ამბები

9:42 | 14.12.2009 | ნანახია 2844 - ჯერ

გორგოძემ ესპანელები "ჩელენჯ ქაფზეც" დაიფრინა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა გორგოძემ, ესპანელები არც საკლუბო დონეზე დაინდო და “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში “მადრიდს” ლელო გაუტანა, მისმა “მონპელიემ” კი 57:24 იმარჯვა და ფლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ეროვნული ნაკრებების თამაშებისას, თბილისსა თუ მადრიდში, გორგოძე ესპანელთა წინააღმდეგ მუდამ გამორჩეული მოთამაშეა და მათთან ლელოების გატანა არასდროს უჭირს, ახლა კი ეს ტრადიცია საკლუბო დონეზეც არ დაარღვია. მიმდინარე სეზონში, ქართველმა ლეგიონერმა საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ში სულ 10 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 9-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო და საერთო ჯამში, მოედანზე 702 წუთი გაატარა. რანგით მეორე (“ჰეინეკენის თასის” შემდეგ) ევროტურნირზე, მან 2 შეხვედრა გამართა და ორჯერვე “ძირითადში” იყო (ჯამში 146 წუთი), კლუბის მაისურით კი, მიმდინარე სეზონში ლელო პირველად გაიტანა.
გასული წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე ახლაც ძირითად შემადგენლობაში იყო, შერკინების მეორე ხაზში ითამაშა და ლელო 26-ე წუთზე დადო. გორგოძე 54-ე წუთზეც გამოირჩა, როდესაც მსაჯს ყვითელი ბარათი და სინბინი დასტყუა, 10-წუთიანი სასჯელის გასვლის შემდეგ კი, მწვრთნელმა მის ნაცვლად მოედანზე დემარკო შეუშვა.
ძირითად შემადგენლობაში იყო და შერკინების მესამე ხაზში (8 ნომრის პოზიციაზე) სრულად ითამაშა “მონპელიეს” კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ჩხაიძემ. სასიხარულოა, რომ მაჯის ნავისებური ძვლის მოტეხილობის შემდეგ, ჩხაიძე კლუბში ძირითად შემადგენლობას უბრუნდება.
თამაში თვალსასეირო სანახავი გამოდგა და ტრიბუნაზე შეკრიბილმა 6 832 მაყურებელმა ბლომად ლელოები იხილა. მე-2 წუთზე მასპინძელთა მიერ გატანილ არეკნს, სტუმრებმა მალევე ჯარიმით უპასუხეს, მერე კი “მონპელიემ” გაილაღა და პირველსავე ტაიმში 5 ლელო გაიტანა (გორგოძის ლელო მესამე იყო), რაზეც მადრიდელებმა საწყის 40 წუთში 2 ლელოთი უპასუხეს და ტაიმი 36:17 დასრულდა. ამრიგად, მოგების 4-თან ერთად, 4 და მეტი ლელოსათვის დაწესებული პრემიალური ქულა, ფრანგებმა პირველსავე ნახევარში მიითვალეს. მე-2 ტაიმში მეტოქე დაინდეს და მხოლოდ 3 ლელო გაუტანეს, “მადრიდმა” კი ერთხელ იხეირა და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა. შაბათს “მონპელიე” მადრიდს ეწვევა და თუ ამჯერადაც პრემიალური ქულით იმარჯვა, ფლეი ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაეზრდება.
III ჯგუფში 2 ქართველი ლეგიონერის ფრანგული კლუბი - აქვსენტი გიორგაძის “კასტრი” და დავით ქუბრიაშვილის “ტულონი” ერთად მოხვდა, თუმცა, საფრანგეთის ჩემპიონობისთვის თუ ფლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლი გუნდები “ჩელენჯ ქაფს” საკადრის ყურადღებას არ აქცევენ და ძირითადად, მეორე შემადგენლობებით თამაშობენ. მიუხედავად ამისა, “ტულონმა” იტალიურ “როვიგოს” შანსი არ დაუტოვა და 9 700 ერთგული გულშემატკივარი ლელოების ფოიერვერკით გაანებივრა. ფრანგებმა მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, აქედან 9 რეალიზაცია გამოიყენეს და მეტოქე 73:3 გაანადგურეს. ყველაზე მეტად ტულონელთა ფლანგელი უკანახაზელი Gაბრიელ ლოვობალავუ გამოირჩა, ვინაც იტალიელებს 4 ლელო გაუტანა. ქუბრიაშვილი თოპ 14-ში მუდმივად თამაშობს, ამ ჯერზე კი მწვრთნელმა მას დასვენების საშუალება მისცა და განაცხადშიც არ შეიყვანა. “ტულონს” სამივე შეხვედრა მოგებული აქვს, ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს და მომდევნო ტურში, 19 დეკემბერს “როვიგოს” განადგურებას უკვე სტუმრად ეცდება.
საკუთარი გუნდის განაცხადში არ იყო აქვსენტი გიორგაძეც, რომელსაც თოპ 14-ის არცერთი მატჩი გაუცდენია და მწვრთნელმა ამჯერად დასვენების საშუალება მისცა. მისმა “კასტრმა” ინგლისის ჩემპიონატში დაუმარცხებლად მოასპარეზე (“გინესის პრემიერლიგაში” 9 მოგება და 1 ფრე) “სარაცენს” უმასპინძლა და 9:23 დამარცხდა, არადა, პირველი ტაიმის შემდეგ 9:6-ს იგებდა, მე-60 წუთისთვის კი ანგარიში 9:9 იყო. დასკვნითი 20 წუთი სტუმრებმა აღმავლობით ჩაატარეს, 2 ლელო გაიტანეს, რეალიზაციები გამოიყენეს და სტადიონზე შეკრებილ 6 250 მაყურებელს გული დასწყვიტეს. “სარაცენი” “ტულონს” კვალში უდგას და გიორგაძის “კასტრს” 19 დეკემბერს ინგლისში დაუხვდება.
V ჯგუფში გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის “მონტობანმა”, “ჩელენჯ ქაფის” გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია. ნიუკასლში თამაშს 4 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო. “ფალკონსმა” მეტოქეს 17:6 სძლია. შეყლაშვილი გუნდის განაცხადში არ იყო, შველიძემ კი თამაში პირველი წუთებიდან დაიწყო და მწვრთნელმა ის 50-ე წუთზე შეცვალა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სტუმართა “უბედურება”. ფრანგებმა პირველ ტაიმში 2 არეკნი გაიტანეს, თავად მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუშვეს და შესვენებაზე გასვლისას 6:3-ს იგებდნენ. ქართველი პირველხაზელის შეცვლამდე მასპინძლებმა ჯარიმით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, მერე კი ლელოთი და 2 ჯარიმით გამარჯვებას მიაღწიეს და პირველ ადგილზე გამაგრდნენ. “მონტობანს” რევანშის შანსი 18 დეკემბერს ექნება, როდესაც “ნიუკასლს” საკუთარ მოედანზე დაუხვდება და ფლეი ოფში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად, უცილობლად გამარჯვება ესაჭიროება.
“ჩელენჯ ქაფი”.
ჯგუფური ეტაპი. III ტური
I ჯგუფი

