ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის, “ჰეინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის III ტურში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შერკინების პირველხაზელ დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, საკუთარ მარსელ მიჩელინის სახელობის სტადიონზე, 14 657 გულშემატკივრის თვალწინ, “ლესტერ ტაიგერსი” 40:30 დაამარცხა და III ჯგუფს უელსის “ოსპრეისთან” ერთად ლიდერობს.
ყინვასა და თოვლში გამართული ჯახის დასკვნითი 10 წუთი მეტად დაძაბული გამოდგა. თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ფრანგები მე-2 წუთზე ჯარიმით დაწინაურდნენ. მართალია, სტუმრებმა ჯარიმითვე წონასწორობა მე-6 წუთზე აღადგინეს, მაგრამ შემდეგ “კლერმონის” შერკინებამ იმძლავრა და ლაპანდრიმ ლელო გაიტანა. “ლესტერი” ფეხით ხშირად თამაშობდა და ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაჰქონდა, მაგრამ როდესაც ფრანგები მას მოიხელთებდნენ, მეტოქის ჩათვლის მოედანს მუდამ საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა მასპინძლებს დამაგვირგვინებელი ფაზა ყოველთვის არ უვარგოდათ.
მოედანზე არსებული სიტუაციის საწინააღმდეგოდ, სტუმრებმა ტაიმის შუაში ჯარიმის უფლება მოიპოვეს და ჩამორჩენა შეამცირეს. ამან მასპინძლები გაახელა და 25-ე წუთზე ნალაგამ ლელო გაიტანა, რასაც ჯეიმსის ზუსტი რეალიზაცია მოყვა. სტუმრებმა მასპინძელთა არცთუ სუფთა თამაშით კიდევ ერთხელ იხეირეს და ჯარიმით მონაგარს 3 ქულა შემატეს, მაგრამ “კლერმონმა” ჯერ არეკნით იხეირა, მერე კი, ზედ შესვენების სასტვენის წინ, ნალაგამ თავისი მეორე და გუნდის მესამე ლელო გაიტანა - 25:9.
ჯეიმსმა მეორე ტაიმის მე-5 წუთზე საკუთარი გუნდის უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, ფრანგებისთვის პრემიის მომტანი მე-4 ლელო კი სკოტ ჰემილტონის შეცდომის მოყვა, ვინაც ბურთი დაკარგა და მორგან პარამ ლელო გაიტანა, ჯეიმსმა კი “ვეფხვებისთვის” ჭრილობაზე მარილის მოსაყრელად გარდასახვაც გამოიყენა. “კლერმონმა” საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და დასკვნით 10 წუთში, 5 წუთის ინტერვალით, 3 ლელო მიიღო. 70-ე წუთზე ენტონი ალენმა ბურთი მარცხენა ალამთან დაამიწა და ვიდეოგანმეორებამ ლელოს გატანა დააფიქსირა, ორ წუთში კი “ლესტერმა” მეორე ლელოც გაიტანა, თავი ფლუდმა გამოიჩინა. მასპინძელთათვის საბედნიეროდ, კუდმორმა ინგლისელთა შეტევაზე გადართვით ისარგებლა და მასპინძელთა მე-5 ლელო გაიტანა, თორემ “კლერმონი” სტუმრებს შინ პრემიელური ქულით გაისტუმრებდა, რაც შესაძლოა, საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მიღებული ლელოდან რამდენიმე წამში, ტუკირის კარგი თამაშის შემდეგ, სტონტონმა 40 მეტრი ირბინა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ფლუდმა კი რეალიზაცია გამოიყენა. “ვეფხვებმა” პრემიისთვის გაიბრძოლეს, მაგრამ მასპინძლებმა გაძლეს, მეტოქეს ბურთი სუფთად აართვეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
ზირაქაშვილი საკუთარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სანამ ის ირჯებოდა, “კლერმონს” საქმე კარგად მისდიოდა. მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი 64-ე წუთზე შეცვალა და უკვე იცით, რომ დასკვნით 10 წუთში სტუმრებმა მასპინძლებს გვარიანი პრობლემები შეუქმნეს. ერთი კვირის თავზე “კლერმონი” ლესტერს ეწვევა და იქიდან მინიმუმ ქულის წამოღებას უნდა ეცადოს.
