ამბები

2:33 | 10.12.2009 | ნანახია 2885 - ჯერ

“ერთა თასის” პირველ დივიზიონში მონაწილეთა რაოდენობა უცვლელი დარჩა

პარიზში გამართული ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის (FIRA-AER) გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, “ერთა თასის” პირველ დივიზიონში, სადაც საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს, ძველებურად ექვსი გუნდი დარჩება. აგრეთვე ექვსი ნაკრები ისპარეზებს მეორე დივიზიონშიც, სადაც აქამდე ხუთი გუნდი ირიცხებოდა.
აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გეორგი ჯანგირიანმა გაახმაურა, რომელიც საფრანგეთში ასამბლეის გარდა, ევროპის რაგბის ფედერაციების შეხვედრასაც ესწრებოდა. ცნობისთვის, პირველი დივიზიონის გაფართოების შესახებ ხმები ასევე უკრაინულმა მხარემ გაავრცელა, ახლა კი, დაზუსტებული ინფორმაციაც სააშკარაოზე გამოიტანა.
“მოგეხსენებათ, უკრაინის გუნდმა “ერთა თასის” მეორე დივიზიონი ვადაზე ადრე მოიგო და ელიტაში ასპარეზობის უფლება მიიღო, სადაც მონაწილეთა რაოდენობა უცვლელი დარჩება.
პირველი დივიზიონიდან დაქვეითებული გერმანია ინიციატივით გამოვიდა, რომ პირველი დივიზიონის საგზურისთვის მათ და ჩვენს ნაკრებებს საფლეიფო მატჩი ეთამაშათ. სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე, ეს გაუგონარი შემოთავაზება გახლდათ. ასეთი რამ უკრაინის ფედერაციას რომ გაებედა, ალბათ, გიჟებად ჩაგვთვლიდნენ.
საბედნიეროდ, FIRA-AER-მა ეს აბსურდული წინადადება არ მიიღო, თუმცა კი, რამდენიმე ქვეყანამ გერმანელთა მხარე დაიჭირა.
მოკლედ, პირველ დივიზიონში ექვსი ნაკრები რჩება და იქ, გერმანიას უკრაინა შეცვლის, მეორე დონეზე კი ხუთ გუნდს კიდევ ერთი მონაწილე დაემატება.
გაირკვა მსოფლიოს 2011 წლის თასის სარეპეშაჟო მატჩების განრიგიც. ტურნირის ბოლო საგზურისთვის 8 მაისს ლიტვას ვეთამაშებით, გამარჯვების შემთხვევაში კი, მაისის ბოლოს კიევში, სავარაუდოდ, რუმინეთს გავეჯიბრებით, ხოლო ივნისის დასაწყისში მათ სტუმრად ვეწვევით.
შვიდკაცა რაგბში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მასპინძლობის უფლება შეინარჩუნა ოდესამ. ჩვენთან ტურნირი მაისის მიწურულს გაიმართება, ფინალური რაუნდი კი მოსკოვში, 10-12 ივლისს შედგება”.  

 

დათო მანჯავიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082427