ამბები

18:19 | 7.12.2009 | ნანახია 2217 - ჯერ

"ჰეინეკენის თასის" ფინალის ბილეთები სარეკორდო ვადებში გაიყიდა

რაგბიში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, "ჰეინეკენის თასის" ფინალამდე ჯერ კიდევ ექვსი თვე რჩება, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტადიონზე ანშლაგი იქნება.
"სტად ფრანსეზე" 2010 წლის 22 მაისს გასამართი ფინალისთვის, წინასწარ გაყიდვაში გასული 54 000-ივე ბილეთი გაიყიდა.
სტადიონი სულ 80 000 მაყურებელს იტევს, ორგანიზატორებმა კი 15-15 ათასი ბილეთი იმ გუნდების გულშემატკივართათვის გადაინახეს, რომლებიც მთავარი პრიზისათვის იბრძოლებენ.
უნდა ითქვას, რომ "ჰეინეკენის თასზე", ჯერ ჯგუფური ეტაპის მხოლოდ 2-2 ტურია გამართული და მესამე ტური მხოლოდ ამ უქმეებზე შედგება.
"სიხარულით უნდა გაცნობოთ, რომ 54 000 ბილეთი, რომელიც წინასწარ გაყიდვაში გავიდა, უკვე მფლობელის ხელშია და ეს ფინალამდე 6 თვით ადრე ხდება. "ჰეინეკენის თასზე" მე-15 ფინალი ტარდება. აქამდე, ასე ადრე, ასეთი რაოდენობის ბილეთი ჯერ არ გაყიდულა, რაც ტურნირისადმი ინტერესის ზრდაზე თვალნათლივ მეტყველებს" - განაცხადა რაგბის საკლუბო ტურნირების საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დერეკ მაკგრეტმა.
"ჰეინეკენის თასის" უკანასკნელ ოთხ ფინალზე, რომელთაც ორჯერ "მილენიუმმა", თითო-თითოჯერ კი "თვიქნემმა" და "მირეფილდმა" უმასპინძლა, ტრიბუნები პირთამდე იყო სავსე, თუმცა, 2001 წლის შემდეგ, საფრანგეთის დედაქალაქში უპირველესი საკლუბო ტურნირის ფინალი პირველად იმართება და როგორც ჩანს, პარიზელებს მისი ცოცხლად ყურება ძლიერ მოენატრათ.
"ჰეინეკენის თასზე" ქართველ ლეგიონერთა ფრანგული გუნდები - დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივი" თამაშობენ. ამავე თასისათვის იბრძვის ფრანგული პასპორტისა და ქართული ფესვების მქონე დიმიტრი იაშვილის "ბიარიციც".




 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07813