თასისთვის ბრძოლას პრაქტიკულად დაემშვიდობა დავით ხინჩაგიშვილის “ბრივი”, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა. ხინჩაგაშვილის გუნდმა 9 000 გულშემატკივარის თვალწინ “ლონდონ აირიშს” უმასპინძლა და 3:36 წააგო, რის შემდეგაც ნული ქულით ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. ლონდონელებმა საწყის 20 წუთში ორი ლელო გაიტანეს და ერთი რეალიზაცია გამოიყენეს, შესვენებამდე 3 წუთით ადრე კი ჯარიმიდან იხეირეს. “ბრივმა” ანგარიში მსაჯის მიერ პირველ ნახევარზე დამატებულ წუთებზე გატანილი ჯარიმით “დაასველა”, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა დამხვდურებს სამი ლელო უსახსოვრეს. ხინჩაგიშვილი განაცხადში იყო და მოედანზე 54-ე წუთზე გავიდა, მაგრამ თავისიანებს ვერ უშველა. მარცხით გაღიზიანებულმა ფრანგებმა, მატჩის ბოლოს ჩხუბი ატეხეს და მსაჯმა ერთ-ერთი “ბრიველი” გაასინბინა, ორივე გუნდის თითო-თითო მორაგბეს კი ყვითელი ბარათები უჩვენა. ერთი კვირის შემდეგ “ბრივი” ლონდონს ესტუმრება ძნელად დასაჯერებელია, რომ იქიდან ქულა მაინც წაიღოს.
ბრწყინვალე თამაშს განაგრძობს ქართული ფესვების მქონე საფრანგეთის მოქალაქე დიმიტრი იაშვილი და მისი “ბიარიცი”. II ჯგუფში ის დაუმარცხებლად ასპარეზობს, სამი მოგებისთვის მიღებულ 12 ქულას, ორი პრემიალურიც შემატა და ფლეი ოფში თამაში თითქმის განაღდებული აქვს, არადა, ერთი შეხედვით ამ ჯგუფში ყველაზე დიდი ბრძოლა უნდა გამართულიყო. III ტურში “ბიარიცმა” უელსის “ნიუპორტს” უმასპინძლა, პირველი ტაიმის შემდეგ 30:6 იგებდა, ჯამში კი 49:13 იმარჯვა, თანაც მეტოქეს 5 ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. თავისი წილი ლელო იაშვილმაც მიითვალა, რომელმაც თავი 31-ე წუთზე გამოიჩინა, გარდა ამისა, მან 4 გარდასახვა და 3 ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და შეხვედრაში ყველაზე მეტი, 22 ქულა დააგროვა. იაშვილს მეტის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ მწვრთნელმა ის 57-ე წუთზე შეცვალა და დასვენების საშუალება მისცა. 18 დეკემბერს “ბიარიცი” უელსს ეწვევა და თუ ამჯერზეც იმარჯვა, ჯგუფში პირველი ადგილი პრაქტიკულად განაღდებული ექნება.