ბუქარესტი - ლიდსი 6:10
პარმა - ბურგონი 14:9

1 ლიდსი 3 2 0 1 66-48 9
2 ბურგონი  3 2 0 1 59-52 9
3 ბუქარესტი 3 1 0 2 46-40 6
4 პარმა 3 1 0 2 36-67 4

მომდევნო ტური
ბურგონი - პარმა (17 დეკემბერი)
ლიდსი - ბუქარესტი (20 დეკემბერი)
II ჯგუფი
მონპელიე - მადრიდი 57:24
ვუსტერ ვარიორსი - კონახტი 21:26

1 კონახტი 3 3 0 0 94-46 13
2 მონპელიე 3 2 0 1 98-63 10
3 ვუსტერ ვარ. 3 1 0 2 76-53 7
4 მადრიდი 3 0 0 3 35-141 0

მომდევნო ტური
კონახტი - ვუსტერ ვარიორსი
(18 დეკემბერი)
მადრიდი - მონპელიე (19 დეკემბერი)
III ჯგუფი
კასტრი - სარაცენი 9:23
ტულონი - როვიგო 73:3
 

1 ტულონი 3 3 0 0 137-43 13
2 სარაცენი 3 2 0 1 82-52 9
3 კასტრი 3 1 0 2 102-67 5
4 როვიგო 3 0 0 3 26-185 0

მომდევნო ტური
როვიგო - ტულონი (19 დეკემბერი)
სარაცენი - კასტრი (19 დეკემბერი)
IV ჯგუფი
ლონდონ ვაპსი - ბაიონი 22:18
მეტრო რასინგი - რომა 62:0

1 ლონდონ ვაპსი 3 3 0 0 97-31 13
2 ბაიონი  3 2 0 1 99-41 10
3 მეტრო რასინგი 3 1 0 2 91-38 7
4 რომა  3 0 0 3 3-180 0

მომდევნო ტური
ბაიონი - ლონდონ ვაპსი (17 დეკემბერი)
რომა - მეტრო რასინგი (19 დეკემბერი)
V ჯგუფი
ნიუკასლ ფალკონსი - მონტობანი 17:6
პეტრარკა პადოვა - ალბი 16:35

1 . ნიუკასლი 3 3 0 0 91-36 14
2 მონტობანი 3 2 0 1 50-34 8
3 ალბი 3 1 0 2 45-78 5
4 პეტრ. პადოვა 3 0 0 3 53-91 1

მომდევნო ტური
მონტობანი - ნიუკასლ ფალკონსი
(18 დეკემბერი)
ალბი - პეტრარკა პადოვა
(19 დეკემბერი)

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075046