ამბები

10:34 | 7.12.2009 | ნანახია 2102 - ჯერ

შველიძემ ზირაქაშვილი ლიდერებთან არ მიუშვა

გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანმა”, საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მე-15 ტურში, დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” 20:15 სძლია და ამით, მესამე ადგილი დააკარგვინა.
უძლიერესთა შორის დასარჩენად მებრძოლმა “მონტობანმა” სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. “კლერმონის” საქმე მთლად კარგად რომ ვერაა, ეს მისი ბოლო შეხვედრებიდან ჩანს. მართალია, ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია (2 წაგება და 2 ფრე) გასულ ტურში “ბურგონის” განადგურებით შეწყვიტა, მაგრამ აგერ კიდევ დამარცხდა, Top14-ის უკანასკნელ 8 შეხვედრაში 2-2 მოგებისა და ფრის წილ უკვე 4 წაგება დაუგროვდა, ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე გუნდისათვის კი ეს მართლაც რომ ნამეტანია.
“მონტობანის” წინააღმდეგ დავით ზირაქაშვილი სრულად გაისარჯა, მასპინძელთა რიგებში კი გოდერძი შველიძე მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, ხოლო ბექა შეყლაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. სტუმრებმა პირველ ტაიმში ერთი ჯარიმა გაიტანეს და წინ გაიჭრნენ, მაგრამ მალე ჯარიმა თავად მიიღეს, მერე კი მასპინძლებმა ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და ტაიმი “მონტობანმა” 10:3 მოიგო. მე-2 ნახევრის დასაწყისში “კლერმონმა” კვლავ ჯარიმით იხეირა, მაგრამ მასპინძელთაგან მძლავრი პასუხი მიიღო (ლელო და გარდასახვა) და სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა - 17:6. 70-ე წუთამდე სტუმრებმა კიდევ 2 ჯარიმით ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანეს და მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. თუმცა, “მონტობანმა” 74-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. შეხვედრის დასრულებამდე კლერმონელთა მიერ გატანილმა ჯარიმამ კი, მათ (შვიდ ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისათვის) ქულა შესძინა. ამრიგად, “მონტობანმა” ამ გამარჯვების შედეგად 30 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილამდე აღზევდა, “კლერმონი” კი 42 ქულით მე-4 ადგილამდე დაეშვა. ეს იმიტომ, რომ ტურის დასკვნით მატჩში, Top 14-ში წლეულს აღზევებულმა “მეტრო რასინგმა”, შინ, დავით ქუბრიაშვილის “ტულონი” 28:15 დაამარცხა და მე-3 ადგილზე თავად ასკუპდა. მასპიძელთა მსგავსად საფლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად მებრძოლ სტუმართათვის, შეხვედრის პირველი ნახევარი ურიგო სულაც არ იყო. მასპინძელთა ოთხ ჯარიმას, ჯონ უილკინსონმაც 4 ჯარიმით უპასუხა და შესვენებაზე გასვლისას ანგარიში საყაიმო იყო - 12:12, მაგრამ მე-2 ტაიმში მასპინძელთა ერთ ჯარიმას, ორ არეკნს და  თითო-თითო ლელო-რეალიზაციას, სტუმრებმა მხოლოდ ერთი ჯარიმითღა უპასუხეს და დამარცხდნენ. ქუბრიაშვილი საკუთარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს, “ტულონი” კი, 38 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბურგონთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში, მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა გათამაშების ლიდერი, აქვსენტი გიორგაძის “კასტრი”. “ბურგონმა” ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია სწორედ “კასტრთან” შეწყვიტა და მას 16:9 აჯობა. გიორგაძე საკუთარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 49 წუთი დაჰყო. მასპინძლებისათვის დებიუტი იდეალური აღმოჩნდა და მე-3 წუთზე გატანილ არეკნს, ექვს წუთში ლელო და გარდასახვა მიაყოლა. “კასტრმა” 2 ჯარიმით შეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ შესვენებამდე ერთი თავადაც გაუშვა და ტაიმი 6:13 დათმო. მე-2 ტაიმში გუნდებმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს და “ბურგონმა” გამარჯვება მიითვალა, “კასტრი” კი 47 ქულით ჯერ კიდევ პირველ ადგილზეა, ოღონდ 45 ქულით მე-2 ადგილზე მყოფ ქვეყნის ჩემპიონ “პერპინიანს” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მე-15 ტურში “პერპინიანმა” გიორგი ჩხაიძისა და მამუკა გორგოძის “მონპელიეს” უმასპინძლა და 29:3 დაამარცხა, მაგრამ ქართველებს ამ მარცხში მონაწილეობა არ მიუღიათ - ისინი განაცხადშიც არ იყვნენ. აღსანიშნავია, რომ “პერპინიანმა”, ასეთი სხვაობის მიუხედავად, პრემიალური ქულისათვის საჭირო ლელოთა რაოდენობა ვერ დააგროვა.
ლიდერთა ჯგუფში მყოფი “ტულუზა” 27:21 დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა”, თანაც ისე, რომ მათ საქმე ლამის პირველსავე ნახევარში მოუმთავრა. მე-7 წუთისათვის “ბრივს” უკვე 2 ლელო ჰქონდა გატანილი, რომელთაგან ერთი რეალიზაცია გამოიყენა, შესვენებამდე კი ესტებანესმა ორი არეკნიც გაიტანა და მასპინძლებმა ტაიმი 18:6 მოიგეს. მე-2 ტაიმის საწყისი 10 წუთი მასპინძელთათვის ლამის დამღუპველი აღმოჩნდა, რადგანაც ახლა უკვე სტუმრებმა მოახერხეს 2 ლელოსა და ერთი რეალიზაციის გამოყენება და ანგარიში გათანაბრდა - 18:18. აქ საქმეში ისევ ესტებანესი ჩაერთო, რომელმაც თანაგუნდელთა ჯარიმას შეხვედრაში თავისი მე-3 არეკნი შემატა და “ბრივი” 6 ქულით დაწინაურდა, დარჩენილ დროში კი, სტუმარ-მასპინძელმა ჯარიმები გაცვალეს. ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა, “ბრივს” კი 33 ქულა მოუგროვდა და მე-9 ადგილზე იმყოფება.
საფრანგეთის პასპორტის მქონე დიმიტრი იაშვილის სამმა ჯარიმამ ვერ უშველა მის “ბიარიცს”, რომელიც უპირობო აუტსაიდერ “ალბისთან” 9:20 დამარცხდა, ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში კი “სტად ფრანსემ” “ბაიონს” 34:10 სძლია.
ახლა 30 დეკემბრამდე Top 14-ში შესვენებაა, რადგანაც ევროტურნირების – “ჰეინეკენისა” და “ჩელენჯ ქაფ”-ის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრების ჩატარების დრო დადგა და ქართველ ლეგიონერთა ფრანგული კლუბებიც ევროასპარეზზე გადაერთვებიან.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092566