფლანგელის, ბრაიან ჰაბანას ჰეთ თრიკმა, ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 2009 წლის მარცხით დასრულება განაპირობა, რადგანაც სწორედ უსწრაფესი მორაგბის გარჯის შედეგად, “ბარბაროსებმა” (მსოფლიოს ნაკრები) წლის ბოლო მნიშვნელოვან სანაკრებო ჯახში “ოლ ბლექსს” 25:18 სძლიეს.
თვიქნემში გამართულ შეხვედრას 63 554 მაყურებელი დაესწრო და კმაყოფილი დარჩა, რადგანაც შეხვედრამ მათი იმედი სრულად გაამართლა და გაშლილი, სანახაობრივი ბრძოლის მომსწრე გახდნენ. ზელანდიელებმაც გაშლილი, ხელდახელ, მაყურებელზე ორიენტირებული რაგბი ითამაშეს, შედეგად კი, ევროპულ ტურნეზე პირველი მარცხი იწვნიეს, თუმცა, მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფი გუნდისათვის ეს მარცხი დიდი ვერაფერი სირცხვილია. “შავების” მხრიდან, ლელოები ბენ სმიტმა და ენტონი ბორიკმა გაიტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ბუნებრივია, ჰაბანა აღიარეს, მის შემდეგ კი, ყველაზე მეტად თავი ავსტრალიელმა მეტ ჟიტომ გამოიჩინა, ვინაც “ბარბაროსებს” 7 ქულა შესძინა და გარდა ამისა, თანაგუნდელთა შეტევებსაც მუდამ უნარიანად უძღვებოდა. სამხრეთაფრიკელმა პირველი ლელო დრიუ მიჩელის გარღვევის შედეგად გაიტანა. მიჩელმა კარგად აუღო ალღო სიტუაციას, კორი ფლინს შეტევაში აართვა ბურთი, რადგანაც მისმა დამხმარეებმა დაიგვიანეს, დაახლოებით, 30 მეტრით წინ წაიწია და ჰაბანას პირველი ლელო გაატანინა. “ბარბაროსებმა” ტაიმი 14:10 მოიგეს, მე-2 ნახევარში კი, ზელანდია მეტოქეს მაგრად მიეძალა, მაგრამ ჰაბანას რიგით მე-3 გარღვევამ ზელანდიელთა იმედი დაასამარა, ხოლო საკუთარ გუნდს ლამაზი გამარჯვება მოუტანა.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082801