I ჯგუფი
მანსტერი (ირლანდია) - პერპინიანი (საფრანგეთი) 24:23 (12:12)
ნორთჰემპტონი (ინგლისი) - ტრევიზო (იტალია) 30:18 (8:13)
1 | მანსტერი | 3 | 2 | 0 | 1 | 92-64 | 10 |
2 | ნორთჰემპტონი | 3 | 2 | 0 | 1 | 74-74 | 9 |
3 | პერპინიანი | 3 | 1 | 0 | 2 | 60-46 | 6 |
4 | ბენეტონი | 3 | 1 | 0 | 2 | 37-79 | 4 |
მომდევნო ტური
ტრევიზო - ნორთჰემპტონი (19 დეკემბერი)
პერპინიანი - მანსტერი (20 დეკემბერი)
II ჯგუფი
გლაზგო (შოტლანდია) - გლოსტერი (ინგლისი) 33:11 (27:11)
ბიარიცი (საფრანგეთი) - ნიუპორტი (უელსი) 49:13 (30:6)
1 | ბიარიცი | 3 | 3 | 0 | 0 | 113-46 | 14 |
2 | ნიუპორტი | 3 | 1 | 0 | 2 | 52-82 | 5 |
3 | გლაზგო | 3 | 1 | 0 | 2 | 65-55 | 5 |
4 | გლოსტერი | 3 | 1 | 0 | 2 | 45-92 | 4 |
მომდევნო ტური
ნიუპორტი - ბიარიცი (18 დეკემბერი)
გლოსტერი - გლაზგო (20 დეკემბერი)
III ჯგუფი
ვიადანა (იტალია) - ოსპრეი (უელსი) 7:62 (0:34)
კლერმონი (საფრანგეთი) - ლესტერი (ინგლისი) 40:30 (25:9)
1 | ოსპრეი | 3 | 2 | 1 | 0 | 119-63 | 11 |
2 | კლერმონი | 3 | 2 | 0 | 1 | 100-73 | 11 |
3 | ლესტერი | 3 | 1 | 1 | 1 | 108-83 | 8 |
4 | ვიადანა | 3 | 0 | 0 | 3 | 36-144 | 0 |
მომდევნო ტური
ოსპრეი - ვიადანა (19 დეკემბერი)
ლესტერი - კლერმონი (19 დეკემბერი)
IV ჯგუფი
ოლსტერი (ირლანდია) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 23:13 (13:6)
ბათი (ინგლისი) - ედინბურგი (შოტლანდია) 16:9 (13:9)
1 | სტად ფრანსე | 3 | 2 | 0 | 1 | 73-57 | 9 |
2 | ოლსტერი | 3 | 2 | 0 | 1 | 62-42 | 9 |
3 | ბათი | 3 | 1 | 0 | 2 | 55-64 | 5 |
4 | ედინბურგი | 3 | 1 | 0 | 2 | 33-60 | 5 |
მომდევნო ტური
ედინბურგი - ბათი (19 დეკემბერი)
სტად ფრანსე - ოლსტერი (19 დეკემბერი)
V ჯგუფი
კარდიფი (უელსი) - ტულუზა (საფრანგეთი) 15:9 (6:0)
ჰალიკვინსი (ინგლისი) - სეილ შარქსი (ინგლისი) 19:29 (12:24)
1 | ტულუზა | 3 | 2 | 0 | 1 | 68-51 | 10 |
2 | სეილ შარქსი | 3 | 2 | 0 | 1 | 73-81 | 9 |
3 | კარდიფი | 3 | 2 | 0 | 1 | 61-42 | 9 |
4 | ჰალიკვინსი | 3 | 0 | 0 | 3 | 44-72 | 1 |
მომდევნო ტური
ტულუზა - კარდიფი (19 დეკემბერი)
სეილ შარქსი - ჰალიკვინსი (20 დეკემბერი)
VI ჯგუფი
ბრივი (საფრანგეთი) - ლონდონ აირიში (ინგლისი) 3:36 (3:15)
სკარლეტი (უელსი) - ლინსტერი (ირლანდია) 7:32 (0:22)
1 | ლონდონ აირიში | 3 | 2 | 0 | 1 | 73-39 | 10 |
2 | ლინსტერი | 3 | 2 | 0 | 1 | 77-32 | 10 |
3 | სკარლეტი | 3 | 2 | 0 | 1 | 58-96 | 8 |
4 | ბრივი | 3 | 0 | 0 | 3 | 28-96 | 0 |
მომდევნო ტური
ლონდონ აირიში - ბრივი (19 დეკემბერი)
ლინსტერი - სკარლეტი (19 დეკემბერი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია