საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით, 16 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში მწვრთნელთა მომზადების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
თბილისური სარაგბო კლუბების მწვრთნელთათვის განკუთვნილი პროგრამის პრეზენტაციას ჩაატარებს საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების კომიტეტთან არსებული რეგიონალურ მენეჯერთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს სრკ-ს მიერ მოწვეული შოტლანდიელი კონსულტანტი რიჩი დიქსონი. იგი კურირებს ბავშვთა და მოზარდთა რაგბის განვითარების საკითხებს.
სრკ-ს განვითარების კომიტეტის მიერ შემუშავებულ მწვრთნელთა მომზადების ახალი პროგრამის ფარგლებში, მზადდება მეთოდურ სახელმძღვანელოთა სერია შესაბამისი DVD-ჩანაწერების დართვით, რომელიც ეძღვნება სამი ასაკობრივი კატეგორიის: 8-12, 13-15 და 16-18 წწ. მოთამაშეებთან მუშაობას, ამა თუ იმ ასაკობრივი კატეგორიის სპეციფიკის გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ დეკემბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში, მსგავსი პრეზენტაციები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია